რეზონანსი
15.02.2023

ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებით იქცა დეზინფორმაციის და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ, რაც ძალიან სამწუხაროა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში" ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ძალიან ბევრი უზუსტობაა. მისი განმარტებით, ერთ-ერთი უზუსტობაა სააკაშვილის დაკავების საფუძველი. მისი თქმით, გარკვეული ევროპარლამენტარების ჯგუფი ცდილობს საქართველოს დაზიანებას იმისთვის, რომ ის დაიხსნან ციხიდან.

,,არის ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად დააზიანონ საქართველო იმისთვის, რომ დაიხსნან სააკაშვილი. ამ რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი ფაქტობრივი შეცდომა. მაგალითად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს სააკაშვილი არის მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების გამო ციხეში, არადა გელაშვილის საქმეზე მას მისჯილი აქვს 6 წელი, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის. ისინი საუბრობენ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რადგან მათი სურვილია საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს შესაძლოა პოლიტიკურად შეფუთული დანაშაულები იყოს, მაგრამ რას უშვრებიან ადამიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ფაქტს, რაც ჩვენ ვნახეთ და თვითონ ნაციონალური მოძრაობაც არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამას. თვითონ ევროპულმა სასამართლომ არ თქვა გირგვლიანის საქმეზე, რომ სააკაშვილი პირადად იყო ჩართული, რათა აერიდებინა მძიმე სასჯელი დამნაშავეებისთვის. არის სხვა შეცდომებიც," - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ასევე, ისაუბრა ცენტრ ემპათიის დასკვნაზე, რომელიც საფუძვლად უდევს რეზოლუციას. მან გაიხსენა შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეები, როდესაც ცენტრი ემპათია არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდა.

,,ცენტრი ემპათია და მათი ექსპერტები, ყველას გვახსოვს შაქარიშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე, როგორ სიყალბეს აწვდიდნენ საზოგადოებას. შაქარაშვილის საქმეზე, ცენტრი ემპათია ამბობდა ადამიანზე, რომ თითქოს ოთხი დღე იყო ცოცხალი და ამას ამბობდნენ "ექსპერტული" დასკვნის საფუძველზე. ასეთი ორგანიზაციის დასკვნას, რომ არანაირი ფასი არ აქვს და ეს რომ ძალიან კარგად იციან და მაინც წერენ მას რეზოლუციაში, ეს არის, რა თქმა უნდა, თვალებში ნაცრის შეყრაა. ერთადერთი, რაშიც ვეთანხმები ამ რეზოლუციას, საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის საქმე, ეს არის ლაკმუსის ტესტი. ნამდვილად არის ეს ლაკმუსის ტესტი იმისათვის, რომ დავინახოთ - ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×