რეზონანსი
25.11.2022

პირის მიერ თუ სასჯელის მოხდა შეუსაბამოა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, მაშინ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაავადოს თუ არა სასჯელი, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დამოუკიდებელია და დაე, ნურავინ, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, ნუ განიზრახავს, რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდოს მოსამართლეს, მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს შეეხებოდა.

„ყურადღებით მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება. რასაკვირველია, საინტერესოა, რას ფიქრობს ის, რადგან მოგეხსენებათ, შეწყალების კომპეტენცია მხოლოდ მას აქვს. ეს არის მისი სრული დისკრეცია და ვიცით, რომ მისი პოზიცია, სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მკვეთრად უარყოფითი იყო ხოლმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს პოზიცია არ შეცვლილა. გასაგები შეიძლება იყოს ის, რომ ამ პოზიციას შეიძლება, ღიად ვეღარ უჭერდეს მხარს, თუმცა მე ,როგორც ერთ მოქალაქეს, მაინტერესებს, უფრო მკაფიოდ მოვისმინო, ხომ არ შეცვლილა რაიმე მისი მხრიდან და თუ შეიცვალა ან შეიცვლება - რატომ. დასაბუთება აუცილებელია, როდესაც თანამდებობის პირი დისკრეციის ფარგლებში იღებს რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, მისი უარყოფითი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

რაც შეეხება სასამართლოს, ვისაც გჯერათ, დაიჯერეთ, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში არის თავისუფალი. სასამართლო შეწყალებაზე არ მსჯელობს. მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს, ერთი მიზეზის გამო, მას წინ უდევს დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ არავის გვიდევს წინ. მოსამართლე, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ყველაზე კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს, ან არ გადაავადებს, ან გადაავადებს. ეს არის მოსამართლისა და დაცვის მხარის ურთიერთობის თემა და არა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია, სალაპარაკო ენაზე რონ ვთქვათ, არ არის პრეზიდენტის საქმე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის".

„ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×