რეზონანსი
09.06.2023

წლების წინ, სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორის დერეგულაციის შესახებ, მაშინდელი მთავრობის სამწუხარო გადაწყვეტილებამ ძალიან მძიმე შედეგი მოგვიტანა - ვერანაირად ვერ კონტროლდებოდა სამედიცინო მომსახურების ხარისხი, რადგან ქვეყანაში არ არსებობდა არანაირი სტანდარტი, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეს ცვლილებები განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის სიკეთეებზე და მისი არსებობის 10 წლის განმავლობაში, მილიონობით მოქალაქის 7 მილიარდ ლარით დაფინანსებაზეა საუბარი. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის სახსრები სწორად და მიზანმიმართულად იხარჯებოდეს.

„ამ ყველაფრის განმახორციელებლები ვართ ჩვენ. ჩვენივე პასუხისმგებლობაა, სწორად ხდებოდეს ბიუჯეტის ხარჯვა და კონტროლი. ყველა ცვლილება საჭიროა, რაც ამ პასუხისმგებლობის განხორციელებაში შეგვიწყობს ხელს", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ცვლილების შედეგად, ჯარიმების ოდენობის ზრდაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, წარმოუდგენელია, სამედიცინო დაწესებულებამ ჯარიმის თანხები მომსახურების ტარიფში ასახოს.

„ამას არ დავუშვებთ. მსგავს ფაქტებზე ოპერატიული და მყისიერი რეაგირება რომ გვქონდეს, სწორედ ამიტომ გვინდა კონტროლის სრულყოფილი მექანიზმი. თუ, ერთსა და იმავე სამედიცინო ან ფარმაცევტულ დაწესებულებაში, განმეორებით დარღვევებს სისტემური ხასიათი ექნება, რასაკვირველია, სხვადასხვა საჯარიმო მექანიზმები იმოქმედებს - იქნება ეს პროგრამიდან ჩახსნა, თუ საერთოდ - დახურვა", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×