არის თუ არა ფრიდრიხ დიდი სკანდალური ფალსიფიცირებული დოკუმენტის ავტორი
მამუკა ნაცვალაძე
27.08.2022

ერეკლე მეორის ევროპასთან პოლიტიკური ურთიერთობის კვლევის პროცესმა მიგვიყვანა პეტრე პირველის ნაყალბევ ანდერძთან, სენსაციურ და რეზონანსულ დოკუმენტთან, რომლის შესახებ პირველი ცნობები გაჟღერდა მეთვრამეტე საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში და რომელმაც ააფორიაქა მთელი ევროპის პოლიტიკური სპექტრი. 

1762 წელს შვიდწლიანი ომის დასრულებისას პოლიტიკური ჭადრაკის დაფაზე პრუსიის მეფემ ფრიდრიხ მეორემ რუსეთთან ფინანსურ გარიგებას მიაღწია, რამაც შედეგად მოიტანა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარის საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილება, რომელიც ევროპის ანექსიაზე რუსეთის უარს და სამხრეთის მიმართულებით გააქტიურებას ახალისებდა. ეს ის პოლიტიკური ნაბიჯი გახლდათ, იმდროინდელი ევროპის ყველა ქვეყნის ინტერესებს რომ შეესაბამებოდა. ამ პოლიტიკური სვლით ფრიდრიხმა ევროპა იხსნა რუსული ექსპანსიისგან და თავად ოსმალეთის იმპერიის წინაშე მარტო დარჩა.

როგორ შექმნა ფრიდრიხ დიდმა პეტრე პირველის ნაყალბევი ანდერძი ბერძნული პროექტის გადასაფარად

იმისათვის, რომ კარგად შეეფუთა ეს პოლიტიკური სვლა, თუ გავითვალისწინებთ ფრიდრიხის მართვის სტილს, ვფიქრობთ, პრუსიის მეფეს არჩევანი ფალსიფიცირებულ დოკუმენტზე უნდა გაეკეთებინა, სადაც მძაფრ ფერებში უნდა ყოფილიყო ნაჩვენები რუსეთის აგრესიული ხასიათი. შესაბამისად, სწორედ ამ ფალსიფიცირებული დოკუმენტის საშუალებით უნდა დაეცვა თავი პრუსიას ოსმალეთის დიპლომატიური შეტევისაგან. ეს უნდა ყოფილიყო ერთგვარი პრევენცია, რაც საშუალებას მისცემდა ფრიდრიხს არ გამჟღავნებულიყო სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კართან დადებული ფარული ფინანსური გარიგება.

სწორედ აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა – რა ფორმა და სტილი უნდა აერჩია ფრიდრიხს ფალსიფიცირებული დოკუმენტის შედგენისას? უნდა გავარკვიოთ რა იქნებოდა მისთვის პრიორიტეტი – საგაზეთო სტატია, მოარულად გავრცელებული ჭორი, პროკლამაცია, თუ სხვა რამ. ჩვენ შევისწავლეთ ფრიდრიხ მეორის ეპისტოლარული, პოლიტიკური და ლიტერატურული მემკვიდრეობა და ყურადღება მივაქციეთ იმ ფაქტს, რომ ფრიდრიხი წერს ანდერძს, თანაც ორგზის – 1752 და 1768 წელს. ორივე ანდერძი შეიცავს განსაკუთრებულ თავს არმიის შესახებ. აშკარაა, რომ ფრიდრიხისთვის ანდერძის ფორმა საკუთარი პოზიციის გადმოცემის მოხერხებული ფორმაა. 

სწორედ აქ ჩნდება საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი – პეტრე პირველის ანდერძი, რომლის ფალსიფიცირებაც ეჭვს არ იწვევს და სადაც განსაკუთრებული აქცენტებია გადატანილი რუსეთის მხრიდან ევროპულ ექსპანსიაზე, ხომ არ უნდა იყოს ის დოკუმენტი, რომელიც ფრიდრიხ მეორემ შექმნა რუსეთის ანტიოსმალური პოლიტიკის გადასაფარად? 

