ფინანსისტების ნაწილი გაცვლითი კურსის ფიქსირების მომხრეა: "არ იქნება მუდმივი ნერვების წყვეტა და ეკონომიკაც ბევრად სწრაფად განვითარდება“
გვანცა წულაია
05.07.2023

საქართველოს ეროვნულ ბანკში სიტუაციის შესცვლისა და ნათია თურნავას მოსვლის შემდეგ, ლარის კურსმა ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ ყოველდღიური გამყარება დაიწყო და იმ ნიშნულისკენ დაიძრა, რაც რეალურად ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას შეესაბამება. ეკონომისტები ლარის უცაბედ გაუფასურებას სხვადასხვა გარემოებებთან აკავშირებენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამბობენ, რომ ზაფხულის პერიოდში კურსი გამყარებული და სტაბილური იქნება.

სტაბილურობა და სიმყარე რომ იქნება, ეკონომისტებთან ერთად, ადასურებენ „გალტ ენდ თაგარტშიც“. ისინი 2023 წელს ლარის საშუალო კურსს (დოლართან მიმართებით) 2.55-ს პროგნოზირებენ.

ეკონომისტთა კიდევ ერთი ნაწილი ლარის მოულოდნელ გაუფასურებას თურქეთის არჩევნებს უკავშირებს, რომლის მეორე ტურიც მაისის ბოლოს ჩატარდა. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ახლა უკვე არ გამორიცხავს, რომ 2.50-იანი ნიშნულისკე დაიძრას. 

„როდესაც საუბრობენ იმაზე, თუ რამ გამოიწვია კურსის გაუფასურება, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ შეზღუდული კონვერტაციის ვალუტებს, როგორიც ლარია, განსხვავებით გლობალური ვალუტებისგან, ევროსგან, დოლარისგან, ასეთი გადასვლები ახასიათებს ხოლმე, ამას რყევას არ დავარქმევ, არამედ წონასწორობის წერტილების ცვლილებას ვუწოდებ. თურქეთის არჩევნების პერიოდში ლარი 2.47-დან 2.63-ზე მაღლა ავიდა, რაც 2 ფაქტორით იყო განპირობებული:

პირველი - ნეგატიური მოლოდინი, რომ თურქეთში შესაძლოა, პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულიყო, რაც ლირაზე და შესაბამისად, ლარზე მოახდენდა გავლენას. თურქეთი არის ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი, ამიტომ როცა ასეთი მოლოდინია, ბიზნესსუბიექტები წინასწარ თადარიგს იჭერენ და ე.წ. კონტრაქტების დაზღვევას ახდენენ, უცხოურ ვალუტას წინასწარ ყიდულობენ, მიუხედავად იმისა, სჭირდებათ თუ არა იმ მომენტში. ვნახეთ, ამ მოლოდინმა რა შედეგი მოიტანა. იმ მომენტში ჩვენთან არანაირი ფუნდამენტური ფაქტორები შეცვლილი არ იყო. საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. გაზრდილი იყო ექსპორტი.

მეორე - ინტერვენციები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე განახორციელა. ერთი თვეა, ვხედავთ, რომ ლარის კურსი სტაბილურია. დღეს წონასწორობის წერტილი 2, 60-ია, თუმცა ზაფხულის ტურისტულ ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, რაც გავლენას ახდენს კურსზე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ლარმა გარკვეული დაკორექტირება განიცადოს და შესაძლოა, 2.50-იანი ნიშნულისკენაც წამოვიდეს“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

მაშინ, როდესაც ეროვნული ვალუტა 2.50-ს ქვევით იყო, ბიზნესი ამბობდა, რომ კურსი ზედმეტად იყო გამყარებული და ამის გამო ადგილობრივ წარმოებას ექსპორტზე პრობლემები ჰქონდა. საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენფი, ფინანსისტი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ 2.60-იანი ნიშნული არის ის მაჩვენებელი, რომლის გათვალისწინებითაც შეიძლება ადგილობრივმა მწარმოებლებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.

„კურსი ახლა სტაბილურად არის და ჩვენ გვქონდა პროგნოზი, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ვალუტა იმოძრავებდა 2.57-2,67-ის ფარგლებში და ეს არის მაქსიმალური მერყეობის საზღვარი.

კურსი თავის ნებაზე რომ მივუშვათ, იქნება 2.0-ის ნიშნულზე, რადგან ძალიან დიდი სავალუტო შემოდინებებია ქვეყანაში. წლის დასაწისიდან ეროვნულმა ბანკმა 928 მლნ დოლარი შეისყიდა, ანუ ამოიღო სავალტო ბაზრიდან და ასე რომ არ მოქცეულიყო, ლარი დიდი სისწრაფით გამყარდებოდა.

