რეზონანსი
09.06.2023

სისტემაში საკმაოდ მასშტაბური რეფორმები გვაქვს დაწყებული, როგორც კლინიკების, ასევე ფარმაცევტული საქმიანობის კუთხით და აქედან გამომდინარე დადგა ამ ცვლილებების [„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს" საქმიანობასთან დაკავშირებით კანონში შესატანი ცვლილებები] საჭიროება, რომ შესაბამისი ეფექტიანი მონიტორინგის შესაძლებლობა გვქონდეს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, თუ სააგენტო და სამინისტრო ხელ-ფეხ შეკრული იქნება და ვერ შეძლებს კონტროლს, ვერც ერთი რეფორმა წარმატებული ვერ იქნება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლინიკურ სექტორში ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს მაღალი ხარისხის მომსახურება და ანაზღაურებაც უნდა იყოს შესაბამისი და ადეკვატური. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბიუჯეტიდან ხდება თანხების გახარჯვა და მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები სწორად და მიზანმიმართულად იხარჯებოდეს. ფარმაცევტულ ნაწილში ჩვენ დაწყებული გვაქვს ფასების რეგულირებასთან დაკავშირებული რეფორმები, ასევე ხარისხთან დაკავშირებული და ყველაფერ ამას, აუცილებლად სჭირდება ეფექტიანი კონტროლი. თუ სააგენტო და სამინისტრო ხელ-ფეხ შეკრული იქნება და ვერ შეძლებს კონტროლს, ვერც ერთი რეფორმა წარმატებული ვერ იქნება.

მინდა განვმარტო, რომ არაფერი განსაკუთრებული ცვლილება არ არის, ვითხოვთ, სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებულ კლინიკებში შესვლის და შემოწმების უფლებას შეფერხების გარეშე და თუ იქნება შესაბამისი დარღვევის ოქმი, სადაც მითითებული იქნება, რომ კლინიკას ჩვენი გავლით ზედმეტად აქვს ბიუჯეტიდან თანხები მიღებული, მოვთხოვოთ ამ თანხების ბიუჯეტში დაუყოვნებლივ დაბრუნება. ასევე, ხარისხის ნაწილში არ გვაქვს კარგი მდგომარეობა შიდა ჰოსპიტალურ ინფექციებთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, ესეც ეფექტიანად და სრულად ვაკონტროლოთ, რათა შესაბამისი რეაგირება გვქონდეს დარღვევებზე და გამოსწორების გონივრული ვადებიც მივცეთ.

ფარმაცევტულ ნაწილს რაც შეეხება, ვითხოვთ აფთიაქებსა და ფარმაცევტულ საწარმოებში გვქონდეს დაუბრკოლებლად შესვლისა და შემოწმების უფლება, სადაც ძირითადად ვამოწმებთ მედიკამენტების ხარისხს. რეფერენტული ფასები რომ დავაწესეთ, კლინიკებს ვალდებულება აქვთ, უკვე მარტის თვიდან, რომ ბაზები გახსნან და ნაშთები ვაკონტროლოთ, ხელოვნური დეფიციტი რომ არ შეიქმნას. ამ ყველაფრის გაკონტროლებას ვითხოვთ, რომ ფასების დაწესების პირობებში შესრულდეს ის, რა ფასიც გვაქვს დაწესებული, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწიოთ ზედმეტი თანხების გადახდა. ასევე, სახელმწიფოა ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველი მედიკამენტების და ამ ნაწილშიც, ჩვენ გონივრულად და სწორად გავანაწილოთ ბიუჯეტი, რომ უფრო მეტ ჩვენ მოქალაქეს მოვახმაროთ ეს თანხები", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×