ჩვენი ვარაუდის გამყარებისთვის საჭიროა განვსაზღვროთ ის მთავარი გზავნილები, რაც უნდა ყოფილიყო ფრიდრიხ მეორისათვის საჭირო დოკუმენტში. უმთავრესი გახლდათ ის, რომ არავის გასჩენოდა ეჭვი „ანდერძის“ ნამდვილობასთან დაკავშირებით, ამაზე პრუსიის მეფეს განსაკუთრებულად უნდა ეზრუნა. შესაბამისად ამ დოკუმენტში უზუსტესად უნდა ასახულიყო ის პოლიტიკური სვლები და პროცესები, რაც იმ პერიოდის ევროპისათვის იყო დამახასიათებელი. 

რატომ გამოვარჩიეთ პეტრე პირველის ანდერძის შარლ ლუი ლეზიურისეული ნაყალბევი ვერსია 

პეტრეს ე. წ. „ანდერძის“ სამი ვარიანტია დღემდე მოღწეული. პირველად ის 1812 წელს პარიზში შარლ ლუი ლეზიურმა გამოაქვეყნა წიგნში „რუსული სახელმწიფოს გაფართოება მისი ჩამოყალიბებიდან XIX ს. დასაწყისამდე“. 24 წლის შემდეგ – 1836 წელს პეტრე პირველის „ყალბი“ ანდერძის კიდევ ერთი, გაიარდესეული ვერსია გამოქვეყნდა წიგნში „კავალერ დ’ეონის მემუარები“. აქ „ანდერძი“ ისევ 14 პუნქტისგან შედგება. 

ეს 14 პუნქტიანი ფორმატი დაცულია „ანდერძის“ ყველა სხვა ვერსიაში. 1839 პარიზში გამოდის ხოძკოს წიგნი: „ილუსტრირებული პოლონეთი“, სადაც კიდევ ერთხელ ქვეყნდება პეტრეს ნაყალბევი „ანდერძი“ – 14 პუნქტიანი გეგმა. საგულისხმოა, რომ სწორედ ხოძკოსეულ პუბლიკაციაში ეწოდა ამ დოკუმენტს „ანდერძი“.

პეტრე პირველის ანდერძის ნაყალბევ ამ სამ ვერსიას შორის ბუნებრივია არის განსხვავება. ჩვენი ვარაუდით, ეს ცვლილებები დაკავშირებული უნდა იყოს იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლის ინსპირირებისათვის იქმნებოდა ეს დოკუმენტი. ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე ადრეული ვერსია, შარლ ლუი ლეზიურის მიერ ფრანგულად გამოცემული ტექსტი, ყველაზე მეტად უნდა იყოს ახლოს პეტრეს ნაყალბევი ანდერძის თავდაპირველ ვერსიასთან. სწორედ ამ არგუმენტის გათვალისწინებით საჭიროდ ჩავთვალეთ პეტრე პირველის ანდერძის ნაყალბევი ტექსტი სრულად წარმოგვედგინა 1812 წლის ფრანგული გამოცემის მიხედვით. 

პეტრე პირველის ანდერძი, რომელიც ჩვენი ვერსიით, შეიქმნა ბერძნული პროექტის, ანტიოსმალური გეგმის გადასაფარად, რომელიც განსაკუთრებულ შანსს აძლევდა ქართლ-კახეთის მეფეს საერთაშორისო სისტემაში დაემკვიდრებინა ერთიანი კავკასიის სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს კუთვნილი ადგილი,  კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ერეკლე მეორის ეპოქის ობიექტური შეფასება ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გარეშე  კატეგორიულად გამორიცხულია.

პეტრე პირველის ანდერძის ფალსიფიკაციის შარლ ლუი ლეზიურისეული სრული ვერსია, რომელიც 1812 წელს პარიზში გამოქვეყნდა

1. „არაფერი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი იმისათვის, რომ რუსი ხალხი აზიაროთ ცხოვრების ევროპული ფორმებსა და ადათ-წესებს. ამ მიზნით მოიწვიეთ სხვადასხვა ხალხი ევროპიდან, განსაკუთრებით მეცნიერები, რომლებიც ან გასამრჯელოს საფასურად, ან ფილოსოფიის ფილანთროპიული პრინციპებიდან გამომდინარე, ან სხვა მოტივებით, ხელს შეუწყობენ ამ მიზნის მიღწევას”.

