იმპორტი ორივე ქვეყნიდან მატულობს, თუმცა რუსეთში ექსპორტი საგრძნობლად არის გაზრდილი
გვანცა წულაია
27.06.2023

საქართველოს მთავარი სავაჭო პარტნიორი ქვეყნების (თურქეთი და რუსეთი) ვალუტები მკვეთრად უფასურდება. ასეთ ფონზე, საქართველოსთვის მათი პროდუქცია იაფდება, თურქეთისა და რუსეთისთვის კი ქართული საქონელი ძვირდება, რამაც ექსპორ-იმპორტის ნაწილში ცვლილებები უკვე მოიტანა. სიიაფიდან გამომდინარე კი, არაა გამორიცხული, რომ ამ ორი ქვეყნის პროდუქცია ქართულ ნაწარმთან კონკურენციაში შევიდეს.

დამანგრეველი მიწისძვრის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მაისში არჩევნებში ხელახლა გამარჯვებისა და ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 15%-მდე გაზრდის შემდეგ, თურქეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდება. 1 ლირა უკვე 10 თეთრი ღირს, რაც, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ლირის გაუფასურება ლართან მიმართებით ქართველ იმპორტიორებს თურქულ პროდუქციას უიაფებს, თუმცა საპირისპირო გავლენა აქვს საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე, რამეთუ თურქი მოვაჭრეებისთვის ქართული პროდუქცია ძვირდება.

ცხადია, ეს მოცემულობა ორი ქვეყნის სავაჭრო მაჩვენებლებზე უკვე აისახა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში იმპორტი თურქეთიდან, რომელიც საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ისტორიულ მაქსიმუმზეა.

2023 წლის იანვარ-მაისში იმპორტმა 1.02 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 839.5 მლნ აშშ დოლარს, თითქმის 22%-ით აღემატება.

პარალელურად, იკლებს საქართველოდან თურქეთში ადგილობრივი ექსპორტი და ამავე წლის 5 თვეში 152.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ეს კი წინა წლის მაჩვენებელს 15.8%-ით ჩამორჩება.

იგივე მოცემულობაა რუსეთის შემთხვევაშიც, ლართან მიმართებაში უფასურდება რუბლი და დღეს 100 რუბლი მხოლოდ 3 ლარს შეადგენს. ეს გარემოება იმპორტიორებს რუსული პროდუქციის საქართველოში შემოტანას უიაფებს, ექსპორტიორებს კი – უძვირებს, თუმცა სტატისტიკაში სხვა მოცემულობაა. მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში (იანვარ-აპრილი) საქართველომ რუსეთში ექსპორტი 45%-ით, 226 მლნ დოლარამდე გაზარდა. რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი 54%-ით გაიზარდა და მოცულობამ 622 მლნ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკოსისა და ეკონომისტის გივი მომცელიძის აზრით, ლირისა და რუბლის გაუფასურების გამო, თურქული და რუსული საქონლის შესყიდვა წახალისდება. 

"თურქული და რუსული ვალუტების გაუფასურება, რა თქმა უნდა, ამ ორ ქვეყანასთან საგარეო ვაჭრობაზე იმოქმედებს. თუ ჩვენც დავეწევით ლარის გაუფასურებით, მაშინ, დიდი ძვრები არ იქნება, მაგრამ ამას რასაკვირველია, არ ვიზამთ.

თურქეთთან უფრო პირდაპირი შეხება გვაქვს, თვითონ მოქალაქეებსაც, ონლაინ ვაჭრობით და ამ ქვეყანაში გადასვლით, ამიტომ მათი ამბავი უფრო საგრძნობია. ლირის გაუფასურება თურქული პროდუქციის შეძენას უფრო წაახალისებს. მეორე მხრივ, ქართული პროდუქცია გაძვირდება, რაც შესაბამისად, ექსპორტზე ცუდად აისახება. ზუსტად რამდენი პროცენტით შეიცვლება ბალანსი არ ვიცი, მაგრამ ამ მხრივ მდგომარეობა რომ გაუარესდება და სავაჭრო სალდო უფრო უარყოფითი გახდება, ეს ფაქტია. 

