შეიცვლება თუ არა სებ-ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და სავალუტო ფონდთან ურთიერთობა?
გვანცა წულაია
22.06.2023

საქართველოს ეროვნულ ბანკში დიდი ცვლილებებია. სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ნათია თურნავა აირჩიეს და ის აგრეთვე პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. მმართველმა პარტიამ თავისი გაიტანა და ცენტრალურ ბანკი თავის ნდობით აღჭურვილ პირს ჩააბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სებ-ი "ქართული ოცნების" კანდიდატმა ჩაიბარა.

საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის და პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შემოვიდა ახალი აღმასრულებელი თანამდებობა - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს.

სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს აკრიტიკებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ასევე თავად ეროვნული ბანკიც, სადაც არ გამორიცხავენ, რომ "ოცნების" მიერ დამტკიცებულმა კანონმა, შესაძლოა, ქვეყანაში სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამა შეაფერხოს.

პირველ ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სწორედ სავალუტო ფონზე ისაუბრა ნათია თურნავამ და განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაუგებრობები აღმოიფხვრას და ეფექტური თანამშრომლობა გაგრძელდეს.

"სავალუტო ფონდი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი. მე, როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრს, მაქვს ფონდთან თანამშრომლობის საკმაო გამოცდილება, ძალიან კარგად ვიცი და ვაფასებ იმ სიკეთეს, რაც მოაქვს მათთან თანამშრომლობას. აქედან გამომდინარე, მთელი გუნდი გავაკეთებთ ყველაფერს, რათა სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მანვე ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან ნაბიჯზე გაამახვილა, რომლის გადადგმასაც ეროვნული ბანკი აპირებს. პირველ რიგში, სებ-ი გააგრძელებს ადეკვატურ, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას.

„საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. ბოლო პერიოდში ინფლაცია, რაც ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავია, ხასიათდება დაღმასვლით. გვაქვს იმედი, რომ საშუალოვადიან პერიოდში მივაღწევთ მიზნობრივ მაჩვენებელს. ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი ძლიერი ინსტიტუცია, ისევ გააგრძელებს ადეკვატურ და ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას“, - აღნიშნა თურნავამ და განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი კვლავაც დარჩება დამოუკიდებელ ინსტიტუტად, რომელიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ფინანსური სტაბილურობისთვის.

„ერთ-ერთ მიმართულებად მესახება დეპოზიტების მიმართულებით ვიზრუნოთ დოლარიზაციის წილის შემცირებაზე. დედოლარიზაცია კვლავაც გამოწვევაა, რადგან მისი შემცირება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტ ეფექტურობას ნიშნავს. ამ კუთხით კარგი მიღწევებია, თუმცა სხვადასხვა გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე კვლავაც არის გარკვეული გამოწვევები ამ თვალსაზრისით.

დღესდღეობით 50%-ზე ოდნავ მეტია სესხებში დოლარიზაციის კოეფიციენტი - ადრე ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო. ჩვენ სხვადასხვა გზით ვიზრუნებთ, რომ დედოლარიზაციის პოლიტიკა კვალვაც გაგრძელდეს. ერთ-ერთ მიმართულებად მესახება დეპოზიტების მიმართულებით ვიზრუნოთ დოლარიზაციის წილის შემცირებაზე“, - განახადა თურნავამ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნათია თურნავას კანდიდატურის გაყვანით სებ-ში ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან ეკონომიკის ყოფილი მინისტრი საბჭოს წევრი ისედაც იყო. ასე ფიქრობს საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე, რომლისთვისაც კრიტიკა გასაგებია, მაგრამ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ამ საკადრო გადაადგილებას რეალური ცვლილებები არ მოჰყვება.

"ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭო წევრი იყო, საბჭოს უნდა აერჩია თავიანთი ვიცე-პრეზიდენტი, რაკი სალომე ზურაბიშვილმა არ წარადგინა გარკვეული კანდიდატურები, საიდანაც შემდგომ მოხდებოდა პრეზიდენტის შერჩევა. რადგან ნათია თურნავა საბჭოს წევრი ისედაც იყო, არსებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არ შეიცვლება. მაკროეკონომიკრ სტაბილურობას ამ კუთხით საფრთხე არ დაემუქრება.

სებ-ში გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ადამიანი არ იღებს, არამედ საბჭო კენჭისყრის შედეგაც, როცა საკითხი ეხება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ეს არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მისი ცვლილება და ა.შ. ისეთი ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ მაკროეკონომიკაზე და ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე. აქედან გამომდინარე, გასაგებია კრიტიკა, მაგრამ ამ საკადრო გადაადგილებას რეალური ცვლილებები არ მოჰყვება”, - განუცხადა "რეზონანსს” გოჩა თუთბერიძემ.

დაახლოებით იგივეს ფიქრობენ ეკონომისტებიც. "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტის პაატა შეშელიძის აზრით, არჩილ მესტვრიშვილი სავალუტო ფონდის კანდიდატად აღიქმებოდა, ნათია თურნავა კი უშუალოდ "ქართული ოცნების” მხარდამჭერ ადამიანად, მაგრამ რაიმე კარდინალურ ცვლილებებს არც ის ელოდება.

"ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან მალევე გახდა სებ-ის საბჭო წევრი. მაშინვე გამოიკვეთა, რომ საბოლოო ჯამში, სურდათ მისი სებ-ის ხელმძღვანელად გაყვანა.

აქამდე ითვლებოდა, რომ ის ადამინია, ვინც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულდებდა (არჩილ მესტვრიშვილი), სავალუტო ფონდის კანდიდატად აღიქმებოდა და ნათია თურნავა კი უშუალოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერ ადამიანად აღიქმება. მე მაინც ვფიქრობ, როგორც წინა პრეზიდენტმა, ისე მისმა წინამორბედმა მთავრობას რაც სჭირდებოდა ყველაფერი შეუსრულა. ყველა სესხი მისცა და ყველა წარმოებულ პოლიტიკაში მხარი დაუჭირო, ამიტომ ნუ ვიქნებით მეამიტები და ნუ ვიტყვით, რომ ამით რაიმე არსებითად შეიცვალა. ეროვნული ბანკი ყოველთვის იყო ხელისუფლების სამსახურში და ეს არის პრობლემა, რაეც თითქმის არავინ საუბრობს.

სებ-ი, როგორც ინსტიტუტი, არსებული სახით, უბრალოდ, არ უნდა არსებობდეს. ეროვნული ბანკი არის ორგანო, რომელიც პირდაპირ აფინანსებს მთავრობას და მასთან დაახლოებულ ვიწრო ჯგუფების ინტერესებს, ამიტომ ეს სისტემა მოსაშლელია. არ შეიძლება ფული გამოიყენებოდეს კონკრეტული ამოცანების დასაფინანსებლად და კონკრეტული ადამიანების ინტერესებისთვის”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა შეშელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×