ფინანსისტები სებ-ის გადაწყვეტილება იწონებენ და ჯერჯერობით რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ ეთანხმებიან
გვანცა წულაია
21.06.2023

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად - 10.5%-ზე დატოვა. ასეთი გადაწყვეტილება სებ-მა გუშინ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის განაკვეთი სამინზნე მაჩვენებელს (3%) უკვე დიდი ხანია ჩამოსცდა. დიდი ალბათობით, რეფინანსირების განაკვეთი შემდგომ სხდომაზე შემცირდება, რომელიც 2 აგვისტოს უნდა ჩატარდეს, მანამდე კი ეკონომისტები გუშინდელ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, სებ-ის სწორად მოიქცა.

სებ-ის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ წლიური ინფლაცია უკვე სამიზნე 3%-იან მაჩვენებელზე დაბლაა და 1.5%-ს შეადგენს (მაისის შედეგი), რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გეგმაზომიერი ნაბიჯებით უნდა მოხდეს.

"საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის მაისში წლიური ინფლაცია 1.5%-მდე (აპრილში - 2.7%), ხოლო საბაზო - 3.9%-მდე (აპრილში - 4.7%) შემცირდა. ინფლაციის შემცირებას, მეტწილად, ეგზოგენური შოკების ეტაპობრივი მილევის შედეგად, იმპორტული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს. აღნიშნულ ტენდენციას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც უწყობს ხელს და, შესაბამისად, იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და ინფლაციური მოლოდინიც, თუმცა ადგილობრივი ინფლაციის კლება შედარებით მცირე ბიჯებით ხდება და მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია - მაისში 9.1%. სხვა, თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მომდევნო თვეებში მიზნობრივი დონის ქვემოთ შენარჩუნდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3%-იანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება.

მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გაურკვევლობის მთავარ წყაროდ რჩება. იმავდროულად, ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალია და 2023 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ია, რაც მოთხოვნის მხრიდან წარმოქმნილ პოტენციურ ინფლაციურ ზეწოლას საყურადღებოს ხდის”, - ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

ეროვნული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილება სწორ გათვლად მიაჩნიათ ეკონომისტებს და აცხადებენ, რომ მონეტარული პოლიტიკის კიდევ შერბილებით ინფლაცია გაიზრდებოდა და გადაწყვეტილება ლარის კურსზეც უარყოფითად აისახებოდა. ასეთი მოსაზრებისაა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე, რომლის შეფასებითაც, მართალია მონეტარული პოლიტიკა საბოლოოდ მაინც მკაცრია, თუმცა მისი სწრაფად შემცირება არასწორია. 

"ჩემი მოლოდინი იყო, რომ მიმდინარე თვეში რეფინანსირების განაკვეთი არ შეიცვლებოდა და გამართლდა კიდეც. მიმაჩნია, რომ სებ-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მართალია, საქართველოში მკაცრი მონეტარული პოილიტიკა გვაქვს და გვახსოვს, რომ წინა პერიოდებში მკაცრდებოდა, მაგრამ მისი სწრაფად დაბრუნდება შედარებით დაბალ ნიშნულზე, არ იქნებოდა სწორი, რადგან ძალიან დიდ ძვრებს გამოიწვევდა ეკონომიკაში.

ჩვენს ჯერ მსგავსი საჭიროება არ გვიდგას, რომ ყოველ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს. მართალია, ინფლაცია შემცირებულია, მაგრამ თუკი სწრაფად შევარბილებთ მონეტარული პოლიტიკას, ბუნებრივია, იმოქმედებს ფასებზე და ასევე ლარის კურსზე.