2. „შეინარჩუნეთ სახელმწიფო უწყვეტი ომის რეჟიმში, რათა ბრძოლაში გამოაწრთოთ ჯარისკაცები და არ მისცეთ ხალხს მოდუნების საშუალება, რათა ისინი ყოველთვის მზად იყვნენ იმოქმედონ პირველივე დაძახილისთანავე“.

3. „ყველა შესაძლო საშუალებით გააფართოვეთ საზღვრები ჩრდილოეთით, ბალტიის ზღვის გასწვრივ, ხოლო სამხრეთით შავი ზღვის გასწვრივ” .

4. „ხელი შეუწყეთ ინგლისის, დანიისა და ბრანდენბურგის არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას შვედეთის მიმართ, რათა ამ სახელმწიფოებმა თვალი დახუჭონ როგორც იმ დაპყრობებზე, რომლებიც შეიძლება განახორციელოთ ამ ქვეყანაში, ასევე შვედეთის საბოლოო დამორჩილებაზე“ .

5. „დააინტერესეთ ავსტრიის საიმპერატორო კარი თურქების ევროპიდან განდევნით; ამ მოტივაციით უნდა გყავდეთ მუდმივი ჯარი, დაიწყეთ გემთმშენებლობები შავი ზღვის სანაპიროზე. მუდმივად წაიწიეთ წინ და მიაღწიეთ კონსტანტინოპოლს“ . 

6. „მხარი დაუჭირეთ ანარქიას პოლონეთში, გავლენა მოიპოვეთ მის სეიმსა და განსაკუთრებით მეფეთა არჩევნებზე, ყოველი შესაძლებლობა გამოიყენეთ პოლონეთის დამარცხებისათვის და საბოლოოდ დაიპყარით იგი“.

7. „დაამყარეთ მჭიდრო კავშირი ინგლისთან და შეინარჩუნეთ პირდაპირი ურთიერთობა მასთან კარგი კომერციული ხელშეკრულებების მეშვეობით; მიეცით მას ქვეყნის შიგნით ერთგვარი მონოპოლია, რაც ბუნებრივად დააახლოვებს ბრიტანელ და რუს ვაჭრებსა და მეზღვაურებს, რომლებიც, თავის მხრივ, ყველანაირად  შეუწყობენ ხელს რუსული ფლოტის გაუმჯობესებას და გაზრდას, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ბალტიისა და შავ ზღვებზე დომინირება. ეს აუცილებელი პირობაა ამ გეგმის წარმატებული და სწრაფი განხორციელებისთვის“.

8. „ყველა ჩემს მემკვიდრეს მოგიწოდებთ, განიმსჭვალოთ განწყობით, რომ  ინდოეთის ვაჭრობა ეს არის ჭეშმარიტად მსოფლიო ვაჭრობა და ვის ხელშიც აღმოჩნდება ეს ვაჭრობა, სწორედ ის გახდება  ევროპის რეალური მმართველი, ამიტომ არ უნდა დაიკარგოს არცერთი რეალური შესაძლებლობა სპარსეთთან ომის დასაწყებისა და მისი დამორჩილების დაჩქარების მიზნით; უნდა გავაღწიოთ სპარსეთის ყურეში და ვიზრუნოთ ყოფილი ლევანტის ვაჭრობის აღდგენასთვის სირიის გავლით“.

9. „რაც არ უნდა მოხდეს, ძალით თუ ეშმაკობით, ნებისმიერი მიზეზით ჩაერიეთ ევროპისა და განსაკუთრებით გერმანიის საშინაო საქმეებში".

10. „ითვალთმაქცეთ და მხარი დაუჭირეთ ავსტრიასთან ალიანსს, გააღვივეთ ავსტრიელთა საყვარელი აზრები დაპყრობების შესახებ, გამოიყენეთ მასზე გავლენა და ჩართეთ დამანგრეველ ომებში, რათა ეტაპობრივად დასუსტდეს, ხანდახან დაეხმარეთ. ამის პარალელურად ფარულად წაახალისეთ მისი მტრები ევროპაში, განსაკუთრებით გერმანია, რაც მის წინააღმდეგ  აღძრავს შურსა და უნდობლობას სუვერენულ სახელმწიფოებებში. 

