რეზონანსი
16.06.2023

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ იქნება განხილული, მაგრამ უკრაინის ალიანსთან დაახლოება განიხილება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, აღნიშნულ საკითხში "სამი ელემენტი" არსებობს.

„უპირველეს ყოვლისა, ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი იქნება. ვილნიუსის სამიტზე მოწვევას არ განვიხილავთ, მაგრამ [განვიხილავთ] როგორ დავაახლოოთ უკრაინა ნატო-სთან. დარწმუნებული ვარ, რომ ვილნიუსის სამიტზე კარგ გადაწყვეტილებას და კონსენსუსს ვიპოვით, თუ როგორ დავაახლოოთ უკრაინა ნატო-სთან," - განაცხადა სტოლტენბერგმა „მესამე „ელემენტთან" დაკავშირებით.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინის მომავალი გაწევრიანების პირველი და მეორე „ელემენტები" საკითხის პრაქტიკულ და პოლიტიკურ ასპექტებს შეეხება.

„პირველი - პრაქტიკაში უკრაინის წინ წაწევა, ესაა ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი და მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც დაეხმარება მათ აღჭურვილობის სტანდარტებიდან, საბჭოური დროის დოქტრინებიდან ნატო-ს სტანდარტებზე გადავიდნენ და დაეხმარება მათ სრულიად თავსებადი იყვნენ ნატო-სთან.

[პოლიტიკური ასპექტის მხრივ] ძალიან ახლოს ვართ უკრაინა-ნატო-ს საბჭოს შექმნის საბოლოო დამტკიცებასთან, რომელიც სხვა რამ იქნება, ვიდრე კომისია, სადაც ოცდათერთმეტი მოკავშირე უკრაინას ხვდება. ეს ოცდათორმეტის ორგანიზმი იქნება: ოცდათერთმეტი მოკავშირე და უკრაინა თანაბრად ისხდებიან მაგიდასთან თანაბარი უფლებებითა და კონსულტაციის შესაძლებლობებით, და ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, თუ სწორად ჩავთვლით მათ. ეს პოლიტიკური მხრივ ერთად მუშაობის სხვა სახეობაა, და პოლიტიკური თვალსაზრისით უკრაინას ნატო-სთან დავაახლოებთ," - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×