"ბაზარი შედარებით დამშვიდდა, წლის ბოლომდე რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით"
გვანცა წულაია
22.06.2023

სამშენებლო მასალების გაძვირება, მიმდნარე ეტაპზე, შეჩერებულია. მართალია, ღირებულება საბოლოო ჯამში მაინც გაზრდილია, თუმცა დასტაბილურებულია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულად ამ ფაქტორის გამო, მშენებლობის გაძვირება აღარ არის მოსალოდნელი.

მიმდინარე ეტაპზე სამშენებლო მასალები არ იაფდება, თუმცა აღარც ძვირდება. ამ მხრივ სიტუაცია შედარებით სტაბილურია, რაც მშენებლობის ფასსა და საბოლოოდ უძრავი ქონების ღირებულებაზე აისახება.

სამშენებლო კომპანია, შპს "ზუკაკუს” დამფუძნებელი ზურაბ კუკულაძე ნაწილობრივ ადასტურებს, რომ მოკლევადიან პერიოდში სამშენებლო მასალების გაძვირება შეჩერდა.

"მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დოლარი მეტ-ნაკლებად რაღაც ნიშნულზე დასტაბილურდა და ეს საქონელი, სამშენებლო მასალები, იმპორტირებულია, მაშინ ზოგადი განწყობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მოკლევადიან პერიოდში ზრდა შეჩერებეულია.

გრძელვადიან პერიოდს თუ განვიხილავთ და 1-2 წლის წინანდელ მდგომარეობას შევაფასებთ დღევანდელთან, მაშინ გეტყვით, რომ ამ მხრივ ღირებულების კლება ნამდვილად არ გვაქვს, პირიქით, გაზრდილია სამშენებლო მასალების ფასები”, - განუცხადა "რეზონანსს” ზურაბ კუკულაძემ და კითხვაზე: რა დრო იგულისხმება მოკლევადიან პერიოდში? განაცხადა, რომ: "ბოლო 3 თვეში, ზოგადი განწყობით, სამშენებლო მასალების ფასები შესამჩნევად არ გაზრდილა”.

კუკულაძემ ასევე განაცხადა, რომ მუშახელი თავისი ხელობის ფასს ზრდის და ეს წნეხი ჯერ არ შემსუბუქებულა.

"მუშახელის მომსახურების ხარჯი იზრდება. ხელოსნების დაქირავება ძვირდება და მშენებლობაზე ეს გარემოება აისახება. წლის განმავლობაში როდესაც 10-15%-იანი ინფლაციაა, ეს ხომ აძვირებს თვითონ მუშახელის ცხოვრებას, თუნდაც ბინის ქირა იყოს, თუნდაც რაიმეს შეძენა და ა.შ. აქედან გამომდინარე, თვითონ ხელოსნებიც იძულებულნი არიან გაზარდონ მომსახურების ფასი”, - უთხრა "რეზონანსს” კუკულაძემ.

სამშენებლო ბაზარი, რომელიც მოიცავს არმატურას, ფოლადს, ცემენტს, ბლოკს და სხვა მასალებს, ბოლო დროს დასტაბილურდა. მანამდე კი, გაძვირება, რომელიც პანდემიის დროს, წარმოების შეფერხებისა და მიწოდების ჯაჭვების რღვევის გამო დაიწყო, 2021 წელსაც გაგრძელდა. 2022 წლის გაზაფხულზე უკვე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. აქედან გამომდინარე, საქართველოში სამშენებლო მასალების ღირებულება 2021 წელს - 23%-ით, ხოლო 2022 წელს - 14%-ით გაიზარდა. მიმდინარე მონაკვეთში კი, ასეთი მკვეთრი ნახტომი აღარ შეინიშნება.

სამშენებლო დარგის სპეციალისტი მალხაზ კუნალური ადასტურებს, რომ სამშენებლო პროდუქციის ღირებულება მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულია და ფასები წლის ბოლომდე რაიმე განსხვავებულ ცვლილებას არ დაექვემდებარება.

"ფასები ყოველკვარტალურად თვალში საცემად არ იზრდება, თუმცა დინამიკა შეიძლება შევაფასოდ წლიდან-წლამდე და გასულ წელთან შედარებით სამშენებლო მასალები, რა თქმა უნდა, გაძვირებულია. დღეს გაცილებით ძვირია, ვიდრე ეს იყო ერთი წლის წინ და ამას თავისი განმაპირობებელი მიზეზები გააჩნია. ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი, რის გამოც სხვადასხვა პროდუქციაზე საქართველოში შეზღუდულად შემოდის. ასევე, თურქეთის მიმართულებით არის კრიზისი, რომელიც მიწისძვრიდან გამომდინარე გაჩნდა.

ამას ემატება კიდევ სხვადასხვა ტიპის ინფლაციური პროცესები და კიდევ ის, რომ ჩვენი ქვეყანა სამშენებლო მასალებს ნაკლებად აწარმოებს. ადგილობრივი პროდუქცია გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ცემენტი, ბალასტი, ქვიშა და მის შედეგად მიღებული სამშენებლო პროდუქტი. ტექნოლოგიურ და მოსაპირკეტებელ ნაწილს რაც შეეხება, ყველაფერი უცხოეთიდან შემოდის.

სამშენებლო მასალების ფასები მაღალია, მაგრამ ქაოსურად ძვირი აღარ არის. მეტ-ნაკლებად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურებულია, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არსებული ღირებულება აუცილებლად შენარჩუნდება. ამ მონაკვეთში მომდევნო 3 წელს მაინც ვგულისხმობ. ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ წლის ბოლომდე რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით.

რაც შეეხება გაცვლითი კურსის ფაქტორს. ბოლო რამდენიმე კვირაში ლარი 10-15 პუნქტით გაუფასურდა და ასეთი გარემოება, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სამშენებლო პროდუქტების შეძენაზე ახდენს გავლენას, არამედ იმ მომწოდებლებზე, რომელთაც ქვეყანაში მასალები შემოაქვთ. როდესაც ეროვნული ვალუტა მოკლევადიან პერიოდში ასეთ რყევას განიცდის, ეს ახდენს  ბაზარზე გავლენას”, - დასძინა "რეზონანსთან” მალზახ კუნელაურმა და კითხვაზე, თუკი ლარის გაუფასურება გავლენას ახდენს, რატომ გამყარება არ იწვევს დადებით ეფექტს, რომელიც მაისამდე თვალში საცემი იყო, ასეთი პასუხი გასცა:

"ეს პროცესი, ფაქტობრივად, გაზაფხულიდან დაიწყო და რამდენიმეთვიანი გამყარება, არსებით გავლენის მოხდენას ვერ შეძლებს. ეკონომიკა ბიზნესი ასე სწრაფად გაუმჯობესებისკენ ვერ რეაგირებს. გაუარესებისთვის უფრო სწრაფი უკუსვლა შეიძლება შეიშნებოდეს ასეთი ფაქტორების გამო და გაუმჯობესება უფრო რთულია, დადებით დინამიკას უფრო მეტი და სტაბილური დრო სჭირდება. იყოს ლარი თუნდაც 2.60-2.70-ზე, მაგრამ სტაბილურად, რაც გაგრძელდება 1-2 წლის განმავლობაში. მერე ყველაფერი უფრო ადვილად გასათვლელი იქნება”, - აღნიშნა კუნელაურმა "რეზონანსთან” საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×