"წლის ბოლომდე, გარდა იმისა, რომ განაკვეთები დაკორექტირდება, იქნება გარკვეული ახალი რეგულაციები"
ქეთო გოგოხია
29.06.2023

საბანკო პროდუქტებში ცვლილებების მორიგი ეტაპი დაიწყო. ბოლო პერიოდში დეპოზიტებზე სარგებელი შემცირდა. პარალელურად იკლებს საპროცენტო განაკვეთებიც, ტენდენცია განსაკუთრებით წლის ბოლომდე გახდება შესამჩნევი. საბანკო ასოციაციაში დაადასტურეს, რომ ცვლილება ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას უკავშირდება.

ცნობილია, რომ  წინა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომის შემდეგ ლარში საპროცენტო განაკვეთი შემცირდა და პროცესი, სავარაუდოდ, გაგრძელდება. როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ ,,რეზონანსთან" აღნიშნა, მკვეთრი ცვლილება არ იქნება, თუმცა გარკვეული მოცულობით დაიკლებს რეფინანსირების განაკვეთი, რაც სესხებზე მოთხოვნას დაასტიმულირებს.

,,ეროვნული ბანკი ჯერ კიდევ შარშან საუბრობდა, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება იგეგმება. ყოველ მეორე კომიტეტზე უნდა შეცვლილიყო ნიშნული თუ არ ექნებოდათ ხელისშემშლელი ფაქტორია. წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, სავარაუდოდ, 9%-მდე ჩამოვა, რასაც გარკვეული ცვლილებები მოჰყვება საბანკო სექტორში და აისახება საპროცენტო განაკვეთებზე ლარში. შედეგად ველოდებით, რომ სამომხმარებლო აქტივობაზეც იმოქმედებს, თუმცა კონკრეტულად როგორ, პროგნოზი გამიჭირდება.  

წლის დასაწყისიდან ისედაც უფრო მეტად გააქტიურებულია ლარში დაკრედიტება. წლის ბოლომდე, გარდა იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთები დაკორექტირდება  ლარში, იქნება გარკვეული რეგულაციები, მათ შორის სამომხმარებლო სესხების ვადიანობასთან დაკავშირებით. ველოდებით, რომ ლარზე მოთხოვნა უფრო მეტად შეიძლება გაიზარდოს, ვიდრე უცხოურ ვალუტაზე. ცხადია, მნიშვნელოვანი გარემოებაა  ინფლაციაც, რომელიც საქართველოში დაბალ ნიშნულზეა და წლის განმავლობაში არც ელიან მკვეთრად ზრდას", - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ და დასძინა, რომ უცხოურ ვალუტასთან მიმართებით მოხდება პირიქით და საპროცენტო განაკვეთები მოიმატებს, თუმცა კონკრეტულად რა მაჩვენებლით, საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

მისი პროგნოზით, ლარში საპროცენტო განაკვეთის მკვეთრ შემცირებაზე  საუბარი რთულია, ვინაიდან ამ ცვლილებებზე არაერთი განმაპირობებელი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორისაა კაპიტალზე ზეწოლა.

„კაპიტალზე ზეწოლა დღედღეობით არის  საკმაოდ მაღალი. ამასთან, ცნობილია, რომ  კონტრციკლური ბუფერის საბაზისო მაჩვენებელი  1%-ით განისაზღვრა. ასევე AFRS-ზე გადასვლაც დამატებითი კაპიტალის მოზიდვას მოითხოვს,” - აღნიშნა  ძნელაძემ.

საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენციაზე ,,რეზონანსთან" ისაუბრა  ,,საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ. მისი  აზრით, ეროვნული ბანკის მონეტარულმა პოლიტიკამ ამ მხრივ სერიოზული გავლენა მოახდინა და მოლოდინია, რომ განაკვეთების კლების ტენდენცია გაგრძელდება.

,,ტენდენცია შემცირებისკენაა. როგორც დეპოზიტების, ისე საკრედიტო განაკვეთების მიმართულებით. ცვლილება დიდწილად  დამოკიდებულია, თუ როგორია მონეტარული პოლიტიკა. მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო  შემსუბუქება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან  გამოსვლა. 11% იყო რეფინანსირების განაკვეთი  წლის დასაწყისში, ახლა არის 10,5% და დიდი ალბათობით 9%-მდეც შეიძლება ჩამოვიდეს, რაც თავისთავად იმოქმედებს  როგორც დეპოზიტების, ასევე სესხების განაკვეთებზე კლების მიმართულებით. ყველაზე მეტად ეს დაეტყობა იპოთეკური ტიპის კრედიტებს, შესაბამისად, ბანკებმა სიგნალი მიიღეს, საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროცესი დაწყებულია.

ხშირად, როცა ვსაუბრობთ საპროცენტო განაკვეთებზე, ერთ-ერთი განმსაზღვრელი არის  ეკონომიკური მდგომარეობა, როგორი ინფლაცია გვაქვს  ქვეყანაში და რა  ღირს მოზიდული სახსრები ბანკებისთვის. ცხადია, თუ ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობაა, დაბალი ინფლაციაა, მაშინ საპროცენტო  განაკვეთები იკლებს, დღეს ეს მოცემულობაა. როგორც კი ინფლაციამ დაიწყო კლება (შარშანდელთან შედარებით), სებ-ს მიეცა საშუალება, რომ ნელ-ნელა ლარში საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებელიც დასწიონ, რასაც მომხმარებლები საკუთარ ჯიბეზე იგრძნობენ", - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ ჩვენთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 21 ივნისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს. შემდეგი სხდომა აგვისტოს დასაწყისში გაიმართება და ფინანსისტები მორიგ შემსუბუქებას სწორედ მაშინ ელიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×