სასტუმროს მფლობელები და ტუროპერატორები უფრო ნერვიულობენ, ვიდრე ხალხი და სპეციალისტები
გვანცა წულაია
27.06.2023

უკრაინაში რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო, წლევანდელ ტურისტულ სეზონს ნაწილობრივ საფრთხე შეექმნა. მიუხედავად სპეციალისტების მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომლის მიხედვითაც, საქართველო, ამ ეტაპზე, რისკ ზონაში არ არის, მოსახლეობის ერთი ნაწილი მაინც პანიკაშია, რამაც ერთგვარი ასახვა ბიზნესზეც მოახდინა.

კახოვსკის ჰესის აფეთქების შემდეგ, როგორ სამტავრობი უწყებებიდან, ისე სპეციალისტების მხრიდან, არაერთი განცხადება გაკეთდა იმისა შესახებ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს საფრთხე არ ელის, მაგრამ ამ ფაქტმა მოსახლეობაში შიში მაინც ვერ გააქარწყლა. საკურორტო სეზონი უკვე პიკისკენ მიდის, მაგრამ სასტუმროებს ჯავშნები უუქმდება.

როგორც ტურისტული კომპანია „თრეველ ჯორჯია ვანის“ ბიზნეს დეველოპერმა ვახტანგ ქართველიშვილმა განაცხადა, ყველაზე მეტად საქართველოს შავი ზღვისპირეთში ჩამოსვლისგან თავს ევროპის ქვეყნებიდან იკავებენ და ამ ეტაპზე აქტიურობს სომხეთის, აზერბაიჯანის და ისრაელის მოქალაქეები.

„ძირითადად ჯავშნები უქმდება ევროპიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან. ევროპელ ტურისტებს შეეშინდათ შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოსვლა, თუმცა ჩვენ პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს, ვცდილობთ, მათთვის სწორი ინფორმაციის მივსწოდოთ. ამ ეტაპზე ყველა გვიდასტურებს, რომ რისკი არ არის და საპანიკო არაფერია.

კომპანიის მაგალითზე ვიტყვი, რომ ჯავშნების 20% გაუქმდა, თუმცა პანდემიას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ. სრულყოფილად მზად ვართ ზაფხულის სეზონისთვის. ამერიკელები ჯერ არ შეშინებულან, არც ერთი ჯავშანი არ გაუქმებულა, მათი მხრიდან აგვისტოშია შეკვეთები და იმედი გვაქვს, ვითარება დალაგდება. ამ დროისთვის აქტიურობს სომხეთი, აზერბაიჯანი, ასევე ისრაელი", - განაცხადა "საქმიან დილაში” ვახტანგ ქართველიშვილმა და დასძინა, რომ ივნისის ჯავშნები შარშანდელთან შედარებით ნაკლებია, თუმცა ტუროპერატორი მთავარ იმედს ივლისი-აგვისტოს თვეებზე ამყარებს.

საქართველოში შავი ზღვის წყლის ხარისხი 10 დღეში ერთხელ შემოწმდება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ითქვა, რომ კვლევების შედეგად ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები განისაზღვრება.

ფაქტია, რომ მომხდარმა შემთხვევამ ტურიზმის სეზონის გააქტიურებამდე იქონია გავლენა. დარგის სპეციალისტი მაია სიდამონიძე ადასტურებს, რომ ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხე გარკვეულ შეფერხებას გამოიწვევს.

"მეც, როგორც პოტენციური დამსვენებელი, ძალიან დავიბენი, რადგან თან მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ შავ ზღვაში მომწამვლელი ნივთიერება ჩაიღვარა და ჩვენამდე მოდის და თან აქაური სპეციალისტები ამბობენ, რომ სანამ საქართველომდე მოვა, გაიწმინდება და საშიში არაფერია. ზოგადად, როდესაც ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს, აუცილებლად იმოქმედებს ხალხზე, თუნდაც თავის დაზღვევის მიზნით, რომ მოსალოდნელი რისკი თავიდან აიცილონ.

გაურკვევლობა ტურიზმის სეზონზე აუცილებლად იმოქმედებს, არა მხოლოდ უცხოელი ვიზიტორების მხრივ, არამედ ადგილობრივ დამსვენებელზეც, თუმცა ალბათ, ისევ რუსების იმედზე ვიქნებით და ისინი შეგვივსვებენ ამ ვაკუუმს”, - განუცხადა "რეზონანსს” სიდამონიძემ.

არიან ისეთებიც, ვინც საფრთეებს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ზაფხულის სეზონზე დიდი გავლენა არ ექნება. პროფესორი ნიკა კვარაცხელია მიიჩევს, რომ მოსახლეობას არკვეული შიში ექნება, მაგრამ მასებზე ფართოდ არ გავრცელდება.

"მგონია, რომ ძალიან დამაიმედებელი იყო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის შეფასება და მონიტორინგი წყლის მდგომარეობის შესახებ. ითქვა, რომ წელს ზღვის წყალი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ბუნების დამცველებმა კი დაადასტურეს, რომ ჯერჯერობით შავ ზღვაზე დინება ჩრდილოეთისკენ მიდის, ხოლო ზამთრის შემდეგ უკან, სამხრეთისკენ წამოვა. ამდენად, ამ ორი დასკვნის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ წელს შავ ზღვაზე დასვენება სახიფათო არ უნდა იყოს, მით უმეტეს საქართველოში.

რა თქმა უნდა, მოსახლეობა ფრთხილობს, თუმცა შეიძლება ეს სპეციალურად აგორებული პროპაგანდაც იყოს, რომ ჩაიშალოს ზაფხულის სეზონი. იმ კონკურენტი ქვეყნების მიერ, რომლებსაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში ტურისტები ნაკლებად შემოვიდნენ.

შიში მოსახლეობას მაინც ექნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ იქნება ხალხზე ფართოდ არ გავრცელდება. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, გერმანელი სტუმრები მყავდნენ უნივერსიტეტში და თქვეს, რომ მათ შიში საერთოდ არ აქვთ. იმასაც გააჩნია, როგორი კატეგორიის ხალხთან გვაქვს საქმე. გერმანელები მოწესრიგებული ხალხია და მათი საელჩო გააფრთხილებდა საშიში რომ ყოფილიყო რამე. ასეთი განცხადება არც ერთ საელჩოს არ გაუვრცელებია”, - განუცხადა "რეზონანსს” ნიკა კვარაცხელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×