2 თვის წინ თითქოს უნდა დაწყებულიყო საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა
თიკა სიბოშვილი
05.07.2023

უძრავი ქონების მფლობელების დიდი ნაწილი, ფინანსური სარგებლის ნაცვლად, მდგმურების თაღლითობის მსხვერპლი ისევ ხდება. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიცვალა, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და უამრავი მიგრანტი შემოვიდა ქვეყანაში. სწორედ ამ მიზეზების გამო დღის წესრიგში საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენა გახდა, შეცვლილი ფორმით, თუმცა ჯერჯერობით ქმედითი კიდევ არ გამოკვეთილა.

ბოლო რამდენიმე წელია გამოსახლების საკითხის პრობლემა მწვავედ დგას დღის წესრიგში. თითქოს საკითხი მუშავდება და ცვლილებების შეტანა იგეგმება, თუმცა რეალურად არაფერი იცვლება.

ჯერ კიდევ 2 თვის წინ უნდა გამოსწორებულიყო მდგომარეობა, მაგრამ ისევ არაფერი ჩანს. ახლა სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან არა მხოლოდ ის ადამიანები ქმნიან პრობლემებს, რომლებიც ბინებს ქირაობენ, არამედ ისინიც, ვინც კომერციულ ფართებს იკავებენ.

როგორც ადვოკატმა ნიკოლოზ ფხალაძემ აღნიშნა, ადამიანები ქირაობენ ბინებს, კომერციულ ფართებს, შემდეგ არ იხდიან გადასახადს.

„საკითხი საკმაოდ პრობლემურია. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მიგრანტების ნაკადი საკმაოდ გაზრდილია საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქირაობენ ბინებს, კომერციულ ფართებს, შემდეგ არ იხდიან ქირას, ამის შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს უწევთ სასამართლოსთვის მიმართვა, რომ დაიწყოს შესაბამისი პროცედურები, სასამართლო დავები.

სამოქალაქო პროცესს ახასიათებს თავისებურებები, უნდა მოხდეს სარჩელის აღძვრა, მომზადდეს საქმე განსახილველად, რასაც პირველ ინსტანციაში დაახლოებით, 10-12 თვე სჭირდება. შემდეგ დამქირავებლები ამ გადაწყვეტილებებს ასაჩივრებენ სააპელაციო და საკასაციო წესით და მესაკუთრეებს დაახლოებით 36-დან 40 თვემდე მაინც უწევს, რომ იდავოს იმ უფლებაზე, რაც მას კონსტიტუციით გარანტირებული ისედაც აქვს.

საკასაციო სასამართლომ გააკეთა განმარტება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღარ მიეცემა აღსასრულებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ დავები შესაძლოა, 2 და 3 წელსაც კი გაგრძელდეს.

საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი მესაკუთრეს, მიიღოს სარგებელი ქირიდან, თავისუფლად ფლობდეს და განკარგავდეს საკუთარ ქონებას. თუმცა, ამჟამად, აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობს ახალ კანონზე, დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული, მომზადების პროცესშია. შესაძლოა, დაბრუნდეს პოლიციური გამოსახლების მეთოდი, თუმცა კლასიკური გაგებით, ის ისეთი არ იქნება როგორც უწინ“,- განაცხადა ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

როგორც რამდენიმე თვის წინ გაირკვა, რომ მართლაც იგეგმებოდა ცვლილება, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა და პრობლემა ჯერ კიდევ ვერ გვარდება. როგორც უძრავი ქონების სფეროს იურისტმა უჩა ზაქაშვილმა აღნიშნა საკითხის მოგვარება მნიშნვნელოვანია, რათა დაცული იყოს მესაკუთრის უფლებები.

„გასაღები ხელში უჭირავს პარლამენტს, რომელსაც შეუძლია განახორციელოს მარტივი საკანონმდებლო ცვლილები, თუნდაც იგივე რედაქციის აღდგენით, რაც გააუქმეს რამდენიმე წლის წინ.

ამით მესაკუთრის ინტერესი იქნება კვლავ დაცული, რომ დროში გაჭიანურებულ სასამართლოს პროცესებს ასცდეს. ბოლო დრომდე განიხილებოდა პრობლემის მოგვარების გზები, თუმცა ვერ მივიღეთ შესაბამისი შედეგი“, - აღნიშნა ზაქაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ აქამდე რატომაც არ მოგვარდა პრობლემა, ამაზე პასუხი პარლამენტს და  საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს უნდა ჰქონდეთ.

„როცა, ეს ყველაფერი გააუქმეს მახსოვს, იყო წინა საარჩევნო პერიოდი და საუბრობდნენ იმაზე, რომ ბანკებს არ უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა, გამოესახლებინათ ის ადამიანები, რომლებმაც იპოთეკა ვერ გადაიხადეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ცვლილება შეეხოთ ასევე მათ, ვისაც სახლები იჯარით აქვთ გაცემული. სახელმწიფოს თუ რეალური ინტერესი გააჩნია, რომ დაიცვას კერძო მესაკუთრეები უნდა გააკეთოს იმის ანალიზი რა გამოიწვია საკანონმდებლო ნორმის გაუქმებამ“, - დასძინა ზაქაშვილმა.

აშკარაა, რომ თანასწორად უფლებების დაცვა ამ ეტაპზე შეუძლებელია. არსებული ხარვეზის გამო, მესაკუთრეებს საკმაოდ დიდი ზარალი ადგებათ. ბიზნესის სამართლის სფეროს სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი აღნიშნავს, რომ გამოსახლებასთან არსებული პრობლემები ნამდვილად არსებობდა, თუმცა კომერციული ფართების პრობლემა რამდენად დაემატა საკითხს დაზუსტებით თქმა არ შეუძლია.

„კომერციულ ფართებთან დაკავშირებული პრობლემები რამდენად მწვავედ დგას, არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა გამოსახლებასთან დაკავშირებით სირთულეები ნამდვილად იყო. მრავალი პროცედურა არსებობდა, ერთ-ერთია დამატებითი ჩაწერის რეგისტრაცია, რაც კიდევ უფრო ამწვავებდა საკითხს. მომავალში ამოწერა რთული იყო და ამ ტიპის პრობლემების წინაშე დგებოდა რეალური მესაკუთრე.

რეაგირებისას პოლიცია რომ მოდიოდა, ამბობდა, რომ კონკრეტული ადამიანი ჩაწერილია და განსახლებას ვერ მოახერხებდა, რადგან ჩაწერა მათი ზედამხედველობის ქვეშ არ მომხდარა და ა.შ, რის გამოც რეალურ მესაკუთრეს სასამართლოში უწევდა სარჩელის შეტანა გამოსახლების მიზნით, რასაც ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა და იყო  წვალება.

კომერციული ფართი, ეს არის საიჯარო ობექტი და ქირავნობით არ გაიცემა, რადგან აქ სარგებლის მიღებაზეა საუბარი. საიჯარო ურთიერთობები დარეგულირებულია სამოქალაქო კოდექსით. ხშირად მოიჯარეს და მეიჯარეს თავად აქვთ შექმნილი სქემა და ვეღარ უმკლავდებიან მისსავე შედგენილ წესებს“, - აღნიშნა ჩარგეიშვილმა „რეზონანსთან“  საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×