ენერგეტიკოსები მთავრობის პრაგმატული გადაწყვეტილებით კმაყოფილნი არიან
ქეთო გოგოხია
03.07.2023

ხუდონჰესის პროექტი ტერიტორიის დატბორვის გარეშე განხორციელდება. მიდგომა შეიცვალა და ჰესს, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე მიეცა, რაც სპეციალსიტების შეფასებით, ,,ოქროს შუალედია", რომელიც მთავრობამ გამონახა. უცხოელ ინვესტორთან ერთად მიღწეულია შეთანხმება და ხუდონჰესი  აშენდება ისე, რომ ხაიში და მიმდებარე სოფლები არ დაიტბოროს. ენერგეტიკოსების ის ნაწილი, რომელმაც ანალოგიური სქემა წლების წინ წარუდგინა მთავრობას, აცხადებს, რომ გამოსავალი მოიძებნა და პროექტი ქვეყანას და ხალხსაც დიდ სარგებელს მოუტანს.

ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის საკითხი პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშშიც მოხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ ხუდონჰესის პროექტზე შვეიცარიული კომპანია მუშაობას, რომელმაც ჰესი ისე უნდა დააპროექტოს, რომ მიმდინარე გარკვეული ტერიტორია არ დაიტბოროს.

წლიური ანგარიშის წარდგენისას ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მსხვილი ჰესების პროექტების განვითარებას გეგმავს, რის შემდეგაც 3 ათასი მეგავატი სიმძლავრე შეემატება გენერაციის ობიექტებს.

,,ხუდონის პროექტზე მიდის მუშაობა და ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანია ამ პროექტის მოდიფიკაციას აკეთებს. ჩვენი სურვილია, რომ მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაც იყო - დატბორვა - მათ შორის, ეკლესიის და სოფლის, აღარ მოხდეს. ეს თავიდან რომ ავირიდოთ და ამგვარად განვახორციელოთ პროექტი, ბუნებრივია, ადგილზე ხალხის ჩართვით. კიდევ არის რამდენიმე მსხვილი პროექტი და ჯამში დაახლოებით 3 ათას მეგავატის სიმძლავრის ჰესის აშენება შეგვეძლება მომდევნო 2-3 წელიწადში, რაც მინიმუმ 4 მილიარდი ლარის მოცულობის ინვესტიციაა. ეს, რა თქმა უნდა, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას”,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ხუდონჰესის მშენებლობას სწორედ  დატბორვის გარეშე განიხილავდა ენერგეტიკოსთა წრე, რომლის წარმომადგენლებს თავის დროზე ჰესის მშენებლობის სქემაც ჰქონდათ  შემუშავებული. ასეთი  ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია საინიციატივო ჯგუფის წევრი, ენერგეტიკოსი სიმონ ბახტურიძე. იგი მთავრობის გადაწყვეტილებით ამჯერად კმაყოფილია.

,,ყველაზე სწორი გზა გამოინახა და ხუდიონჰესი აშენდება  უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, სადაც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ამაზე ჩვენ წლების წინ ვსაუბრობდით, რადგან მიგვაჩნდა, რომ დატბორვის გარეშე ჰესის მშენებლობა შესაძლებელი იყო, რასაც ვადასტურებდით კიდეც. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ელექტროსადგურის ლოკაცია არ იცვლება, რჩება როგორც იყო, გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე მცირდება, ხოლო წყალსაცავი, რომელიც  ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, ახალ სქემაში გატანილია ზემოთ. იგი იქნება ზომით მცირე, უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჰესთან დაკავშირებულ პროექტზე ჩვენ რამდენიმე წელი ვიმუშავეთ და საფუძვლიანი კვლევა წარმოვადგინეთ. კარგია, რომ ,,ოქროს შუალედი" მოიძებნა. სწორი გზა გამოინახა ისე, რომ სოფელი არ უნდა დაიტბოროს. დაადასტურა დრომ, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული სქემა იყო მნიშვნელოვანი, რომელიც ქვეყანას სარგებელს მოუტანს და არავინ დაზარალდება. მზად ვართ მთავრობას ამოვუდგეთ მხარში და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ", -აღნიშნა ბახტურიძემ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ასევე სოციალური გარანტიები, რაც ჰესის მშენებლობის შედეგად უნდა მიიღოს მოსახლეობამ, რაც მათ კეთილდღეობაზე დადებითად იმოქმედებს.

