რატომ შეცვალა სამინისტრომ პოზიცია და რა ეშველება მაღალ ნიშნულზე დარჩენილ ფასებს?
გვანცა წულაია
04.07.2023

კანონპროექტი, რომელსაც სურსათის ფასები უნდა დაარეგულიროს, დაპაუზდა. მთავრობაში საკითხს აქტუალურად აღარ მიიჩნევენ, ამიტომ პროექტი თაროზე შემოდეს. იგივე პოზიცია აქვთ სავაჭრო სექტორში, თუმცა დისტრიბურტორთა ასოციაცია შეჩერებას არ აპირებს და მუშაობას მაინც განაგრძობს. რა იქნება საბოლოოდ და რა გზით მოეღება ბოლო სიძვირეს?

პრემიერ-მინისტრის მოწოდებიდან 7 თვის თავზე ირკვევა, რომ სურსათის ფასების რეგულირების შესახებ კანონის მიღების საკითხი დროებით დაპაუზებულია. ინფორმაცია, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც დაადასტურა. მინისტრის თქმით, კანონპროექტის მიღება აქტუალური აღარ არის და ძირითადი საკითხები, რომლებიც კონკურენციასთან დაკავშირებით არსებობს, უშუალოდ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებებით დარეგულირებულია.

„ჯერ იყო ანალიზი, სიტუაციის მოკვლევა, გარკვეული პრობლემური საკითხები გამოიკვეთა სამართლიან ვაჭრობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ იყო კომუნიკაციები და არაერთი შეხვედრა სხვადასხვა რგოლთან - დისტრიბუტორები, იმპორტიორები თუ საცალო გამყიდველები. ბევრი საკითხი გაირკვა. შესაბამისად, კითხვები, რომლებიც დაისვა, გაითვალისწინეს სავაჭრო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა, ამანაც იმოქმედა ფასების შემცირებაზე.

ჩვენ იმდენად აქტუალურად აღარ მიგვაჩნია ახალი კანონის მიღება. ეს არის ევროკავშირის ახალი დირექტივა და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დოზით არის შეტანილი ეროვნული კანონმდებლობის დონეზე. ჯერ პირველი შეფასებები უნდა გაკეთდეს, დავაკვირდებით და შევისწავლით.

ჩვენ ყოველთვის ვფრთხილობთ ისეთი რეგულაციების შემოღებაზე, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზემოქმედება ჰქონდეს ბიზნესზე, აქედან გამომდინარე, ცოტა გრძელვადიანად ვუყურებთ ამ პროცესს. ეს აღარ მოხდება დაჩქარებული ფორმით", - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ პროცესის ანალიზი მიმიდინარეობს და შესაბამისი გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

„დროებით არ ვმუშაობთ... ვაკვირდებით. იმის მიხედვით მოხდება ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა, რამდენადაც მიზანშეწონილი იქნება. დღესდღეობით, ვხედავთ, რომ ძირითადი საკითხები კონკურენციასთან დაკავშირებით უშულოდ დარეგულირებულია ხელშეკრულებებით. ახლა დიდი კითხვის ნიშანი კონკურენციის კუთხით არ გაგვაჩნია, შედეგებიც ვნახეთ და ეს აისახა კიდეც სურსათის ფასებზე, პრობლემები მოხსნილია. ჩვენ არ ვჩქარობთ გადაწყვეტილების მიღებას, დავაკვირდებით პრაქტიკულ შედეგებს იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი კანონი უკვე მიიღეს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მთავრობის პოზიციას იზიარებს რითეილ სექტორიც. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ სოფიო ქაშაკაშვილმა განაცხადა, რომ საკითხის განახლების საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგას, რადგან ბაზარზე კონკურენცია მაღალია, დისტრიბუტორებთან ხელშეკრულებები კი ინდივიდუალურად ფორმდება.

