"არ მესმის, რატომ არსებობს იმის სურვილი, რომ ქვეყან და ჩვენი მოსახლეობა დაზარალდეს"
გვანცა წულაია
29.06.2023

საქართველოში ჩამოსული ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორების მხრიდან ითქვა, რომ ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, რათა ქვეყანა სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენონ. მათმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში არანაირი "შავი ხვრელები” არ არსებობს და ქვეყანა არასოდეს ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი და არც მომავალში გახდება.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“.

ასეთი განცხადებების შედეგაც კი, ოპოზიცია არ წყვეტს იმის "მტკიცებას”, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლით მოქმედებს, როგორც ჩანს, მათი სურვილი მართლაც ასეთია და ისედაც დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ქვეყანას თავისი განცხადებებით გამუდმებით ჩირქს სცხებენ.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით.

„მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით და ასევე, მიღებულ შედეგებს, რომლითაც საქართველო ნამდვილად გამორჩეულია მსოფლიოში. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გავაკეთეთ ძალიან ბევრი განცხადება, იმ ყალბი ინფორმაციის საპასუხოდ, რომელიც ხშირად ვრცელდებოდა პრესაში და სხვადასხვა პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ. ყველა ამ ბრალდებას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეცა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა ხუციშვილმა.

განცხადება გაკეთდა პარლამენტშიც. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო არ ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი და არც მომავალში გახდება.

„ყველამ ერთად ვნახეთ ელჩების განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში, პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველოს აქვს საიმედო სისტემა, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა იმისთვის, რომ სანქციებთან დაკავშირებული პირობები შესრულებულიყო. საქართველო არ ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი და არც მომავალში გახდება. სწორედ ეს დაადასტურეს პარტნიორებმა. ვფიქრობ, სამარცხვინო იყო ის განცხადებები, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ წინასწარ გააკეთა ისე, რომ არ იცოდნენ ამ შეხვედრის შინაარსი, არც ის, თუ რას იტყოდნენ შეხვედრის შემდეგ, ჩამოსული ელჩები. მათ წინასწარ გამოიტანეს დასკვნები, რომელიც ერთდღიანი ტყუილი იყო“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოპოზიცია გამუდმებით ამბობს, რომ საქართველოში "შავი ხვრელები” არსებობს, მაგრამ ამის არც ერთი მტკიცებულება არ აქვთ, რადგან ასეთი ფაქტი, უბრალოდ, არ არსებობს. აკადემიკოსი ავთო სილაგაძის აზრით, როდესაც განცხადებები დამტკიცებული არ არის, რჩება მხოლოდ და მხოლოდ სურვილი, რომ ქვეყანა დაზიანდეს.

"თავისთავად ცხადია, სპეციალური წარმომადგენლების განცხადებებს უნდა დავეყრდნოთ, რომელიც სადმაოდ დადებითი იყო ქვეყნისადმი. რადგანაც დასაბუთებული ფაქტები არ არსებობს, რომ ქვეყანა სანქციების გვერდის ავლით მოქმედებს, მაშინ, რჩება მხოლოდ სურვილი. და არ მესმის, რატომ არსებობს იმის სურვილი, რომ საქართველო და ჩვენი მოსახლეობა დაზარალდეს.

საქართველო სანქციებს გვერდს რომ არ უვლის, ეს ხომ ჩვენს ინტერესებში შედის? ვისურვებდი, რომ ასევე გაგრძელდეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა გარკვეული პროგრესი და ეკონომიკური განვათარება გვაქვს. თანაც ევროკავშირის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა დრო დარჩა, ამიტომ ძალიან ფრთხილი და მოზომილი მოქმედებები არის საჭირო”, - განუცხადა "რეზონანსს” ავთო სილაგაძემ.

ეკონომისტებისთვის გაურკვეველია, რატომ არსებობს გარკვეულ ჯგუფებში ქვეყნის დაზარალების სურვილი. ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, აშშ-დან და ბრიტანებიდან ჩამოსული სტუმრების განცხადებები, მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის ნარატივს.

"დევიდ ოსალივანის განცხადება მთლიანად აქარწყლებს და აცამტვერებს ქართული ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი მედია პლატფორმის ნარატივს ქვეყანაში არსებულ ე.წ. შავ ხვრელებზე და ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკაზე.

ამ შეფასებიდანაც ჩანს, რომ ოპოზიციის ულტიმატუმზე აგებულ მოთხოვნებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების მკვეთრ შემცირებაზე და საზღვრის ჩაკეტვაზე ერთადერთი მიზანი აქვს - შეიქმნას სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში, რაც გახდება უკმაყოფილების და სახალხო მღელვარების მიზეზი. შემდეგ ამან ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოშლა უნდა გამოიწვიოს და რასაკვირველია, ასეთ სცენარს არაფერი აქვს საერთო არც მოსახლეობის და არც ქვეყნის ინტერესებთან. მათი ნულისკენ დაძრული რეიტინგებიც ამ განწყობების შედეგია!

საქართველო კი ამ შეფასებით კიდევ უფრო მიუახლოვდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და დიდი ალბათობით მივიღებთ კიდეც!”, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×