რეზონანსი
05.07.2023

გუშინ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და ასეთი რამ თქვა, რომ ზელენსკის შეუძლია დაბლოკოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საბაბიც კი არ არსებობს იმისთვის, რომ დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მენიჭოს.

„თქვენ გუშინ მოისმინეთ დეტალური ანგარიში 12 პუნქტთან დაკავშირებით, საიდანაც ჩანს, რომ დღემდე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. შესაბამისად, საბაბიც კი არ არსებობს იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭოს, თუ სამართლიანად შეფასდება ჩვენი ქმედებები, მაგრამ გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. როცა გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, დეკემბერში ვიღაცებს შეუძლიათ ზემოქმედება. ამ შემთხვევაში, რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმედი, რომ ერთ-ერთი ვინც განახორციელებს უარყოფით ზემოქმედებას ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უკრაინის ხელისუფლება იქნება. ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, გამოიყენებენ არახამიას, დანილოვს, პოდოლიაკს, რომლებიც საქართველოში „მეორე ფრონტის" გახსნას ითხოვდნენ. იმედი მაქვს, საქართველოს მაინც მიენიჭება კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ უშუალოდ უკრაინელ პოლიტიკოსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დავით არახამია „უსამშობლო ადამიანია".

„გუშინ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და ასეთი რამ თქვა, რომ ზელენსკის შეუძლია დაბლოკოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. ვიღაცებს ამის იმედი აქვთ, რომ უკრაინის ხელისუფლება იქნება გამოყენებული კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად. რაც შეეხება პირადად არახამიას, მას სამშობლო არა აქვს. არც უკრაინა არის მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი. არცერთი სამშობლო არ აქვს მას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინა და საქართველო. აქედან გამომდინარე, თუ ის იმოქმედებს არაპატრიოტული ინტერესების კარნახით უკრაინის ან საქართველოს მიმართ, ის სხვა ინტერესების კარნახით მოქმედებს, რაზეც დეტალებში საუბარი არ მინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს კაცი ვერანაირად ღირებული ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×