შენიშვნა: ამის მიღწევა მით უფრო ადვილია, რამდენადაც ამ ამპარტავანმა საიმპერატორო კარმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია გაბატონებულიყო ევროპის ყველა ძველ სახელმწიფოზე და როდესაც ის შეეცდება მსგავსი მცდელობების განხორციელებას, ჩვენ დავიკავებთ უნგრეთის მიმდებარე რამდენიმე პროვინციას და, ბოლოს და ბოლოს, ამ უკანასკნელს ჩვენს იმპერიაში შევიყვანთ როგორც დამოუკიდებელ ერთეულს“.

11. „რუსი მონარქების მეუღლეებად აირჩიეთ გერმანელი პრინცესები და ნათესაობითა და შეღავათებით განამტკიცეთ კავშირები ამ იმპერიაში რუსეთის გავლენის გასაზრდელად“.

12. „გამოიყენეთ რელიგიური გავლენა ბერძნულ-აღმოსავლურ რენეგატებზე ან სქიზმატებზე, რომლებიც გავრცელებული არიან უნგრეთში, თურქეთსა და პოლონეთის სამხრეთ ნაწილებში, რათა მიიზიდოთ ისინი ყველა შესაძლო ცდუნებით, თავს მოახვიოთ თქვენი მფარველობა და მიაღწიოთ მათი მხრიდან სულიერ მმართველობად აღიარებას. ამ საბაბით და ამ გზით მოხდება თურქეთის დამორჩილება. რაც შეეხება პოლონეთს, რომელსაც არ ექნება საშუალება თავი დაიცვას არც საკუთარი ძალებით და არც პოლიტიკური კავშირებით, მალე მოექცევა უღლის ქვეშ“.

13. „ყოველი წუთი ძვირფასი და აუცილებელია ფარულად მომზადდეს ძლიერი დარტყმები, მიზანმიმართულად, გონივრულად და სწრაფად მოქმედების ყველა საშუალება, რათა ევროპას გონზე მოსვლის შანსი არ მიეცეს. უნდა დაიწყოთ ძალიან ფრთხილად, ცალკე მოლაპარაკებებით ჯერ ვერსალის, ხოლო შემდეგ ავსტრიის საიმპერატორო კარისთან მსოფლიოს გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით. ამავდროულად, მათ არ უნდა გაუჩნდეთ ეჭვები, რამდენადაც რუსეთი დე ფაქტო მთელი აღმოსავლეთის მბრძანებელია და ამ ტიტულის გარდა სხვას არაფერს ფლობს. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ეს პროექტი მათ მოხიბლავს და გამოიწვევს დამანგრეველ ომს, რომელიც მალე ფართო მასშტაბებს მიიღებს, ამ ორი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ფართო კავშირებისა და ურთიერთობის გამო. ამასთან ყველა სხვა ევროპული სახელმწიფო ასევე აუცილებლად მიიღებს ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას“.

14. „ამ საყოველთაო უმკაცრეს სიტუაციაში რუსეთს დახმარებას სთხოვს მეომარი სახელმწიფოებიდან ან ერთი ან მეორე ქვეყანა. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ, ისე რომ მათ  ერთმანეთის ძალები გამოფიტვა მოასწრონ, თქვენ კი ძალა მოიკრიბოთ, საქვეყნოდ ავსტრიას უნდა დაუჭიროთ მხარი. სანამ მისი სახმელეთო ჯარები მიიწევენ რაინისკენ, თქვენ უნდა გაგზავნოთ უთვალავი აზიური ლაშქარი. და როგორც კი ეს უკანასკნელი ღრმად შევა გერმანიაში, აზოვისა და არხანგელსკის პორტიდან გამოეშურება შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის ორი შეიარაღებული ფლოტი. ისინი მოულოდნელად გამოჩნდებიან ხმელთაშუა ზღვასა და ოკეანეებში, რათა გადმოსხან ეს მომთაბარე, სასტიკი და მტაცებელი ხალხი, რომლებიც წალეკავს იტალიას, ესპანეთსა და საფრანგეთს; ამ სახელმწიფოების მცხოვრებთა ერთ ნაწილს გაანადგურებს, მეორეს ტყვეობაში აიყვანს და ციმბირის უდაბნოებში გადაასახლებს, დანარჩენს კი მოქმედების ყოველგვარ შესაძლებლობას წაართმევს. მთელი ეს დივერსია რეგულარულ არმიას მისცემს სრულ შესაძლებლობებს იმოქმედოს მთელი ძალით და გამარჯვების რწმენით დაიმორჩილოს დანარჩენი ევროპა“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×