რეზონანსი
26.11.2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ხელისუფლება ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემების ფონზე, უხარისხო მუშაობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, კიევში ბევრი საჩივარია ე.წ. უძლეველობის პუნქტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პუნქტებში მოქალაქეებს ელექტროენერგიის გათიშვის პირობებში გათბობა, მობილური ტელეფონების დატენა და ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის მერიისგან ხარისხიან მუშაობას ელოდება.

„მთელ ქვეყანაში გახსნილია „უძლეველობის პუნქტები“, თუმცა ვიცი, რომ სამწუხაროდ, ადგილობრივ ხელისუფლებას ხარისხიანად ყველა ქალაქში არ უმუშავია. კერძოდ, ბევრი საჩივარია კიევში. ფაქტობრივად, ნორმალურად უზრუნველყოფილია მხოლოდ პუნქტები, რომლებიც გახსნილია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ბაზარზე და დედაქალაქის სადგურში. სხვა პუნქტებზე კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, კიდევ მუშაობაა საჭირო. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება. კიეველებს უფრო მეტი დაცვა სჭირდებათ. მრავალი კიეველი დენის გარეშე 20-ზე ან 30-ზე მეტი საათის გარეშე იმყოფება. მერიისგან ხარისხიან მუშაობას ველოდები. კიევში ე.წ. უძლეველობის პუნქტებთან დაკავშირებულ პროფანაციას არავინ არავის აპატიებს, ისევე როგორც ტყუილს სხვადასხვა დონის ანგარიშებში. გთხოვთ, საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდეთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის მონაცემებით, ამჟამად, მთელ ქვეყანაში ოთხი ათასზე მეტი „უძლეველობის პუნქტი“ მუშაობს.

„ეს არის ყოველი ადგილობრივი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა, რომ მათთან რეალურად მუშაობდეს ყველაფერი, რაც უნდა იყოს ხალხისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ რომ პირველ ნოემბერს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში მოქალაქეებისთვის გასათბობად ათასამდე პუნქტი ამოქმედდებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×