რეზონანსი
28.11.2026

თურქული კომპანია FUGO Ground Services, რომელიც თვითმფრინავების სახმელეთო მომსახურებაზე სპეციალიზდება, 2026 წლის 30 ნოემბრიდან საქმიანობას სრულად შეწყვეტს. გადაწყვეტილების მიზეზი აშშ-ის მიერ კომპანიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და მათ შედეგად წარმოქმნილი საოპერაციო სირთულეებია.

კომპანია თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სექტორში შვიდი წლის განმავლობაში საქმიანობდა და ქვეყნის სხვადასხვა აეროპორტში ავიაკომპანიებს ემსახურებოდა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) FUGO სანქციების სიაში 2026 წლის 4 ნოემბერს შეიყვანა. ამის საფუძველი სანქცირებული ირანული ავიაკომპანიებისთვის მომსახურების გაწევა გახდა.

ამერიკული მხარის ინფორმაციით, თურქულ კომპანიას პირდაპირი მომსახურების ხელშეკრულებები ჰქონდა ექვს სანქცირებულ ირანულ ავიაკომპანიასთან - Iran Airtour, Saha Airlines, Sepehran Airlines, Varesh Airlines, Taban Airlines და ATA Airlines.

ზოგიერთ მათგანს თურქულმა კომპანიამ მომსახურება აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებიდან რამდენიმე კვირაში დაუწყო.

FUGO-ს ხელმძღვანელობა ამერიკულ სანქციებს უსამართლოდ და უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ კომპანია თურქეთის კანონმდებლობისა და საავიაციო რეგულაციების სრული დაცვით საქმიანობდა.

კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ყველა თანამშრომელი კანონით გათვალისწინებულ ანაზღაურებას სრულად მიიღებს. პარალელურად, სხვა საავიაციო კომპანიებთან თანამშრომლების დასაქმების შესაძლებლობებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რამდენი ადამიანი დარჩება სამუშაოს გარეშე, ჯერჯერობით უცნობია.

კომპანიას უკვე დაწყებული აქვს ავიაკომპანიებთან მოქმედი ხელშეკრულებების შეწყვეტა, ხოლო სტამბოლისა და ანტალიის აეროპორტებში სახმელეთო მომსახურების ტექნიკიდან FUGO-ს ლოგოებს ხსნიან.

ამავდროულად, თურქეთში ახალი სახმელეთო მომსახურების კომპანიის შექმნისთვის ემზადებიან, რომელიც ირანულ და, საჭიროების შემთხვევაში, რუსულ ავიაკომპანიებს მოემსახურება.

თურქეთისთვის ორივე მიმართულებით ავიამიმოსვლის შენარჩუნებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა აქვს. 2026 წლის ოქტომბერში სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული საერთაშორისო რეისების რაოდენობით პირველ ადგილზე ტეჰრანის იმამ ხომეინის აეროპორტი იყო 748 რეისით, ხოლო მეორე ადგილზე - მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი 678 რეისით.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს ახალი კომპანია საქმიანობას და რამდენად შეუფერხებლად გაგრძელდება ირანული და რუსული ავიაკომპანიების მომსახურება თურქეთის აეროპორტებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×