რეზონანსი
29.09.2023

არა მგონია ხელისუფლებას არ ჰქონდეს გათვიცნობიერებული და სსფ- ახლა ისეთ მოთხოვნებს აყენებდეს, რაზეც კონსენსუსი ვერ შედგება, ამიტომ დარწმუნებული ვარ ეს ასეც მოხდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

„დღის წესრიგიდან არ ჩამოდის და კვლავ მანიპულაციის საგნად არის გამხდარი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ქვეყნის „სავარაუდო დატოვების" საკითხი, რასაც ოპოზიცია წარმოაჩენს, თითქოს სავალუტო ფონდის გასვლა ლამის უკვე დამდგარი ფაქტი იყოს და აპოკალიფსად არის წარმოსახული. და რადგან მთელი ამ აურზაურის ავანგარდში ოპოზიციის რადიკალური ნაწილია წარმოდგენილი, რამდენიმე ეპიზოდი მსურს გავიხსენო წინა ხელისუფლების სსფ-სთან დამოკიდებულებიდან, რაც ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს.

„ჩვენთვის იდეალური იქნებოდა, სსფ რომ წავიდეს აქედან. მადლობა ღმერთს, სსფ საქართველოდან ერთ წელიწადში მოვიშორეთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ოდესის გუბერნატორის პოსტზე ყოფნისას. მან სსფ ქირურგსაც კი შედარა, - როცა თითზე სახვევი გჭირდება, ის ამბობს, რატომ გადახვევა? მოდი, მთელი ხელი მოვჭრათ, რატომ უნდა შეწუხდე?" - ამბობდა მაშინ მიხეილ სააკაშვილი. საქართველოში ერთ წელიწადში მოშორებაში კი 2004 წელი იგულისხმა, როდესაც სსფ-ის პროგრამა სკანდალურად დაიხურა.

ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილის ასეთი აღშფოთება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის ქრისტინ ლაგარდის განცხადებებს მოყვა, უკრაინას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესისათვის მიუღწევლობის გამო, ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერის მოსალოდნელ შეჩერებაზე. ამასთან, ლაგარდიმ განცხადება უკრაინის ეკონომიკის მინისტრის აივარას აბრომავიჩიუსის მოულოდნელი გადადგომიდან ერთი კვირის შემდეგ გააკეთა, როდესაც აბრომავიჩიუსმა დატოვა თანამდებობა და თქვა, რომ არ სურდა ფართო სამთავრობო კორუფციის „დაფარვა". აი, რეალურად რაზეც ასე აღშფოთდა „კორუფციასთან მერძოლი" რაინდი და საქართველოში ელიტარული კორუფციის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი.

არანაკლებ საინტერესოა საქართველოში 2004 წელს სსფ-ს პროგრამის შეჩერების მიზეზიც. ქართული „ლიბერალური ეკონომიკის" მამად წოდებულის, რეალურად კი დიდი პრივატიზაციის ეგიდით, ყოფილი სახელმწიფო საწარმოების დიდი ნაწილის რუსეთის სახელმწიფო კომპანიებზე გამსხვისებელი, კახა ბენდუქიძის დამოკიდებულება სავალუტო ფონდთან, საგადასახადო კოდექსის მიღების დროს 2004 წელს, როდესაც სსფ-მ ხელისუფლებას გადასახადების ეტაპობრივი შემცირება ურჩია, ამ ორგანიზაციას „ აბსოლუტურად იდიოტური ორგანიზაციაც" კი უწოდა, ხოლო სავალუტო ფონდის მოქმედებები საქართველოში, უარყოფითად შეაფასა.

ამ კონფრომტაციის შედეგად სსფ-სთან თანამშრომლობაც სწორედ მაშინ შეწყდა და მხოლოდ 2007 წელს აღდგა. ამასთან ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც ფონდმა საქართველოს, 2 წლიანი შესვენების შემდეგ, პროგრამა აღუდგინა, შემდგომ კი დაეხმარა "პარიზის კლუბში" საგარეო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაში, რაც თავის მხრივ, მაშინდელმა ხელისუფლებამ უკვე "საქართველოს წარმატებად" შეაფასა და რაც ნაციონალური მოძრაობის რეფორმების რეალურ სახესაც აჩვენებს, დღეს სსფ-ს ირგვლივ სპეკულაციური განცხადებებით რომ გამოდიან!

როგორც წინა პოსტშიც ავღნიშნე, ამ დროს რეალურად საუბარია არა სსფ-ის ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილებაზე, არამედ პროგრამის მეორე მიმოხილვის გადადებაზე, რაც ცნობილი გახდა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში. სსფ-ის ეს გადაწყვეტილება კი დაკავშირებული იყო ზაფხულში ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებთან პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებასთან დაკავშირებით.

შექმნილ სიტუაციაში მიმაჩნია, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება სსფ-სთან შეთანხმება მეორე მიმოხილვის განახლებაზე, მით უკეთესი იქნება ქვეყნისათვის. ნამდვილად დამაიმედებელია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შემდეგ, ელჩის მხრიდან გაკეთებული განცხადებაც სსფ-ის დროებით შეჩერებული პროგრამის მეორე მიმოხილვის განახლების მიზანშეწონილობაზე!

მართალია, სსფ-ის პროგრამის განახლების გაჭიანურება, კატასტროფა არ იქნება, თუმცა მაინც ნეგატიურად აისახება საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგზე, კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ და გაუძვირდებათ საერთაშორისო ბაზრებიდან რესურსები, რაც თავის მხრივ გააძვირებს ისედაც გაძვირებულ საბანკო კრედიტებს და ბუნებრივია, გარკვეულწილად ასახვასაც ჰპოვებს ეკონომიკურ ზრდაზე, ბიუჯეტზე და ა.შ. გარდა ამისა, მიზეზი მიეცემათ ჩვენი ევროპული პერსპექტივის სკეპტიკოსებს დასავლეთში სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას!

აქედან გამომდინარე, დღეს ხელისუფლების პრიორიტეტიც ეს უნდა იყოს, არა მგონია ხელისუფლებას არ ჰქონდეს გათვიცნობიერებული და სსფ- ახლა ისეთ მოთხოვნებს აყენებდეს, რაზეც კონსენსუსი ვერ შედგება, ამიტომ დარწმუნებული ვარ ეს ასეც მოხდება", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×