შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე სამი პირი დააკავა. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაკავებულნი არიან ჭიათურელი ე.წ. "კანონიერი ქურდების" ოჯახის წევრები, მათ შორის გრიშა დარბაიძის ვაჟი ბესო დარბაიძე, იგივე "გრიშიჩი", მერაბ ასანიძის დისშვილი მუხრან აბესაძე ("თეოფილიჩი") და კონსტანტინე კირკიტაძე.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ნ.-სგან ბრალდებულები მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემას ითხოვდნენ.
ბრალდებულებმა დაზარალებულს 1 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო-ვიდეო მასალაში ისმის, თუ როგორ აიძულებენ ბრალდებულები ახალგაზრდა მამაკაცს ფულის მიტანას:
"26 წელი მაქვს დამთავრებული ციხეში, ახლა გამოვედი, ქურდის შვილი ვარ ძმაო... ფული მოიტანეთ, თორემ ჩემ დედას შ... ცოცხალ თუ არ დავმარხო, მაგის ოჯახი მ... მიდი, დაალომბარდე მანქანა" - ისმის ფარულ ჩანაწერში გამომძალველთა სიტყვები.