„კანონპროექტი, რომელიც შეიმუშავეს არ მისდევდა ევროდირექტივას და ბიზნეს საქმიანობაში უხეში ჩარევა იყო. თუ ეს ინიციატივა ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებისთვის იქნებოდა მაშინ მივესალმებოდით, მაგრამ ამ რედაქციას არ ვეთანხმებოდით. ვთვლით, რომ ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება ორი ბიზნესსუბიექტის ვაჭრობის საგანია. საბოლოო ჯამში კონსულტაციების შედეგად გადაწყდა ის, რაც სამინისტროსგან გავრცელდა“, - განაცხადა "ბიზნეს მედიასთან” სოფიო ქაშაკაშვილმა და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და ბიზნესის აქტიური კომუნიკაციის შედეგია.

"ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა. როგორც ვიცი ჩაატარეს კვლევა და ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია. საბოლოო ჯამში ასე ჩამოყალიბდნენ, რომ არ არის აქტუალური. მზად ვართ ნებისმიერი დროს თანამშრომლობისთვის და მთავრობასთან და დისტრიბუტორებთან პროაქტიული მუშაობისთვის“, - დასძინა რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მოსახლეობაში იყო ერთგვარი მოლოდინი, რომ კანონის მიღების შემდეგ, პროდუქცია გაიაფდებოდა, მაგრამ, როგორც ირკვევა, თავდაპირველი პოზიტიური გზავნილი მიმდინარე ეტაპზე გაჩერდა. არადა, ძირითადი მოხმარების საქონლის ღირებულებაში რეალური ცვლილებები არ შეინიშნება. ამ 7 თვის განმავლობაში მოსახლოებამ მხოლოდ გახშირებული აქციები მიიღო, რომელიც ბოლო დროს ისეთი მრავალფეროვანი აღარ არის, როგორც საწყის ეტაპზე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობისთვის საკითხი აქტუალური აღარ არის, დისტრიბუტორთა ასოციაციაში კანონპროექტზე მუშაობას მაინც აგრძელებენ. ივა ჭყონიას შეფასებით, თუკი კანონპროექტი დაპაუზრდა, ეს არ ნიშნავს, რომ აღარ განიხილება. 

"დაპაუზება ნიშნავს იმას, რომ საკითხს გაცილებით უფრო სიღრმისეულად სჭირდება შესწავლა და ამიტომ ჯერ მაინც ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, მხარეებთან შეხვედრა მქონდა და ეს აქტუალური იქნება ყოველთვის. თუ ჩვენი მიმართულება ევროპაა, ეს კანონი ვალდებულებაცაა და აუცილებლად ამოქმდდება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ისევ აქტიურად ვართ ჩართულნი, ყოველ შემთხვევაში, პროექტს ვამუშავებთ და სახელმწიფო შემდეგ რას გადაწყვეტს, ამას ვერ გეტყვით”, - უთხრა "რეზონანსს” ჭყონიამ.

ყველაფერი კი ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდების შემდეგ დაიწყო. სურსათის ფასების დარეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს ახალი კანონპროექტის შემუშავება პრემიერ-მინისტრმა 2023 წლის თებერვალში დაავალა. ღარიბაშვილმა რითეილ სექტორში არსებულ საგადასახადო წესების შესახებ მაშინ აღნიშნა, რომ მთავრობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები არის და ბიზნესთან შეხვედრები საკითხის გადაწყვეტამდე გაგრძელდებოდა. მთავრობის მეთაურმა ისიც თქვა, რომ ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა მისი ხელწერა არ არის, ამიტომ ხელისუფლებამ სურსათზე ფასების შემცირება ევროდირექტივაზე დაფუძნებული კანონპროექტით გადაწყვიტა. საკითხის შესასწავლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც, რომელმაც კანონპროექტი შეიმუშავა. სხვადასხვა მხარეებთან ერთად, საქმეში აქტიურად იყო წარმოდგენილი კონკურენციის სააგენტოც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×