,,ჰესის მშენებლობის მიმართ პროტესტის დროს ხაიშის მოსახლეობამ დაიფიცა, რომ ელექტროსადგურს არ ააშენებინებდნენ, არ მისცემდნენ საფლავებისა და ეკლესიების დატბორვის საშუალებას და არ გავასახლებთ სოფელსო. ახლა ეს ფაქტორი არავის აშინებს და დღის წესრიგიდან მოიხსნა, რითაც ყველა კმაყოფილია. რამდენადაც ვიცი, წყალსაცავი  დასახლებისგან შორს განთავსდება, ანუ  გადატანილი იქნება სოფელ ხაიშის ზემოთ, აღარ დაიტბორება სოფელი და არც წინააღმდეგობა იქნება. მთავარია, სოციალური გარანტიები მიიღოს ხალხმა, რაც მათ კეთილდღეობას გააუმჯობესებს", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ენერგეტიკოსმა.

ახალი სქემის მიხედვით, გამოყენებული იქნება მიწისქვეშა ნაგებობები, წყალი მიეწოდება სადაწნევო გვირაბით და მშენებლობა განხორციელდება საქართველოში უკვე ცნობილი და აპრობირებული მეთოდით.

ყოფილი "საქენერგოგენერაციის" არატრადიციული ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი, საინიციატივო ჯგუფის წევრი სიმონ ბარამიძე ტექნიკურ მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი შეფასებით, პროექტი განხორციელდება ისე, რომ ენერგოსისტემას და მთლიანობაში, ქვეყნის ენერგოპერსპექტივა არ დაზიანდეს.

,,რამდენადაც ვიცი, კაშხალი აშენდება 6 კილომეტრით ზემოთ, რაც დასახლებულ პუნქტებს გადაარჩენს. სადაც ძველი პროექტით არის გათვალისწინებული, იქ დარჩება ჰესი  და წყალსატევს რამდენიმეკილომეტრიანი გვირაბით დაუკავშირდება. ამგვარად ენგურჰესსა და ახალ წყალსატევს შორის შეიქმნება ე.წ. განიავების სივრცე, რაც გარემოსთვის მნიშვნელოვანია. 

მანამდე შემუშავებული იყო სქემა, რის მიხედვითაც სოფელი თავისი ეკლესიებით და სასაფლაოთი იძირებოდა. ახალი სქემით, წყალსაცავი გადავიდა ზემოთ, გვირაბი გავაკეთეთ ქვემოთ და გადის ქვაბულში, რომელსაც ვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ ენგურის და ჟინვალის სამანქანო დარბაზი მიწისქვეშაა,დიდი ქვაბული გამოთხრილია და ხუდონის შემთხვევაშიც, სამანქანო დარბაზი მიწის ქვეშ იქნება. 

გამოვდიოდით ინიციატივით, რომ ხაიში არ ჩაძირულიყო, ასეც იქნება, ამასთან ხალხს დასაქმების პირობას ვუქმნით, მუნიციპალიტეტი განვითარდება და საბოლოოდ სოციალური გარანტიებიც გაძლიერდება. ძალიან მნიშვნელოვანი, სარგებელზე ორიენტირებული  სწორი სქემა იქმნება, რასაც მივესალმებით", - აღნიშნა სიმონ ბარამიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ცნობისთვის, ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა.

ხუდონჰესისა და ტვიშის ახალი სქემებით, გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა 1,5-ჯერ გაიზრდება, ძველ სქემებთან შედარებით. შესაბამისად, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ელექტროენერგიის თვითღირებულება იქნება შედარებით დაბალი, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის შიგნით ტარიფების სტაბილურობას და კონკურენტუნარიან პირობებს შეუწყობს ხელს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×