ბოლო დღეებში მცირე ავტოგასამართ სადგურებში ბენზინი დაახლოებით 5-7 თეთრით გაიაფდა
თიკა სიბოშვილი
28.06.2023

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი იკლებს. 1 ბარელი "ბრენტის" ტიპის ნედლი ნავთობის ღირებულება 71 დოლარამდე ჩამოვიდა და პროცესის კიდევ გაგრძელებაა მოსალოდნელი. პოზიტიური მოვლენების პარალელურად, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და ხომ არ უნდა ველოდოთ საწვავის ღირებულების კლებას?

საერთაშორისო ბირჟებზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია შეინიშნება. გუშინდელი მონაცემებით, "ბრენტის" ღირებულებამ 72 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკულმა "ლაითის" ტიპის ნავთობმა - 68 დოლარი. ღირებულების ცვლილება გრძელდება, ეს გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზების გამო. ჩინეთის ეკონომიკის ზრდა დაგეგმილი ტემპით ვერ ხერხდება, ევროპაში საერთოდაც რეცესიული პროცესებია, ეს კი პირდაპირ აისახება ნავთობის ღირებულებაზე.

ფაქტია, რომ არსებული გარემო პირობების გათვალისწინებით საქართველოშიც უნდა შეიცვალოს საწვავის ღირებულება. ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე დარწმულებულია, რომ გლობალურ ბაზარზე არსებული პროცესები საქართველოზე დადებითად აისახება.

„გლობალურ ბაზარზე ბოლო დროს ნავთობის ფასი გაიაფებისკენაა წასული, ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ბოლო პერიოდში. ტენდენცია ბევრ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის მოთხოვნის შემცირებას და გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზის შენელებას.

ხშირად ყოფილა, რომ ნავთობის ფასები გაიაფებულა, მაგრამ საქართველოში ნაკლებად ასახულა. ბოლო დროს ყველა ტიპის საწვაზე შემცირებული იყო ფასი, პატარა ცვლილებები შეიმჩნეოდა მხოლოდ, თუმცა რადგან საერთაშორისი ბირჟებზე ტენდენცია კლებისკენაა, ბუნებრივია, ეს საქართველოზეც დადებითად აისახება. 

საწვავზე და ნავთობზე ღირებულების შემცირება ჩვენს ეკონომიკაზე და ინფლაციაზეც დადებითად აისახება. ინფლაციის ერთ-ერთი მდგენელი სწორედ საწვავის ფასებია, რადგან ეს პირდაპირ მოქმედებს ბევრ რამეზე, მათ შორის ტრანსპორტირებისა და პროდუქციის საბოლოო ღირებულებაზე. გლობალურ ბაზარზე არა მხოლოდ ნავთობზე, არამედ გადაზიდვებზეც მნიშვნელოვნად არის შემცრებული ტარიფები“, - აღნიშნა ცუცქირიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ სამომავლო პროგნოზიც პოზიტიურია.

„მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასზე პრეტენზიებია ხოლმე, განსაკუთრებით ბრენდირებულ აგს-ებზე, ჩვენ მაინც ვნახეთ, რომ 40-50-თეთრიანი შემცირება იყო, ბოლო პერიოდში კი სტაბილურობაა. პროგნოზი არის, რომ კიდევ გაიაფდება საწვავი ძალიან ბევრი ფაქტორის გამო. შესაბამისად შეივსება მარაგიც.

ზოგადად ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე ორ რამეზეა დამოკიდებული: ერთი - მარაგი რამდენად არის შევსებული, განსაკუთრებით მეგაეკონომიკის ქვეყნებში, პირველ რიგში, ვგულისხმობ აშშ-ს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი და მომხმარებელია. მეორე - როგორია მოთხოვნა ზოგადად საწვავზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პირობები დაკმაყოფილებულია, ამიტომ ბუნებრივი იყო ამ ნიშნულზე ჩამოსვლა“, - დასძინა ცუცქირიძემ.

ბოლო დროს საწვავის ღირებულება საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა აშკარაა, რომ ტენდენცია ამ ეტაპისთვის ნორმალურია. ზაფხულში საერთოდ გაძვირება შეინიშნება ხოლმე, რადგან უფრო ხშირია მიმოსვლა და ტრანსპორტირება გააქტიურებულია, თუმცა წელს ყველაფერი პირიქითაა.

წინა კვირაში, მცირე ავტოგასამრთ სადგურებზე 5-თეთრიანი ცვლილება დაფიქსირდა, ხოლო ამ კვირაში ფასი კიდევ 2 თეთრით შემცირდა. დიდ სადგურებზე რეაგირება ასე სწრაფად არ ხდება, თუმცა ღირებულება არ მერყეობს და სტაბილურად ნარჩუნდება. ახლა მნიშვნელოვანია მომავალი თვეების განმავლობაშიც ასეთი ტენდენცია გარძელდეს.

როგორც "გლობალური სავაჭრო ჯგუფის" დირექტორმა ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში საწვავის ფასი დამოკიდებულია რუსეთიდან მიწოდების პირობებზე, რადგან 90% ზუსტად მეზობელი სახელმწიფოდან შემოდის.

„საქართველოს საწვავის ბაზარი დღესდღეობით, ძირითადად,დამოკიდებულია, რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქტზე. საქართველოში მოხმარებული ბენზინის, დიზელის, სადღაც 90%-ის იმპორტი ხდება რუსეთის ფედერაციიდან.

თუკი იქ პირობები იცვლება და გარკვეულწილად მიწოდების შეფერხება ხდება, ეს, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზე მოქმედებს. ამიტომ საერთოშორისო ბირჟებზე 2 დოლარით გაიზრდება, თუ 3 დოლარით შემცირდება ნავთობის ფასი, ბოლო თვეების განმავლობაში არანაირ გავლენას არ ახდენდა ადგილობრივ ბაზარზე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე  თუ რუსეთიდან მოწოდების პირობები როგორია.

დიზელზე ბოლო პერიოდში მუდმივად კლებადი ფასები გვაქვს და ფაქტობრივად უახლოეს პერიოდში მკვეთრი ცვლილება არ იქნება. რაც შეეხება ბენზინს, ცოტათი არის ფასები გაზრდილი, რაც უკავშირდება იმას, რომ თვითონ რუსეთიდან მოწოდებული საქონლის ღირებულება არის გაზრდილი, საშუალოდ ტონაზე - 50 დოლარით.  ამან განაპირობა ის, რომ ჩვენთანაც ბენზინზე რაღაც დოზით უმნიშვნელოდ, მაგრამ გაძვირდა. ბოლო დღეებში კი სტაბილურობაა", - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×