ადრეც ვამბობდით, რომ 2.50-იანი ნიშნული იყო საგანგაშო მაჩვენებელი, რისი მეშვეობითაც ექსპორტი შეიძლება შეჩერებულიყო. ამ მომენტისთვის ატმის ექსპორტი შენელდა, რადგან არაკონკურენტუუნაროა ჩვენი ფასები, იგივე რუსეთის ბაზრისათვის. კი ამბობენ, რომ რუსეთს სანქციები აქვს და არავინ უგზავნის პროდუქციას, მაგრამ ძალიან კარგად შედის ევროპიდან საქონელი. 

2.60 კი არის ისეთი ნიშნული, რომლის გათვალისწინებითაც შეიძლება ადგილობრივმა წარმოებამ თავი შეინარჩუნოს. ვსაუბრობ რეალურ ექსპორტს ჰქვია, ანუ საქართველოში წარმოებული საქონლის გაყიდვას და არა ავტომობილების გაყვანას და რეექსპორტს.

სხვათა შორის, დაბალი კურსი ტურისტულ სეზონსაც უშლის ხელს. ევროპელი ტურისტები საქართველოში ნაკლებად ჩამოვლენ, რადგან ჩვენთან დასვენება - სასტუმროს ხარჯები და კვება, ძალიან ძვირია. რატომ ჩამოვა ტურისტი საქართველოში, როცა შეუძლია უკეთესი მომსახურება და კვება მიიღოს თუნდაც ანტალიაში, თურქეთის სანაპიროზე?“, - განუცხადა „რეზონანსს“ შენგელიამ,

ბოლო პერიოდის ცვლილებებზე საუბრობს საბანკო სფეროს სფეპუალისტი ლია ელიავა და აცხადებს, რომ კურსს მერყეობა ახასიათებს, რაც ჩვეულებრივი ამბავია.

„კურსის მერყეობას არანაირი კავშირი არ აქვს სებ-ის ხელძღვანელობის პრობლემებთან. საბანკო სექტორი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, სადაც სულ ერთია ვინ იქნება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი.

კურსის მერყეობა ჩვეულებრივი ამბავია. ვალუტის შემოდინება-გადინებაზე არის დამოკიდებული, კომერციულ ბანკებში რამდენად აკუმულირდება უცხოური ვალუტა ან გაუჩნდებათ უცხოური ვალუტის დეფიციტი, ანდა რამდენად იყენებენ სასპეკულაციო ვაჭრობას დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით. ჩვენ ისეთი ტიპის საფინანსო სექტორი არ გაგაჩნია, რომელიც ძალიან რეაგირებს პოლიტიკურ ვითარებაზე ან ხელმძღვანელობის ცვლილებებზე.

იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს სავალუტო ბირჟები, იქ მანიპულაციის საშუალება არის და ჩარევაც შესაძლებელია, მაგრამ საქართველოში ძალიან დახურული სტრუქტურაა „ბლუმბერგის“ პლატფორმა, სადაც ხდება ვაჭრობა და საიდანაც ეროვნული ბანკი იღებს სავალუტო კურსს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლია ელიავამ და დასძინა, რომ კარგი იქნება თუ სებ-ი კურსის ფიქსირებას მოახდენს, რადგან ამის შედეგად ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდება.

„საერთოდ, არ აქვს მნიშვნელობა კურსი რა ნიშნულზე იქნება, მთავარია, სტაბულურობა. კურსის გამყარება, თუ გაუფასურება არ განსაზღვრავს ეკონომიკის სიმყარეს ან სისუსტეს. ეკონომიკაზე გავლენას ახდენს კურსის არასტაბილურობა და არაპროგნოზირებადობა. სხვათა შორის ბევრმა ქვეყანამ, მიუხედავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციისას, დააფიქსირა თავისი კურსი და მათთან ეკონომიკაც ვითარდება და არ არის მუდმივი ნერვების წყვეტა. კარგი იქნებოდა, საქართველოს ეროვნულ ბანკს ლარის კურსის ფიქსირება მოეხდინა. შედეგადც საქართველოს ეკონომიკა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდებოდა“, - დასძინა „რეზონანსთან“ელიავამ.

ლარის კურსმა მოულოდნელი გაუფასურება მაისში დაიწყო. „ბლუმბერგის” სავაჭრო პლატროფრმით თუ ვიხელმძღვანელებთ, ვანახავთ, რომ 9 მაისს ერთი ლარი 2.4750 ამერიკული დოლარი ღირდა. მხოლოდ ერთ დღეში, კურსი უკვე 11 პუნქტით გაუფასურდა და 10 მაისს მაჩვენებელი 2.58 ნიშნულამდე დაეცა. 11 მაისს 6-თეთრიანი გამყარება მივიღეთ და კურსი 2.52-ზე ჩამოვიდა, თუმცა შემდეგ 2,63-ზე ავარდა. ასეთი რყევები გაგრძელდარამდენიმე კვირის მანძილზე, თუმცა უკვე სტაბილურობა მიღწეულია და ასეთი გარემოების გაგრძელების გარანტი ზაფხულის ტურისტული სეზონია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×