რეზონანსი
30.07.2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარმის თქმით, რადიკალური ოპოზიცია მტრობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც მონაწილეობს.

„ამერიკაში მოქმედი რუსული კანონით (ასე უნდა მოვიხსენიოთ “FARA” იმიტომ, რომ თუკი ქართული “FARA” რუსულია, ესე იგი ამერიკულიც რუსული გამოდის) გავიგეთ ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში, დოკუმენტურად გავიგეთ ის, რაც ისედაც ვიცოდით, რომ ქართული რადიკალური ოპოზიცია მტრობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ და გაცხადებულად. როდესაც სააკაშვილის ოჯახისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადახდილი ფული იხარჯება საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში, ეს ნიშნავს საქართველოს ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაიხურება ევროკავშირის კარი და კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ ვერც წელს და ვერც გაისად, რადგან შეუძლებელია, საქართველოს სანქციები დაუწესდეს რუსეთთან ურთიერთობის გამო და პარალელურად ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს.

აქედანაც გამოჩნდა ქართული ოპოზიციის ის ცრუ ნარატივი, თითქოს ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და თითქოს საქართველოს ხელისუფლება ამისთვის არაფერს აკეთებს. ეს არის პირდაპირ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა თანაც იმ ფონზე, როდესაც სანქციების საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც შედიან ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები, პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველო 100%-ით ასრულებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ყველა მოთხოვნას, ამ დროს კი ქართული ოპოზიცია, მაგალითად, ბექა ლილუაშვილი, აცხადებს, რომ ისინი კი ასე ამბობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სიმართლეა - შეიძლება, ვერ აღმოაჩინეს, რადგან კარგად ვერ კონტროლდება ქვეყნის საზღვარიო.

ესეც არის ქვეყნის მტრობა და ამ მტრობის ყველაზე კარგი გამოხატულება იყო “FARA”-ს დოკუმენტში ნათქვამი, წინადადება იმის შესახებ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს და ქართულმა ოპოზიციამ ფული უნდა გადაიხადოს იმაში, რომ საქართველოს სანქციები დაუწესდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ამბავში მონაწილეობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც გარკვეულ თანხასაც კი იღებს ამის სანაცვლოდ და ისიც ძალიან სამწუხაროა, რომ ამ თემაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის გვარიც ფიქსირდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×