ქვეყანაში მიგრაციულიო ფონი გაუარესდა - ქართველები მეტის საშოვნელად უცხოეთში მიდიან, აქ კი მათ ადგილს უცხოელი მიგრანტები იკავებენ
რეზონანსი
26.06.2023

2020 წლიდან დღემდე, პანდემიის, შემდეგ უკვე რუსეთ-უკრაინის ომის გამო შინამეურნეობების ხარჯი 1/4-ით და მეტადაც გაიზარდა. მართალია, ამ პროცესის პარალელურად შემოსავლებიც მეტ-ნაკლებად იზრდება, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში, მაგრამ რეალურად ხელფასი ვერ ეწევა ხარჯს. ეს მძიმე ტენდენცია მკვეთრად გამოიკვეთა პანდემიის ფონზე, რომელიც ტოტალური ინფლაციის პერიოდი იყო. ფასების ზრდისა და ლარის გაუფასურების პირობებში ოჯახების დანახარჯმა იმდენად მოიმატა, რომ ამან მიგრაციის დიდი ტალღა გამოიწვია.

მართალია, ბოლო რამდენიმე თვეა მდგომარეობა შეიცვალა, მაგრამ ამასობაში ქვეყანაში მიგრაციულიო ფონი გაუარესდა, ხოლო უფრო და უფრო მატულობს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც დასაქმების მიზნით საქართველოს ირჩევენ.

როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ "ბიზნეს-რეზონანსს" დაუდასტურა, ბოლო 3 წელიწადში, შინამეურნეობების ხარჯი დაახლოებით 27-28%-ით გაიზარდა ანუ 1/4 -ით და უფრო მეტადაც, რაშიც პანდემიამ დიდი როლი ითამაშა, შემდეგ უკვე რუსეთ-უკრაინის ომმაც შექმნა დამატებითი პრობლემა, თუმცა მისი გავლენა ხარჯების სტრუქტურულ ნაწილში მაინც ყველაზე ნაკლებია.

,,ბოლო დროს ხელფასის ტიპის შემოსავლები გაიზარდა, ხოლო შედარებით სწრაფად მოიმატა დაბალშემოსავლიანთა შემოსავლებმა მაღალშემოსავლიანების კატეგორიასთან შედარებით. შესაბამისად, სხვაობა ამ ჯგუფებს შორის, ნელ-ნელა, მაგრამ მცირდება. თუკი მსოფლიო ბანკის  კვლევებს დავეყრდნობით, ბოლო 1 წელიწადში საქართველოში სიღარიბე დაძლია დაახლოებით  80 ათასმა ადამიანმა, ხოლო 2012 წლის შემდეგ ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა.

ცხადია, როდესაც იზრდება შემოსავლები, ჩნდება დამატებითი მოთხოვნილებები, მაგალითად, 30 წლის წინ საერთოდ არ იყო მოთხოვნა მობილურ ტელეფონებზე, პლანშეტებზე და სხვა თანამედროევ საშუალებებზე. დღეს ეს ყველაფერი გაჩნდა და როდესაც ჩვენი შემოსავლები ამ მოთხოვნებს ვერ უზრუნველყოფენ, ადამიანები ცდილობებნ მეტი იმუშაონ ან დამატებითი რესურსი მოიძიო, რომ თავიანთი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ მომავალი შემოსავლების ხარჯზე", - აღნიშნა არჩვაძემ და ყურადღება ხელფასების ზრდასა და ინფლაციაზე გაამახვილა.

,,ომს ჩვენზე პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია. მეტიც, ბოლო თვეებში საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა. კერძოდ, ბოლო 1 წელიწადში საშუალო ხელფასის მაჩვენებელმა 1,5-ჯერ და მეტად გადაუსწრო ინფლაციის ზრდის ტემპს, ანუ რეალურ განზომილებაშიც შემოსავლები გაიზარდა. ამასთან, დასაქმების მაჩვენებელმაც მოიმატა.