საერთოდ, მონეტარულ პოლიტიკას ხომ მაღალი და დაბალი ინფლაციის გამო ამკაცრებენ ან არბილებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყველაფერს გადაცემა ყოველთვის აქვს კურსზე. ვნახეთ, რომ რეფინანსირების პირველმა შერბილებამ, წინა თვეში, კურსზე გავლენა მოახდინა და გამყარების ტრენდი მაშინვე შეიცვალა და გაუფასურებისკენ დაიძრა. ამიტომ ახლაც რეფინანსირების შერბილების პირობებში, ერთი მხრივ, ინფლაცია მოიმატებდა და მეორე მხრივ - ლარიც გაუფასურდებოდა”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი კაპანაძემ და დასძინა, რომ უკვე მომდევნო სხდომაზე შესაძლოა, განაკვეთი შეიცვალოს.

"თუ ინფლაცია დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, მათ შორის სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ, ვფიქრობ, მონეტარული პოლიტიკა შესაძლოა, შემდგომ პერიოდში შემცირდეს, თუმცა ახლა ძნელი სათქმელია და გაცხადებულია კიდეც სებ-ის მხრიდანაც, რომ არ უნდა ველოდოთ განაკვეთის სწრაფ შემცირებას და ეს გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე”, - განუცხადა კაპანაძემ "რეზონანსს”.

აპრილის 2.7%-იანი ინფლაციის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი წინა თვეში შეამცირა. ეს გადაწყვეტილება პირველი შემთხვევაა 2021 წლის მარტის შემდეგ, როცა სებ-მა მოეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო. მართალია, მაისში ინფლაცია იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე აპრილში იყო, მაგრამ სებ-მა მიმდინარე ეტაპზე წინა თვის მაგალითი არ გაიმეორა და 10.5%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა, რაც პრინციპში მართებულია. 

გადაწყვეტილების განმატებისას საბანკო სფეროს სპეციალისტმა მიხეილ თოქმაზიშვილმა აღნიშნა, რომ სებ-ი ცდილობს რეფინანსირების მაღალი განაკვეთით შეზღუდოოს ფასების მოსალოდნელი ზრდა.

"საერთოდ, 10%-ზე მაღალი რეფინანსირების განაკვეთი უკვე მაღალია და იგი ეკონომიკაზე ცუდად მოქმედებს. ბოლო პერიოდში ინფლაცია ძალიან გაგვექცა და ამიტომ შესაძლებელი იყო, რომ შეენარჩუნებინათ მკაცრი პოლიტიკა, რამდენადაც ძირითად მიზეზს წარმოდგენდა ფასების ზრდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ სებ-ის ვარაუდით, ფასები მაღალ ნიშნულზე დარჩება, რის გამოც ცდილობენ მკაცრი პოლიტიკით შეკვეცონ მოსალოდნელი შედეგი, თუმცა შემგომ თვეებში გაცილებით უფრო დაბალი ინფლაცია იქნება, ვიდრე იყო წინა პერიოდში. მიუხედავად ამისა, მინც ძნელი იქნება იმის თქმა, შემცირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი შემდეგ თვეში. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ფაქტორები, რომელიც ასტიმულირებს ეკონომიკის ზრდას, როგორ იმუშავებს მომავალში. ესაა, ძირითადად, რუსეთიდან წამოსული კაპიტალი და სავაჭრო ბალანსი, რომელიც არსებობს სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებით”, - განუცხადა "რეზონანსს” თოქმაზიშვილმა.

საყურადღებოა ისიც, რომ `ბიმაჩ” პლატფორმაზე სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა შემცირებულია. მარტ-აპრილის 220 მლნ და 322 მლნ დოლარიანი ტრანზაქციების შემდეგ, ცენტრალური ბანკი, სავალუტო ბაზარზე მაის-ივნისში მცირედით ჩაერია. სებ-ს ამ 2 თვეში სულ რამდენიმე ათეული მილიონი აქვს შესყიდული. 2 ივნისს კი ბაზარს 40 მილიონი დოლარი მიაწოდა კიდეც.

უკვე დადასტურდა, რომ ლარის რყევა ქვეყნიდან მაისში კაპიტალგადინებამაც განაპირობა (დივიდენდები გაიცა) და ამიტომაც ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შეარბილა, რადგან ეროვნული ვალუტის გაუფასურება არ წახალისებულიყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×