
„დიდი ოცეულის" 21-ე სამიტამდე, რომელიც 2026 წლის 14-15 დეკემბერს ფლორიდაში გაიმართება, საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების ყურადღება ერთ მთავარ კითხვაზეა მიპყრობილი: გადაიქცევა თუ არა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ფორუმი უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართულ გეოპოლიტიკური მოლაპარაკებების მთავარ ასპარეზად.
დისკუსია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მადლიერების დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სამიტზე შესაძლო დასწრებასთან დაკავშირებით ღია პოზიცია დააფიქსირა.
„თუ მას მოსვლა სურს, რა თქმა უნდა, შეუძლია. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ვისურვებდი, რომ იყოს. პუტინი რომ „დიდი რვიანის" წევრად დარჩენილიყო, შესაძლოა, ახლა უკრაინაში ომი არ ყოფილიყო. პუტინი ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა, როდესაც ეს მოხდა. ობამას მისი გარიცხვა სურდა. ახლა „დიდი შვიდეული" გვაქვს და ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ რუსეთის შესახებ საუბარია", - განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა აუცილებელია, რადგან მისი მთავარი მიზანი „სისხლისღვრის შეჩერება" და უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევაა. ამავე დღეს, საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე ტრამპმა რუსეთს ევროპის ტერიტორიებზე სამხედრო აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რაც, მისი შეფასებით, კონფლიქტის სწრაფ დარეგულირებას შეუწყობს ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა რუსეთის პრეზიდენტს მიწვევა ჯერ კიდევ სექტემბერში გაუგზავნა, მოსკოვს საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საკითხი კვლავ ღიაა. თავად პუტინმა ნოემბერში თქვა, რომ ვიზიტის მიზანშეწონილობას ტრამოთან დამატებითი კონსულტაციებისა და რუსეთის შიდა ვითარების გათვალისწინებით განიხილავს. მიანიშნა, რომ ევროპელ ლიდერებთან არსებულმა უთანხმოებამ შესაძლოა სამიტის ძირითადი ეკონომიკური დღის წესრიგიდან ყურადღების გადატანა გამოიწვიოს.
- ვლადიმირ პუტინი: „საზღვარგარეთ ხშირი ვიზიტები ჩემთვის ყოველთვის მოსახერხებელი არ არის. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, დონალდს ძალიან ვემადლიერები ამ მოწვევისთვის".
„ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის G20-ის სამიტზე მიწვევისთვის. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში უნდა მივიღო ის, რაც ქვეყანაში ხდება. საზღვარგარეთ ხშირი ვიზიტები ჩემთვის ყოველთვის მოსახერხებელი არ არის. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, დონალდს ძალიან ვემადლიერები ამ მოწვევისთვის", - განაცხადა პუტინმა.
პუტინის შესაძლო ჩასვლას აშშ-ში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა როგორც ევროპელ მოკავშირეებში, ისე ამერიკის კონგრესში. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ მასპინძელ ქვეყანას მონაწილეთა მოწვევის სრული უფლება აქვს და დასძინა, რომ პუტინის სამიტზე დასწრების შემთხვევაში, მასთან პირდაპირ საუბარს თავს არ აარიდებს. ამასთან, ფუქრიბს, რომ თუ პუტინი სამიტს დაესწრება, მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის პრეზიდენტიც უნდა იყოს წარმოდგენილი. თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ სამიტზე უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლების ჩართვა აუცილებელია, თუმცა კიევს ოფიციალური მიწვევა ჯერ არ მიუღია. ევროპელი ლიდერების ნაწილი შიშობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის დასწრება უკრაინის საკითხის განხილვის გარეშე, მისი საერთაშორისო იზოლაციის გარღვევასა და ომის დანაშაულების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.
პარალელურად, თეთრი სახლის გადაწყვეტილებას მწვავე პროტესტი მოჰყვა კონგრესში. კანონმდებლები პუტინის მასპინძლობას მიუღებლად მიიჩნევენ როგორც უკრაინაში მიმდინარე ომის, ისე იმ სადაზვერვო ცნობების გამო, რომელთა მიხედვითაც რუსეთი ირანს აშშ-ის სამხედრო ძალებზე თავდასხმებში ეხმარება.
„გწერთ, რათა გამოვხატოთ სერიოზული შეშფოთება პუტინისადმი თქვენ მიერ მაიამიში მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილ G20-ის სამიტზე დასწრების მოწვევასთან დაკავშირებით და მოგიწოდოთ დაუყოვნებლივ გააუქმოთ ეს მოწვევა", - ვკითხულობთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 17 წევრის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ ორპარტიულ წერილში, რომელსაც ხეი მოაწერეს კონგრესმენებმა პეტ რაიანმა, გილ სისნეროსმა და დონ ბეიკონმა.
ოფიციალური ეკონომიკური დღის წესრიგი და მოლოდინები
გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, აშშ-ის G20-ის თავმჯდომარეობის ოფიციალური პლატფორმა ფორუმის ეკონომიკურ ფუნქციაზე დაბრუნებას ისახავს მიზნად. მაიამის სამიტის ოფიციალური პრიორიტეტები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
ეკონომიკური ზრდა და დერეგულაცია - ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება, ინვესტიციების წახალისება, გლობალური სავალო გამჭვირვალობის გაზრდა და ციფრული აქტივების უსაფრთხო რეგულირება;
ტექნოლოგიური ინოვაციები - ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების საერთო პრინციპებზე შეთანხმება, მიწოდების ჯაჭვების გამყარება და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
ენერგეტიკული სიუხვე - ბაზარზე ორიენტირებული ენერგოწარმოების გაზრდა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება და კრიტიკულ მინერალებზე წვდომის უზრუნველყოფა;
სამართლიანი ვაჭრობა - სატარიფო და არასატარიფო ბარიერების დაბალანსება და არასაბაზრო სავაჭრო პრაქტიკების წინააღმდეგ ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა.
ანალიტიკოსების შეფასებით, მაიამის სამიტი ორი პარალელური რეალობის წინაშე დგას. ერთი მხრივ, ფორუმს დაესწრებიან მსოფლიოს წამყვანი ლიდერები. მათ შორის, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა და ევროკავშირის ლიდერები, რაც აშშ-ჩინეთისა და გლობალური სავაჭრო ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. მეორე მხრივ, თუ ვლადიმერ პუტინი მაიამიში ჩასვლას გადაწყვეტს, სამიტის ეკონომიკური ნაწილი გადაინაცვლებს მეორე პლანზე. ასეთ შემთხვევაში, ფლორიდის შეხვედრა იქცევა კრიტიკულ დიპლომატიურ ტესტად, რომელმაც უნდა აჩვენოს, რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების დაბალანსებას და ევროპაში მიმდინარე ომის დასასრულებლად რეალური დიპლომატიური გარღვევის მიღწევას.