ორი ფაქტორია, რაც მოქმედებს მოსახლეობის კეთილდღეობაზე - დაქირავებით დასაქმებულების რიცხოვნობა და  საშუალო ხელფასის ოდენობა, რამაც საბოლოოდ  საკმაოდ დადებითი შედეგი მოიტანა. მიგრაციას ვაქცევთ ყურადღებას და ვწუხვართ, რომ ბევრი გადის საქართველოდან, მაგრამ ასევე ბევრი უცხოტომელი დამკვიდრდა საქართველოში. ისინი მარტო ლანდშაფტის, კლიმატური პირობების გამო არ არიან შემოსული, მათი დიდი ნაწილი სწორედ ეკონომიკური ინტერესების გამოა და მიაჩნიათ, რომ საქართველოში მათი ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობებია. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ საქართველოში შრომის ანაზღაურების დონე რეგიონში ერთ-ერთი პირველ პოზიციაზეა ლარის გამყარებისა და საშუალო ხელფასის ზრდის გამო", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ფაქტს, რომ შემოსავლები გაზრდილ ხარჯს ვერ ეწევა, მოსახლეობის კეთილდღეობის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელი  რამაზ გერლიანი, რომლის შეფასებითაც, შინამეურნეების ხარჯი დაახლოებით 20-25%-ით არის გაზრდილი ბოლო 3 წელიწადში.

,,საქართველოდან მაღალი  მიგრაციის გამომწვევი 99% სწორედ სოციალურ-ეკონომიკური  პრობლემაა. მოსახლეობის ხარჯი არის მკვეთრად გაზრდილი. შემდეგ უკვე, როცა შემოსავლები ვერ ეწევა ხარჯს, მოქალაქეებს უჩნდებათ სურვილი,  წავიდნენ იმ ქვეყნებში, სადაც მეტი ანაზღაურებაა. რიგ შემთხვევაში, მათი მოლოდინი ვერ მართლდება, თუმცა მაინც არ ბრუდებიან სამშობლოში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ ინფლაცია 2 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი გვქონდა, ზოგს ხელფასი ელემენტარული პროდუქტის შესაძენად არ ყოფნის. საშუალო მომხმარებელზე გათვლით, ხარჯი დაახლოებით 20-25%-ით არის გაზრდილი. სიტუაცია განსაკუთრებით საგრძნობი გახდა ბოლო 2-3 წელიწადში, როცა მიგრანტებმა, შემოსულმა ხალხმა ამ ინფლაციაზე მეტი ზეწოლა მოახდინა. მათთვის არ არის მძიმე ხარჯთან გამკლავება, მაგრამ რთულია ჩვენთვის, რადგან შემოსავალი სამყოფი აღარ არის", - აღნიშნა გერლიანმა.

მისი ინფორმაციით, შემოსავლები სხვადასხვა ჯგუფისთვის გაზრდილია, რიგ დარგებში 15%-ით ზოგ შემთხვევაში 25% და 40%-თაც, მაგრამ არსებითი გავლენა ვერც ამან მოახდინა.

,,ეკონომიკას წონასწორობის წერტილი ახასიათებს, უსასრულოდ ასე ვერ გაგრძელდება. გრძელვადიან პერიოდში ხარჯი და შემოსავლები დაბალანსდება. ქართული რეალობისგან განსხვავებით, უცხოურ ქვეყნებში ხარჯი, ძირითადად, ინვესტირებაში მიდის, ხოლო  საქართველოში, პირიქით, ინვესტირების ნაწილი საკმაოდ დაბალი ან თითქმის არ გვაქვს. ცალკეული დარგების სიტუაცია რიგით მოქალაქეებზე გავლენას ვერ ახდენენ, რაც ჩვენი მძიმე ყოველდღიურობაა", - განუცხადა,,ბიზნეს-რეზონანსს" რამაზ  გერლიანმა.

"პიემსი" კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, ბოლო ერთ წელში 4.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც დამსაქმებლები 2 400 ლარს ან უფრო მეტს უხდიდნენ. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი, მათი რაოდენობა 9.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. გასულ თვეში ამ ოდენობის ხელფასს დასაქმებულების 21.3% იღებდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×