მაღალმთიან კურორტებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, ზღვის სანაპიროზე კი საგრძნობლად შემცირდა
ქეთო გოგოხია
03.07.2023

საზღვაო კურორტებზე მოთხოვნამ იკლო. მართალია, ჯავშნების მასობრივი გაუქმება არ დასტურდება, თუმცა ვიზიტორების რაოდენობის კლებაზე  ინდუსტრიის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. გავლენა ამ მხრივ ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით ნეგატიურმა ინფორმაციის გავრცელებამ მოახდინა. აქედან გამომდინარე, დამსვენებლების ნაწილმა მთას მიაშურა.

რაც შეეხება ფასებს, მოთხოვნის მხრივ არსებულმა სიტუაციამ ამ მხრივ საგრძნობი გავლენა ვერ მოახდინა. საზღვაო კურორტებზე დასვენება წელსაც ძვირია და ტარიფები ჯერჯერობით არ შეცვლილა. რაც შეეხება მთის კურორტებს, სასტუმროების წარმომადფგენლები ამბობენ, რომ წელს ერთხელ უკვე დააკორექტირეს ტარიფები და არსებული მაჩვენებლები შენარჩუნდება.

ბათუმში მდებარე სასტუმრო ,,ოთოს" ხელმძღვანელი მაიკო ბერიძის თქმით, სეზონის დასაწყისში დამსვენებლების აქტივობაზე უამინდობამ იმოქმედა, შემდეგ უკვე ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ, რამაც ხალხი დააფრთხო. შექმნილ ვითარებაში, როგორც სასტუმროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  დატვირთულობა გამესამედდა, რაც სექტორისთვის დიდი დანაკარგია.

„რთულ გაზას გავდივართ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაისში დატვირთვა განახევრდა, ივნისში კი მესამედია. შეიძლება, მასობრივი სახე ჯერ არ აქვს, მაგრამ აქამდეც მივალთ, თუ მიდგომა არ შეიცვლება და საქმეში არ ჩაერევა ხელისუფლება, მედია და დამსვენებლამდე არ მიიტანს სწორ მესიჯს, რომ ზღვაზე დასვენებას რისკი არ ახლავს.

ახლა სწორ მენეჯმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ როგორმე გავაუმჯობესოთ მდგომარეობა. ბოლო პერიოდში, ამინდიდან გამომდინარე, ტურისტების ნაკლებობა ისედაც იყო. ახლა დასვენების მსურველები პირდაპირ ამბობენ, რომ ზღვაზე წასვლა აშინებთ. ვცდილობთ, მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ეს ჯერჯერობით არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ საბოლოო ჯამში ეკოლოგიური ფაქტორი ნეგატიურად მოქმედებს. რაც შეეხება ფასებს, არაფერი შეცვლილა, ზრდა ისედაც წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში", - აღნიშნა მაიკო ბერიძემ.

რაც შეეხება მთას, მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ბუმი არ არის. როგორც ქედაში  მდებარე სასტუმრო ,,ზებოს" დამფუძნებელმა ზებურ ბოლქვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, მოთხოვნამ მოიმატა როგორც რუსეთის, ასევე ევროპული ქვეყნების მხრიდან, რაც აფიქრებთ, რომ წინა წლის მაჩვენებლებს მკვეთრად გაუსწრებენ.

,,უკრაინაში კაშხლის აფეთქებამ საზღვაო კურორტებზე მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. ზღვის მოყვარული ადამიანების დიდი ნაწილი ახლა უკვე უპირატესობას მთას ანიჭებს, ეს ტენდენცია ნამდვილად შესამჩნევია. ბუმი არ არის, მაგრამ მოთხოვნა სულ მცირე 30-35%-ით გაზრდილია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ველოდებით, რომ სეზონის განმავლობაში დატვირთვა კიდევ მოიმატებს, თუმცა ფასების კუთხით ცვლილებას ვერ გამოიწვევს.

ჩვენ ისედაც გარკვეულ დონეზე გავაძვირეთ მომსახურება და ფასს ამჯერად ვეღარ შევეხებით. მით უმეტეს, პროდუქცია იაფდება, ამიტომ ტარიფების გაძვირების საჭიროება არ არის. მთავარია, მთის კურორტების განვითარებას შვუწყოთ ხელი. საქართველოს ყველა სოფელს აქვს პოტენციალი, ამოუწურავი პერსპექტივა აგრო და ეკო ტურიზმში, რითაც ყველა თაობის ადამიანს დააინტერესებს", - აღნიშნა ზებურ ბოლქვაძემ.

მთის კურორტების მიმართ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობენ ინდუსტრიის მსხვილი წარმომადგენლებიც. ამ მხრივ ბაკურიანი ერთ-ერთი გამორჩეული კურორტია, სადაც დიდი აქტიურობაა.

,,ინნ ჯგუფის" ხელმძღვანელმა ერეკლე კოკაიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, რომ სასტუმროს დატვირთულობა ბაკურიანში 60%-ია და ეს მაჩვენებელი სეზონის განმავლობაში მოიმატებს.

,,სეზონი სულ ახლახან დავიწყეთ და შედეგით კმაყოფილი ვართ. ზაფხულში, ბაკურიანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურორტია დასასვენებლად ახალგაზრდა ოჯახებისა და ბავშვებისთვის. ასე იყო ყოველთვის და ტენდენცია არც წელს შეცვლილა. მაღალი დატვირთვით გამოირჩევა გუდაურიც, სადაც ძირითადად უცხოელები არიან. ქუთაისშიც უმეტესწილად უცხოელებს ველოდებით, უფრო ევროპელებს, ვინაიდან  ქუთაისიდან ევროპული ავიარესიები სრულდება და ამ ფაქტორის გავლენა იგრძნობა.

რაც შეეხება ფასებს, წინა წლის  შემოდგომაზე ტარიფები დაკორექტირდა და სერვისი 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 20-30%-ით გაძვირდა, ამიტომ ფასს ამაზე მეტად ვერ შევეხებით", - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რამაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპის ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზღვის კურორტებზე წყალი საუკეთესო ხარისხისაა, სტუმრები მაინც ფრთხილობენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×