რეზონანსი
13.07.2022

დღეს ევროპარლამენტმა აღიარა, რომ ჩვენ ვიყავით მართლები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ამით ხუნდაძე გადაცემა „360 გრადუსში" გამოეხმაურა ევროკომისიის წარმომადგენლის მაიკლ რუპის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარადგენენ, რაც მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე.

ხუნდაძის თქმით, „ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა, ევროკომისიის მიერ დაწესებულ ექვსთვიან ვადას „ხაფანგი დაარქვეს" და ეს რეალურად ასეც იყო.

„ეს იყო გარკვეულწილად აღიარება. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არ იყო სტატუსის მოპოვებისთვის გაცემული დავალება და დროც იყო არარელევანტური. მოცემული იყო ექვსთვიანი ვადა და ჩვენ ამას ხაფანგი დავარქვით. ეს რეალურად ასე იყო. ევროკავშირის ისტორიას თუ გადახედავთ, ასეთი მოკლე ვადა არსად დაწესებულა. მაგალითად, მონტენეგროში, სერბეთში, განაცხადიდან ორ წელში მოხდა სტატუსის მინიჭება, შემდეგ, როგორც წესი 12-14 წელი ყველაზე უკეთეს შემთხვევაში არის ხოლმე სტატუსის მოპოვება.

ევროპარლამენტარებსაც ზოგჯერ წამოსცდებათ ხოლმე ისეთი რამ, რაც პროცესს ნათელს ჰფენს. ის, რომ ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება პრაქტიკულად არაფერს წარმოადგენს, თუ არაფერს წარმოადგენს, რატოა ასეთი შემცირებული ვადა? - იმიტომ რომ გამიზნული იყო რისთვის - შეიქმნა ემოცია, შემდეგ პიკი უნდა ყოფილიყო ემოციის დეკემბერში და ეს ემოცია იქნებოდა უარზე დაფუძნებული და რა თქმა უნდა, ამას მოჰყვებოდა რევოლუციური სცენარის ის განვითარება, რაც ბაკურიანში დაიგეგმა", - აღნიშნა ხუნდაძემ.

კითხვაზე, ვინ წერს ამ სცენარს, ხუნდაძემ უპასუხა: „ვინც მართავს ქუჩას, ვინც შეეცადა ქუჩის მართვას".

ხუნდაძის თქმით, ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი დღეს კიდევ „ხმამაღლა, ყელმოღერებული საუბრობდა", თუმცა ეს მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ იყოს „ეს სცენარი უკვე რეალიზებული იქნებოდა" , თუმცა „ეს სცენარი ჩავარდა".

ამასთან, ხუნდაძის თქმით, დარწმუნებულია, თუმცა „მტკიცებულება რთულია", რომ 308 ევროპარლამენტარიდან უდიდეს ნაწილს, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია „წაკითხულიც არ ჰქონდა".

ხუნდაძე განმარტავს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მიღებულია, როცა საკითხს კონკრეტული თემატური ჯგუფები იხილავენ და ეს „საქართველოს პარლამენტშიც ხდება".

ამასთან, ხუნდაძე ამბობს, რომ მათმა ქმედებებმა „პოზიტიური გავლენა" და „პრევენციული ეფექტი" იქონია.

წამყვანის კითხვაზე, „გინდათ თქვათ, რომ სამეულის მიერ გამოქვეყნებულმა წერილებმა იქონია გავლენა ექვსთვიანი ვადის გახანგრძლივებაზე?", ხუნდაძემ უპასუხა, რომ „ბუნებაში უკვალოდ არაფერი იკარგება".

„ასე მოხდა ახლაც და გარკვეული როლი, რა თქმა უნდა, ითამაშა",- დასძინა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ევროკომისიის წარმომადგენელმა მაიკლ რუპიმ ევროპარლამენტში განაცხადა, რომ ევროკომისია, როგორც ევროპულმა საბჭომ სთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარადგენს, რაც მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, რომ საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×