რაც შეეხება რუსეთს, პროდუქციის ყიდვა-გაყიდვაზე თუ გვაქვს საუბარი, რაიმე განსხვავებულს ვერ გეტყვით, დაახლოებით იგივე მოხდება, რაც თურქეთის შემთხვევაში. მათთვის ჩვენი პროდუქცია უფრო გაძვირდება და მოთხოვნა შემცირდება, მათი საქონელი კი ჩვენთვის გაიაფდება, ამიტომ ჩვენი ბალანსი უფრო უარყოფითი იქნება”, - განუცხადა "რეზონანსს” მომცელიძემ.

თურქული და რუსული საქონელი ქართულ პროდუქციასთან კონკურენციაში შევა, მაგრამ შიდა მოთხოვნის გამო, ადგილობრივი მოსავლის რეალიზება მაინც მოხერხდება და ამ მხრივ პრობლემა არ შეიქმნება.

"რადგან ჩვენთვის თურქული და რუსული საქონელი იაფდება, ადგილობრივ პროდუქციას კონკურენციას გაუწევს. განსაკუთრებით თურქეთიდან ხილ-ბოსტნეულის შეძენა უფრო იაფი იქნება, ვიდრე შარშან და ადგილობრივს გაუწევს კონკურენციას, მაგრამ აქვე უნდა გითხრათ, რომ ქართულ აგრარულ პროდუქტს დიდი პრობლემები არ შეექმება, რადგან ასე თუ ისე, არსებობს შიდა მოთხოვნა და ამის ხარჯზე ხდება ხოლმე გასაღებაც”, - დასძინა "რეზონანსთან” გივი მომცელიძემ.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ ეკონომისტთა მეორე ნაწილს. ისინი აცხადებენ, ლირის და რუბლის გაუფასურება, თურქეთსა და რუსეთში პროდუქციას გააძვირებს, ამიტომ ეკონომისტი ავთო სილაგაძე არ გამორიცხავს, რომ ამ ორი ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცის ფასი საქართველოშიც გაიზარდოს.

"თურქეთიც და რუსეთიც მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია ჩვენთვის. ყველა შემთხვევაში, საქართველოზე ლირის და რუბლის გაუფასურება გავლენას მოახდენს, რადგან მათზე დიდად ვართ დამოკიდებულნი. მით უმეტეს, რომ ჩვენს ექსპორტში მაგალითად რუსეთის წილი, დახლოებით 11%-ზე მეტია, იმპორტის კუთხით კი 13%-ის ფარგლებშია, თურქეთის - 17%-ზე მეტი. ამ გარემოებამ შესაძლოა, ფასებზე მოახდინოს გავლენა. მათგან შემოტანილი საქონელი შეიძლება გაძვირდეს, განსაკუთრებით თურქეთიდან, რადგან როდესაც ვალუტა არამყარია, ფასებზე ხდება გავლენა. 

ეკონომიკური მდგომარეობის გაურესებამ შეუძლებელია, რომ პროდუქციის ფასებზე ასახვა არ მოახდინოს. მათ ხარჯი გაეზრდებათ და ასეთ შემთხვევაში საქონლის თვითღირებულებაც მოიმატებს. როდესაც ვალუტა უფასურდება, პროდუქცია ძვირდება. ლარი რომ გაუფასურდეს, ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის ფასი ჩვენს ვალუტაში ხომ გაძვიდება? ანალოგიური მოხდება იქაც, ამიტომ ვამბობ რომ შეუძლებელია გაუფასურებამ გავლენა არ მოახდინოს და მათგან შემოტანილი პროდუქცია არ გაძვირდეს”, - განუცხადა ავთო სილაგაძემ "რეზონანსს”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×