"ტურისტი რამდენიმე დღეში მიდის, თუმცა მაღალი ფასები, რაც ქვეყანაში იყო, არ მცირდება, რაც დიდი პრობლემაა ადგილობრივებისთვის“
თიკა სიბოშვილი
21.06.2023

თბილისში ტურისტებისთვის ცხოვრება გაძვირდა და თითქმის წამყვან ევროპულ ქალაქებს დაეწია. ფასი გაიზარდა მომსახურების კუთხითაც, რაც არა მხოლოდ სტუმრებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც უქმნის პრობლემას.  ახლა, ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში საქართველო 181-ე ადგილზეა.

თბილისში ცხოვრება ყოველთვის უფრო ძვირი იყო, ვიდრე რეგიონის სხვა ქალაქებში. ტურისტულად ცხოვრების დონის გაძვირებას ერთი დადებითი შედეგი მოაქვს ეკონომიკური კუთხით, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფასების მატება მოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობაზე, რაც მათ დისკომფორტს უქმნის.

2022 წლის რეიტინგში თბილისს სიძვირით 217-ე ადგილი ეკავა. წელს საქართველოს დედაქალაქმა რეიტინგში 36 ადგილით დაწინაურდა და 181-ე ადგილზე გადაინაცვლა.

როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს დედაქალაქში ცხოვრება ყოველთვის უფრო ძვირია, მისი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე. თბილისი უკვე დიდ ევროპულ ქალაქებს არ ჩამოუვარდება სიძვირით.

„როდესაც ამა თუ იმ ქალაქში არსებულ სიძვირეზე ვსაუბრობთ ყურადღება ორ ასპექტს უნდა მივაქციოთ. ერთი - რამდენად ძვირია ქვეყანაში ცხოვრება ადგილობირივ მოსახლეობისთვის და მეორე - რამდენად ძვირია უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში გარკვეული ვადით არიან ჩამოსული.

უცხოური ფაქტორი, რომ გამოვრიცხოთ თბილისში ცხოვრება ყოველთვის უფრო ძვირია იყო, ეს დაკავშირებულია  ცხოვრების რიტმთან. ბიზნესისა და ეკონომიკური აქტივობის დიდი ნაწილი დედაქალაქზეა მიბმული. ბოლო მონაცემებით, ბიზნესის ბრუნვის ორი მესამედი და პროდუქციის გამოშვების ნახევარი თბილისზე მოდის. მთელ დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მეტი  წილი უკავია ამ მაჩვენებლებს.

ეს ყველაფერი,  რა თქმა უნდა, ასახვას ჰპოვებს ცხოვრების ღირებულებაზე, თუმცა მედლის მეორე მხარე ის არის, რომ შემოსავლები თბილისში უფრო მაღალია მოსახლეობის ერთ სულზე, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში.

უცხოელები რომლებიც დაინტერესებული არიან საქმიანი ურთიერთობით, ინვესტიციებით, მათთვისაც საკმაოდ ძვირია აქ ცხოვრება. ეს  დამოკდიებულია არა მხოლოდ სამომხმარებლო დოვლათზე, არამედ იმაზე რამდენად არის დედაქალაქში მათი განთავსებისათვის საკმარისი  და სასურველი სტანდარტების საცხოვრისი, უძრავი ქონება, რესტორნებისა და კაფეების ქსელი და ა.შ.“, - აღნიშნა არჩვაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ თბილისში მომსახურების ღირებულება დაბალი აქამდეც არ ყოფილა.

„როცა ნაკადი იზრდება და საკმარისი მიწოდება არ გაქვს, ამან შეიძლება ხელოვნური გაძვირება გამოიწვიოს. 1990-იანების დასაწყისში სააქართველოში და თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ერთადერთი სასტუმრო იყო „შერატონ მეტეხი პალასი“, ხოლო დღეს ყველა ფეხის ნაბიჯზეა ასეთი ობიექტები.

ტრადიციულად, თბილისში მომსახურების ღირებულება არასდროს ყოფილა დაბალი და  ნამდვილად არ ჩამოუვარდება ევროპას სიძვირით“, - დასძინა არჩვაძემ.

ფასების მატება პირველ რიგში ადგილობრივებს უქმნის დისკომფორტს, ამიტომაც საერთაშორისო ტურიზმის თანმდევი პროცესები მოსახლეობაზე არც თუ ისე კარგად აისახება. დედაქალაქში ცხოვრება ისედაც ძვირია, როგორც მომსახურების თუ პროდუქტების ღირებულების, ასევე სხვა კუთხითაც. ახლა როცა, თბილისში ცხოვრება გაძვირდა, ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს, განსაკუთრებით ტურისტულად აქტიურ პერიოდში.

სოციოლოგ პაატა აროშიძის შეფასებით, საერთაშორისო ტურიზმს ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა ამ დროს ასევე იზრდება ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯიც.

„ტურიზმისათვის სიძვირე დამახასიათებელია, განსაკუთრებით საერთაშორისო ტურიზმში ჩართული ქვეყნებისათვის. როდესაც უცხოელი ტურისტები ჩამოდიან და ჩამოაქვთ თანხა, რომელიც მათ ქვეყანაში არის გამომუშავებული და ეს უნდა დაიხარჯოს სხვა ქვეყანაში.

სეზონურად აქტიურ პერიოდში საქართველოს კურორტებზე ცხოვრებისთვის უფრო მეტი თანხაა საჭირო, ვიდრე ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე. სეზონური თუ არასეზონური პროდუქცია, ხილი თუ ბოსტნეული თუ სხვა აქტიურ ზონებში მაგალითად, თბილისში, ბათუმში, ბორჯომი, გუდაურში უფრო ძვირი ღირს, ვიდრე იქ, სადაც ტურისტული აქტივობა ნაკლებია.

როცა ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმი განვითარებულია, გარდა იმისა, რომ ამას ქვეყნისთვის ფული შემოაქვს, აქვს მეორე მხარეც - იზრდება ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯიც. ძვირდება ცხოვრება, კვება, მომსახურება და ა.შ.  ტურისტი შემოდის და რჩება რამდენიმე დღე, შემდეგ მიდის, თუმცა ის მაღალი ფასები, რაც ქვეყანაში იყო, რჩება და არ მცირდება, რაც ნამდვილად დიდი პრობლემაა“, - აღნიშნა აროშიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, უცხოელი სპეციალისტებისთვის წელს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქებია ჰონგ-კონგი, სინგაპური და ციურიხი.

რეიტინგის ავტორებმა უცხოელებისთვის ყველაზე იაფ ქალაქებს შორის დაასახელეს ტაშკენტი, ანკარა, დუშანბე, ბიშკეკი და ჰავანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×