რეზონანსი
06.05.2023

მორიგი ანტიევროპული და ანტიდასავლური ქადაგება ამბიონიდან - ამჯერად სამტრედიისა და ხონის მღვდელმთავარი, მეუფე საბა მოუწოდებს ევროპას, "მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ". მღვდელმთავარს ეჭვი ეპარება, რომ ევროპას ტრადიციები აქვს:

"თვალი გაახილეთ ყველამ და დაინახეთ რა ხდება მსოფლიოში, სად მივდივართ და რას გვიპირებენ. ჩვენ არაფრის წინააღმდეგი არ ვართ, არც ევროკავშირის, არც ნატოსი, თუ სახელმწიფოს სჭირდება და ეს არის სახელმწიფოს ატრიბუტი დაე იყოს ასე, მაგრამ ჩვენ არასდროს არ შევურიგდებით ისეთ გამოფენებს, ისეთ მოწოდებებს, ისეთ ცხოვრების წესს, რომელიც ქრისტეს წარმოაჩენს როგორც სექსუალურ პიროვნებას, როგორც გეი პიროვნებას. ვინც შეურაცხყოფს დედა ღვთისმშობელს, ან შეურაცხყოფს თამარ მეფეს, ან რომელიმე წმინდანს, ან შეურაცხყოფს ჩვენს წესებს, ტრადიციებს, გინდათ? ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ? კარგად იყავით.

თუ თქვენ გაქვთ, თქვენი წესები და ტრადიციები, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. არავინ არ უნდა უთხრას ქართველებს, არავინ არ უნდა დაემუქროს ჩვენ ქვეყანას, რომ ისეთი წესებით მიგიღებთ, როგორიც ჩვენ გვინდა. აბა შეეცადეთ საქართველოში წესების და ტრადიციების განადგურებას. და ვინც შეეცადა, დღეს ისტორიაშიც კი არ იხსენება. ამიტომ, ცოტა ფრთხილად იყავით, როდესაც ამ ქვეყანას ისე ექცევით და ესაუბრებით როგორც თქვენ გინდათ და არა ისე, როგორც ის იმსახურებს. არც მე მეშინია, არც ჩვენ მრევლს ეშინია და არც ეკლესიას არ ეშინია. ეს არის სრული ჭეშმარიტება და ამას დავიცავთ." ამბობს მეუფე საბა.

მღვდელმთავარი ქადაგებისას "გირჩის" "ბიბლიურ თავისუფლებასაც" შეეხო და დაადანაშაულა, რომ ახალგაზრდებს "ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას აიძულებენ:

"როდესაც ჩვენ ახალგაზრდებს დღეს ეუბნებიან, რომლებსაც აძლევენ დოკუმენტებს, რომ არაა სავალდებულო იმსახურონ ჯარში და ე .წ. ორგანიზაციაში, "გირჩში" იღებენ და ღვთისმსახურების დოკუმენტებს ურიგებენ, განსაცდელის ჟამს ისევ ჩვენ მოგვიგდებენ ამ ადამიანებს - აბა მიხედეთ, გარდაცვლილს ან გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს. გვეუბნებიან, რომ ეს არის ფარტინა ქაღალდი, სწორედ ფარატინა ქაღალდზე რომ არ მოაწერა ხელი წმინდა გიორგიმ და აღიარა ქრისტიანობა და ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად და არა კერპი, იმიტომ ვდღესასწაულობთ ჩვენ დღეს გიორგობას...

წმინდა გიორგია საქართველოს მფარველი, რომელმაც ფარატინა ქაღალდზე ხელი არ მოაწერა და არა "გირჩის" წევრები, რომლებიც აიძულებენ ადამიანებს, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა - არ წავიდნენ ჯარში, არ დაიცვან თავისი ქვეყანა" ამბობს ის.

მეუფე საბას აზრით, "დღეს ადამიანებს უნდათ ბიბლია და ისტორია წაშალონ" - "ღმერთმა შექმნა კაცი და კაცისგან შექმნა ქალი, რომელსაც დაარქვა ცოლი, ამას ვერ შეცვლის ვერავინ, რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეთ ამის" ამბობს მღვდელმთავარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×