თეონა ვეშაგური
19.07.2022

„ოცნება" პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვაზე უარს ამბობს, ვინაიდან სესიის ჩატარება კიდევ უფრო გაამწვავებდა პოლიტიკურ პოლარიზაციას, რასაც მმართველი გუნდი თავს არიდებს, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

პარლამენტის რიგგარეშე სესია არ ჩატარდება, რადგან უმრავლესობა სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს; საჭირო კვორუმი ოპოზიციას არ აქვს.

„ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ჯერ საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტეს და თქვეს, რომ მმართველ გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას იმ პროცესში, რომლის მიზანიც პოლარიზაციის გაღრმავება და ევროპული რეკომენდაციების საბოტაჟია.

მოგვიანებით ოპოზიციას ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდებოდა მათი საკითხები პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

რეალურად ოპოზიციას არ სურს თანხმობა, რადგან მათ რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ პრეზიდენტს უმრავლესობასთან შეთანხმების გარეშე მიმართეს, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

„აცხადებენ, რომ სურთ თანხმობა, თუმცა შეთანხმების გარეშე მიმართეს პრეზიდენტს. მათ არ სურთ ზოგიერთ შემთხვევაში დაბალი ბარიერი, ზოგიერთ ნაწილში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მოდით, მივიღოთ დაბალი ბარიერით საარჩევნო სისტემა. მათ გაცხადებული აქვთ, რომ უნდა ჩაერთონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში, თუმცა ახლა, როდესაც საკომიტეტო სამუშაო მიმდინარეობს ამ საკითხებზე პარლამენტში, ისინი სხდომებში არ მონაწილეობენ," - განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ბოიკოტია და ამიტომ არ აპირებენ მმართველ ძალასთან ერთად, არცერთ სხვა ფორმატში მუშაობას.

„ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე, ეს არის პროცესის ბოიკოტირება. მე არ მგონია სერიოზული იყოს სხვა რაიმე ფორმატის შემოთავაზება, როდესაც ძალიან ცხადი იყო, რომ რიგგარეშე სესიებზე მათ შეეძლოთ თავიანთი პოზიციის წარმოჩენა," - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.

მმართველი გუნდის ოპონენტთა მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია 12 პუნქტი დროულად შესრულდეს, ამიტომ მზად არიან ნებისმიერ პოლიტიკურ მხარესთან თანამშრომლობისთვის.

„ეს სესია უკეთესად რომ ყოფილიყო ორგანიზებული, ვფიქრობდით, რომ ამას აზრი ჰქონდა. გამოვიდა, რომ რაღაც ჩხუბის რეჟიმში გაგრძელდა ეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ეს სესია პროდუქტიული ყოფილიყო. ჩვენ ნებისმიერ ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობას ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც საერთოდ რაიმე აქვს სათქმელი," - ამბობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ რიგგარეშე რესიის ჩატარება კიდევ უფრო გაამწვავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას, თუმცა ის შედეგის მომცემი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ რეალურად განიხილავდნენ რომელიმე პუნქტის შესრულების გეგმას 12 რეკომენდაციიდან.

„გააჩნია, რა იქნებოდა სესიის დღის წესრიგი, თუ განიხილავდნენ 12-პუნქტიანი გეგმის ერთ პუნქტს მაინც და მმართველი გუნდი წარადგენდა მისი შესრულების გეგმას, მაშინ მიმდინარე პროცესებს წინ წასწევდა აღნიშნული სესია. მაგრამ თუ კვლავ დისკუსია გაიმართებოდა იმაზე თუ რომელი პოლიტიკური გუნდის შესრულების გეგმაა უფრო ეფექტური, ამას ნამდვილად მოყვებოდა დაპირისპირების გამწვავება და პოლარიზაციის გაღრმავება, რაც ზოგჯერ გადადის ხელით შეხებაზეც.

„არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ასეთი მოლოდინის გამო თქვა უარი „ოცნებამ" სესიაზე. ჩვენ გვინახავს პოლიტიკური დისკუსიები სადაც ხდება ერთმანეთის დადანაშაულება და მინიმუმ სიტყვიერი დაპირისპირება," - განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×