
უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორებს შავი ზღვის აკვატორიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებები გაუგზავნა და ახლა რუსეთის პასუხს ელოდება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის ზავისთვის და მადლობას უხდის ინდოეთს, თურქეთსა და ეგვიპტეს შუამავლობისა და შავ ზღვაში დეესკალაციის ხელშეწყობისთვის.
„ახლა რუსეთის პასუხს ველოდებით. ყველა ჩვენი წინადადება გადაცემულია“, - აღნიშნა მან.
ამავდროულად, სიბიგამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ყოველ ჯერზე ცდილობს დამატებითი პირობების წამოყენებას, როდესაც კიევი საკუთარ წინადადებებს აგზავნის. კერძოდ, მოსკოვი შეთანხმებაში ნავთობის ექსპორტის საკითხის ჩართვას ითხოვს.
„ნავთობი შეიძლება გახდეს უფრო ფართო ენერგეტიკული ზავის ელემენტი. დიახ, ჩვენ მზად ვართ ენერგეტიკული ზავისთვისაც, მაგრამ მაშინ ის ყველა ენერგეტიკულ კომპონენტთან ერთად უნდა განიხილებოდეს. რაც შეეხება შავ ზღვას, აქ ყურადღებას აგროპროდუქციაზე ვამახვილებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ქმედითი წინადადებები წამოვაყენეთ“, - განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.