რეზონანსი
08.07.2023

არსებობს უმუშევრობა ქვეყანაში, თუმცა ძალიან ბევრ კომპანიას, დაახლოებით, 20%-იანი ქრონიკული დეფიციტი აქვს კადრების - ეს მთელი ბიზნესის პრობლემაა. გვინდა ადამიანები და ამ ადამიანებს ვერ ვშოულობთ, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ბიზნესასოციაცია მუდმივად აწარმოებს ასოციაციის წევრებში ბიზნესის ხელისშემშლელ ფაქტორებზე გამოკითხვას, რომლის მიხედვითაც, პროფესიული კადრების დეფიციტი ბოლო სამი კვარტალის ნომერ პირველ გამოწვევად სახელდება.

შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც საკადრო დეფიციტს უკავშირდება, ბიზნესი გამოსავალს აქტიურად ეძებს. კადრების მოსაზიდად დამსაქმებლებს სულ უფრო მეტი სარგებლის შეთავაზება უწევთ, მათ შორისაა: გაზრდილი ხელფასები, ტრენინგები, მოქნილი სამუშაო გრაფიკი და სხვა. გარდა ამისა, სულ უფრო მეტ კომპანიას სამსახურში არაკვალიფიციური კადრები აჰყავს და შემდგომ მათ გადამზადებას თავადვე უზრუნველყოფს, რადგან ბოლო დროს დაბალკვალიფიციური კადრებიც კი დეფიციტური გახდა.

მაგალითისთვის, ბიზნესასოციაციის გამოკითხვის შედეგად, გამოიკვეთა რომ 2023 წლის მეორე კვარტალში კომპანიათა 59%-მა სპეციალისტების ნაკლებობა, ხოლო 41%-მა უბრალოდ სამუშაო ძალის ნაკლებობა დაასახელა საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებად.

„გამოკითხული კომპანიების უმრავლესობის აზრით, კადრების მოძიების პროცესს ართულებს აპლიკანტთა არასაკმარისი რაოდენობაც, რაც გამოწვეულია კადრების საზღვარგარეთ გადინებით. ბოლო 1 წელში ბიზნესსექტორში ხელფასები 20%-ით გაიზარდა, თუმცა, ამას კადრების დეფიციტის პრობლემა არ გადაუჭრია", - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ „ბიზნესპარტნიორთან"

შეგახსენებთ, პანდემიის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, გლობალურ შრომის ბაზარზე კადრებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა არაერთი ქვეყანა მუშახელის დეფიციტს განიცდის. მაგალითისთვის, ბოლო დროს გლობალურ ბაზარზე გამოკითხული 45 ათასი კომპანიიდან, 70%-ზე მეტი საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კადრებს ვერ პოულობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×