რეზონანსი
21.04.2023

როდესაც პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ ღვთისმშობლის ტაძარი ხუთ წელიწადში აღდგებოდა, ყველას გაეცინა. თუმცა, დღეს ეს სასაცილო აღარავისთვისაა. ხანძრის შედეგად დამწვარი ღვთისმშობლის ტაძრის ასეთ მოკლე დროში აღდგენა მაშინ მაკრონისეულ ტიპურ ტრაბახს ჰგავდა. თუმცა, ამ ფაქტიდან მეოთხე წლისთავზე, უკვე მომავალ წელს ტაძრის მთელი ბრწყინვალებით ხილვის პერსპექტივა შეუძლებლად აღარავის ეჩვენება.

„ჩვენ მთელ მსოფლიოს მივეცით პირობა, რომ სამუშაოებს ხუთ წელიწადში დავასრულებდით", - ამბობს გადამდგარი გენერალი ჟან-ლუი ჟორჟელენი, რომელიც რესტავრაციის პროცესზე პასუხისმგებელ პირად დაინიშნა. „აქ სასწორზე ჩვენი რეპუტაცია დევს. ამიტომაც მიზნის მისაღწევად საჭიროა ცოდნის, ძალისხმევისა და ოსტატობის გაერთიანება", - დასძენს ის. თუკი რესტავრაციის ამ პროექტს აქვს სიმბოლო, ეს უდავოდ არის 66 მეტრის სიმაღლის გუმბათი, რომლის ჩამონგრევაც 2019 წლის აპრილის ხანძრის შემზარავი დასასრული იყო. დღეს უკვე, საფრანგეთის აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთ საწარმოში ახალი გუმბათის შექმნაზე მუშაობის პროცესი დასასრულს უახლოვდება. თუ რამდენად რეალურია 2024 წლისთვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციის დასრულება, BBC-მ გაარკვია.

რა ხდება?

ცოტა ხნის წინ, პარიზში უკვე მიიტანეს გუმბათის დასადგამი კონსტრუქცია, რომელიც ტაძრის სახურავზე დამონტაჟდა. ეს უკანასკნელი 80 ტონაზე მეტს იწონის. აღნიშნული კონსტრუქცია დამზადებულია ასობით მუხის ტოტისგან, რომლებიც საფრანგეთის უძველეს ტყეებში მოიჭრა. გუმბათის საყრდენი მილიმეტრების დონეზეა გათვლილი, რათა ის ზუსტად ჩამჯდარიყო იმ ქვის კუთხეებში, რომლებიც არქიტექტორებმა 900 წლის წინ მოიფიქრეს. „უახლოეს თვეებში პარიზელებს ექნებათ შესაძლებლობა იხილონ, თუ როგორ დაიდგმება ტაძარზე გუმბათი", - ამბობს გენერალი ჟორჟელენი. „თავდაპირველად ის ხით იქნება დაფარული, მაგრამ წლის ბოლომდე გაიხსნება. ამის შემდეგ პარიზელები ნამდვილად გაიგებენ, რომ საკათედრო ტაძარი მართლაც დაბრუნდა", - დასძენს ის.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათი დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთის დედაქალაქის ჰორიზონტის განუყოფელი და საყვარელი ნაწილი იყო. თუმცა მას არაფერი აქვს საერთო შუა საუკუნეების დროინდელ, თავდაპირველ ნოტრ-დამთან. სინამდვილეში, ტაძარზე ეს გუმბათი დადგეს მხოლოდ მე-19 საუკუნის შუა ხანებში, რათა შეეცვალათ ძველი კონსტრუქცია, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის დროს მოხსნეს. ამის მიზეზად ძველი გუმბათის ყანყალი სახელდებოდა, მაგრამ, შესაძლოა, მაშინდელ ხელისუფლებას უბრალოდ ტყვია-წამალი სჭირდებოდა.

ამავე პერიოდში გამოიცვალა ბევრი ვიტრაჟი, რადგან ძველი მინა ძალიან მყიფე გახდა. საბედნიეროდ, ხანძრის დროს ვიტრაჟები დიდად არ დაზიანებულა, რადგან მეხანძრეებმა კარგად იცოდნენ თავიანთი საქმე და გახურებულ მინაზე წყალს არ ასხამდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლებოდა, ისინი სრულად ჩამოშლილიყო. სპეციალისტებს შუა საუკუნეებში დამზადებული ვარდის ფორმის ფანჯრებიდან მინები არ ჩამოუხსნიათ. თუმცა დარჩენილი ვიტრაჟები მოიხსნა და ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სპეციალურ სახელოსნოებში გაიწმინდა. „მათზე 200 წლის განმავლობაში ბევრი ჭუჭყი დაგროვდა", - ამბობს რესტავრატორი და შუშის მწარმოებელი ფლავი ვინსენტ-პეტი ტრუადან. „ეს არის მილიონობით მრევლის ნასუნთქი, მილიონობით სანთლის ჭვარტლი და კონდენსაციის კვალი. ყოველივე ეს მინაზე თავის ანაბეჭდს ტოვებს", - განმარტავს ის. თუმცა ღვთისმშობლის ტაძრის ინტერიერი ისევ ფუტურისტული ფილმის დეკორაციას წააგავს: ძველი გოთური ქვის სვეტებისა და თაღების ფონზე, ლითონის ხარაჩოები მეტალის ტყესავით მოჩანს.

გუმბათის გარდა, ტაძარში ჩამოცვენილი ქვების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთანავე, შეძლებისდაგვარად, სახურავის ხის საფუძველი ზუსტი ასლით იცვლება. ოთხი წლის წინ, ტაძრის მთავარმა არქიტექტორმა ფილიპ ვილნევმა, რომელიც ხანძარს პირადად აკვირდებოდა, საკუთარ თავს მსოფლიოში ყველაზე უბედური არქიტექტორი უწოდა. „დღეს მე ყველაზე ბედნიერი არქიტექტორი ვარ, ვუყურებ, როგორ ამოდის ტაძარი ფერფლიდან ფენიქსივით", - ამბობს ის.

ამ ეტაპზე რესტავრატორების მიზანია, 2024 წლის დეკემბერში ხელახლა გახსნილ საკათედრო ტაძარში პირველი მესა აღევლინოს.

წყარო: იმედინიუსი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×