ყაზახეთი და აზერბაიჯანი მაქსიმალურად ერთვებიან პროექტში, მალე მათ სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან
გვანცა წულაია
26.06.2023

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოს დერეფანმა საკმაოდ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა. ამის მიზეზი ტვირთვების გადმომისამართება გახდა და ისედაც ტრანზიტად ქვეული ქვეყანა, უფრო გააქტიურდა. საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან სხვადასხვა ხელშეკრულებას აფორმებს იმისათვის, რომ ტვირთბრუნვა უფრო მეტად გაზარდოს და „შუა დერეფნაში“ უდიდესი როლი შეინარჩუნოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგაც. 

საქართველოს დერეფნის მიმართ დაინტერესება ომამდეც იყო, შესაბამისად, გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს ამ შანსის გამოყენება არ გაუჭირდა და ქვეყნის მიმართ ეკონომიკური დაინტერესება და ნდობა სულ უფრო იზრდება.

სწორედ ამის გამოხატულებაა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმაილოვის საქართველოში ვიზიტიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში შედგა, სადაც ყველაზე დიდი ყურადღება შუა დრეფანს და მის მეტად გააქტიურებას დაეთმო. 

„გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. პროექტში ჩართულია: აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი  და ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი მოიხსნას და „შუა დერეფანი” გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად, აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშრუტის მეშვეობით „შუა კორიდორში”. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან.

ეს არის 5-წლიანი გეგმა, დაახლოებით, 2027 წლამდე ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას. ასევე, გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი. ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე“, - განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახ კოლეგასთან ერთად გამართულ შეხვედრაზე.

თავის მხრივ, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთბრუნვის 10 მლნ ტონამდე გაზრდა სურს, რა დროსაც საქართველოსთან სინქრონულ თანამშრომლობას საკვანძოდ მიიჩნევს,

„საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს.

2022 წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა 2-ჯერ გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები - 30%-ით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-27 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად“, - განაცხადა ალიხან სმაილოვმა.

სხვათა შორის, გასულ წელს ყაზახეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 136%-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია წელსაც. კონკრეტულად იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 188 მლნ დოლარი, რაც 283%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ყაზახეთთან ერთად, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა იზრდება სხვა პარტნიორ ქვეყნებთან. ასე რომ, საქართველო თავის კონტურებს ტვირთების დერეფნის რუკაზე უფრო მეტად გამოხატავს.

საქართველოს როლზე საუბრობს ახლაგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი და აცხადებს, რომ  „შუა დერეფნის“ ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაზეც სტატისტიკაზაც მეტყველებს.

„რუსეთის აგრესიის შემდეგ, რიგი მიმართულებები გაცილებით უფრო სარისკო გახდა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს ქვეყანა სანდრო პატრნიორი არ არის. რასაკვირველია, ამის შემდეგ, ქართული დერეფანის, რომელსაც „შუა დერეფანს“ ვეძახით, როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებიც გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, 2022 წელს არა მხოლოდ 2021 წელთან, არამედ მის წინა წელთან შედარებითაც, რკინიგიზით სატვირთო გადაზიდვები საკმაოდ არის გაზრდილი. იგივე სიტუაცია გვაქვს საავტომობილო გადაზიდვებთან დაკავშირებითაც.

ეს ყველაფერი მჭიდრო კავშირშია საქართველოს როლთან და მნიშვნელოვან ფუნქციასთან, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი პატრნიორი ქვეყნები ფიქრობენ, რომ საქართველოს ტრანზიტის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდონ და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მოლაპარაკებაც მიმდინარეობს“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ბაირახტარმა და დასძინა, რომ სწორი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში, საქართველო გაზრდილ ნაკადს ომის დასრულების შემდეგაც შეინარჩუნებს.

„რკინიგზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2024 წელს უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ დაახლოებით 45%-ით უნდა გაიზარდოს რკინიგზის გამტარუნარიანობა.

ამ ყველა ფაქტორის ერთობლიობით, საქართველოს როლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სწორად გატარებული ინფრასტრუქტურული რეფორებისა და პროექტების განხორცილების და ამავე დროს, გონივრული პოლიტიკის შენარჩუნების შემთხვევაში, არის პერსპექტივა იმისა, რომ ეს გაზრდილი ნაკადი ქვეყანამ ბოლომდე შეინარჩონოს. ასეთ პირობებში, საკმაოდ დიდი რესურსი არსებობს იმისა, რომ ტვირთები, რომლებიც ამ ეტაპისათვის გაედინება საქართველოს დერეფანში, სხვადასხვა მიმრთულებით, საშუალოვადიან პერსპექტივაშიც შენარჩუნდეს“, - დასძინა ბაირახტარმა „ბიზნეს-რეზონანსთან“.

საქართველო, როგორც „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი რგოლი, დაინტერესებულია ამ მიმართულების განვითარებით და გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამს კიდეც. მაგალითად, 2022 წლის 31 მარტს საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ „შუა დერეფნის“ შესახებ ოთხმხრივ დეკლარაციას. ხელმოწერისას ხაზი გაესვა ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობასა და „დეკლარაციის მხარე სახელმწიფოების სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“.

მოგვიანებით, 2022 წლის 25 ნოემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო და სატრანსპორტო მინისტრების შეხვედრა, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს საგზაო რუკას 2022-2027 წლებში „შუა დერეფნის“ განვითარებისა და „ვიწრო“ მონაკვეთების შეთანხმებულად აღმოსაფხვრელად.

როდესაც 2023 წლის 19 იანვარს, შვეიცარიაში, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, ხაზი გაუსვა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას და თქვა, რომ საქართველო „დიდ კაპიტალდაბანდებას ახდენს ინფრასტრუქტურაში“.

ბოლოს, 2023 წლის 7 აპრილს, ალიევმა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო აზერბაიჯანში, საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით მუშაობენ „შუა დერეფნის“ იმპლემენტაციაზე“.

ასე რომ, საქართველო თავისი როლის გაძლიერებაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტის გელა კვაშილავას შეფასებით, „შუა დერეფანის“ მეტად გააქტიურებას მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი, რათა უფრო ეფექტური და მოქნილი გახდეს.

„პირველ რიგში, „შუა დერეფანი“ ისეთ აქტიურ ფაზაში შევიდა და იმდენად მოთხოვნადია, რომ ამ გააქტიურებას მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი, რათა უფრო ეფექტური და მოქნილი გახდეს. ციფრები აჩვენებს, რომ ტვირთნაკადი ძალიან გაზრდილია და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მაჩვენებელი კიდევ უნდა გაიზარდოს. როგორც ვიცით, მთავრობა მუშაობს ლოგისტიკის პროგრამაზე, ტრანსპორტის გაფართოებაზე.

ჩვენთვის, მეზობლებისთვის და ზოგადად რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე დამოკიდებულება რაც შეიძლება ნაკლები იყოს. ბევრი ქვეყანაც ასე ფიქრობს და უკრაინაში რუსეთის აგრესიამ, ყველა დაარწმუნა, რომ მათზეე დამოკიდებულება ძალიან ცუდია, მათ შორის ამ სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებითაც“, - განაცხადა „ბიზნეს რეზონანსთან“ გელა კვაშილავამ და დასძინა, რომ ანალიზი უკვე გაკეთდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი დაკვირვებაა საჭირო რა შეიძლება გაკეთდეს და სად არის გამოწვევები, რომ შემდგომში სწრაფად გადაიჭრას. სწორედ ამ მხრივ მთავრობის მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×