რეზონანსი
19.05.2023

ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას საზოგადოებამ, ნათლად ნახა არაერთი ძალადობრივი ქმედება, უკანონობა, თავდასხმები, რასაც შედეგად 60-მდე პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 7 მარტს, აქციის დაანონსების შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ განლაგდნენ და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.

დღის ბოლოს, საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე, ერთ-ერთი გამომსვლელის მიერ გაკეთდა მოწოდება, რომ აქციის მონაწილეებს უნდა გადაენაცვლათ პარლამენტის შესასვლელებთან და წრე შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის.

არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი მზად იყო მოეწყო საკანონმდებლო შენობის ბლოკირება რათა არ მისცემოდათ იქ მყოფ დეპუტატებს და პარლამენტის თანამშრომლებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება. მოეწყოთ მათთვის „სირცხვილის კორიდორები" და ასევე განეხორციელებინათ ინდივიდუალური თავდასხმები დეპუტატებზე.

მოწოდების შესაბამისად აქციის მონაწილეები გაიყვნენ ორ ჯგუფად, დაიწყეს მოძრაობა 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩების მიმართულებით", -განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ვინაიდან არსებობდა რეალური საფრთხე, რომ მომხდარიყო პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და პარლამენტის შენობის დატოვების დროს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებსა და თანამშრომლებზე განხორციელებულიყო მიზანმიმართული ფიზიკური ანგარიშსწორება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება დამატებითი საპოლიციო ძალების გამოყვანის შესახებ.

„საპოლიციო კორდონებით განხორციელდა ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩების გადაკეტვა, რათა დაცული ყოფილიყო პარლამენტის გამოსასვლელები.

დაახლოებით 21:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, დაიწყეს აგრესიული ქმედებები, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ფიზიკურ დაპირისპირებასა და თავდასხმებში", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, გომელაურმა განაცხადა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იდგნენ კორდონებად და მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების რეჟიმში.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დაახლოებით თორმეტის ნახევარზე, მას შემდეგ რაც საკანონმდებლო ორგანოს შენობა დეპუტატების და პარლამენტის თანამშრომლების ძირითადმა ნაწილმა დატოვა, აღარ არსებობდა საფრთხე ინდივიდუალური თავდასხმების, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საპოლიციო ძალების კორდონებისგან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩები ეტაპობრივად გათავისუფლებულიყო, რათა, შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილე პირებს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა პარლამენტის შენობის მიმდებარე მთელს პერიმეტრზე ჰქონოდათ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, პარლამენტის შენობის დაცვის გაძლიერების მიზნით დამატებითი ძალები შეყვანილ იქნენ პარლამენტის შენობაში.

„აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრულიად მშვიდ ვითარებაში გაეგრძელებინათ შეკრება-მანიფესტაცია, თუმცა დაახლოებით პირველის წუთებზე, ეს იყო 10 წუთი, 9 აპრილის ქუჩაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესასვლელთან აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის წინააღმდეგ განხორციელდა დევნა და ფიზიკური ძალის გამოყენება, სამართალდარღვევის შესაბამისად ადგილზე მოხდა აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება.

მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს მიეცათ თავისუფალი გადაადგილებისა და მანიფესტაციის მშვიდობიან ფორმაში გაგრძელების შესაძლებლობა, დაახლოებით პირველის ნახევარზე, ეს იყო ზუსტად 25 წუთზე, ეს გადაღებულია, ტელევიზიაშიც გავიდა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, დაიწყო პარლამენტის ცენტრალური შესასვლელთან, რუსთაველის გამზირის მხრიდან, არსებული რკინის დამცავი ჯებირების მიზანმიმართული დაზიანება და აქციის მონაწილეები ცდილობდნენ პარლამენტში შეღწევას. ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტის ეზოში მყოფ პოლიციელებს, ესროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის მოლოტოვის კოქტეილებს, შესაბამისად, პოლიციელებმა მოახდინეს წყლის ჭავლით აქციის მონაწილეთა მოგერიება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×