რეზონანსი
21.02.2023

გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრებმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციაზე შეკრებილი ფეხბურთელის ოჯახის წევრები და ნათესავები იმ ექიმების გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც 20 წლის სპორტსმენის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებენ.

ვახტანგ ჩარკვიანის სიკვდილში მისი ოჯახის წევრები სწორედ ექიმებს ადანაშაულებენ.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, საქმეში იკვეთება სახელმწიფო ქონების დატაცების მცდელობაც.

"ვთხოვ პროკურატურას, რომ უმოკლეს ვადებში, პირველი ამოიღონ ის დოკუმენტაცია, რომელი დოკუმენტაციითაც დგინდება, რა დაჯდა ჩემი შვილის მკვლელობა. ვინაიდან, საქმე გვაქვს სახელმწიფო ქონების დატაცების მცდელობასთან. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მასზედ რომ, მათ აქვთ უფლება, კონტროლი ახორციელონ იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომელიც ნარკოტიკული საშუალებებიც იხარჯება არა მარტო ამ კლინიკაში, არამედ სხვა კლინიკებშიც", - განაცხადა გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ.

გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის ადვოკატის განცხადებით, ისინი ორი თვის განმავლობაში ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ.

მისივე თქმით, ექიმების ბრალეულობა საქმის მასალებით დადასტურებულია, ამიტომ სამედიცინო დაწესებულებამ გამოძიების დამთავრებამდე მაინც უნდა დაითხოვონ ისინი.

საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სასიკვდილო დოზაა. და ეს ყველაფერი არ არის.

შეგახსენებთ, ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია. საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სასიკვდილო დოზაა.

23 იანვარს პროკურატურამ საქმეზე ბრალი წაუყენა ექთანს. გამოძიება მას ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასული წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×