რეზონანსი
01.09.2023

იმპიჩმენტის პროცედურა ერთადერთი გზა იყო, რაც მმართველ პარტიას ჰქონდა დარჩენილი. როცა სახეზეა კონსტიტუციის უხეში დარღვევა, სხვა სივრცე არ რჩება, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციური ორგანოების მნიშვნელობა და არსი ყველამ უნდა გააცნობიეროს.

„კონსტიტუციას პატივს თუ ვცემთ და სამართლებრივი სახელმწიფოს მნიშვნელობას ვითვალისწინებთ, სხვა გზა არ არსებობს. უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ. პრეზიდენტის მხრიდან არის თუ არა კონსტიტუციის დარღვევა შეთანხმების გარეშე ვიზიტების განხორციელება? როგორ ხსნიან, პრეზიდენტისა და მთავრობის როლს? - კონსტიტუციაში ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე წერია, რომ პრეზიდენტს საგარეო წარმომადგენლობის დროს მთავრობის თანხმობა სჭირდება. ეს იგივეა, პარლამენტმა ამნისტიასთან ერთად, შეწყალებაც განახორციელოს. პრაქტიკულად, პრეზიდენტმა შესაბამისი ნაბიჯები გამოტოვა და კონსტიტუცია დაარღვია. ამიტომ, ყველამ უნდა გააცნობიეროს კონსტიტუციური ორგანოების მნიშვნელობა და არსი. არ მომისმენია ახსნა, ვინ ამბობს, რომ ეს არ არის კონსტიტუციის დარღვევა. რაც შეეხება 78-ე მუხლის მოშველიებას, ოპონენტები მიზანმიმართულად ტოვებენ სამ სიტყვას - თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა მთავრობასთან თანხმობით შეიძლება წვლილი შეიტანოს შესაბამის ღონისძიებებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქაოსს მივიღებთ. როგორ წარმოგიდგენიათ, ყველა უწყება რომ ერთმანეთის კომპეტენციაში ერეოდეს, როგორ შეეწყობა ხელი ევროინტეგრაციას", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა და საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში. „ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×