რეზონანსი
29.09.2023

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს კვლევა, რომელიც ტექნიკურ, ფინანსურ და ხარჯვით ნაწილს ეხება.

მისივე თქმით, წინასწარი შედეგებით პროექტი საკმაოდ მომგებიანი შეიძლება იყოს.

„ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორი არის მსოფლიო ბანკი, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაციის კომპანია ჰყავს დაქირავებული. წლის ბოლოსთვის ველოდებით კვლევის დადებას, რა შედეგი ექნება პროექტს საქართველოს ეკონომიკისთვის, რა იქნება ბიუჯეტი. იცით, რომ შესაძლებლობა არსებობს, საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებიც მიუერთდნენ ამ პროექტს. კვლევა ამ ნაწილსაც მოიცავს. ბუნებრივია, ეს მეტად მომგებიანს და პროდუქტიულს გახდის. ჩვენს ინტერესშიც არის, რომ ასეთი ტიპის კვლევა განხორციელებულიყო. წლის ბოლოს გვექნება კვლევა როგორც ტექნიკურ ნაწილზე, ასევე ფინანსურ და ხარჯვით ნაწილზე - დაახლოებით რა დაჯდება, რა მომგებიანობა ექნება პროექტს. წინასწარი შედეგები ძალიან პოზიტიური იყო, რომელმაც აჩვენა, რომ შესაძლოა, პროექტი საკმაოდ მოგებიანი იყოს. კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოხდება ფინანსურ მოდელზე ჩამოყალიბება. ამ პროექტში ჩართული იქნება ძალიან ბევრი საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტი. პრაქტიკულად, დღეს მსოფლიოში არ დარჩა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტი, პროექტის დაფინანსების მიმართულებით ინტერესი რომ არ გამოეხატოს", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა „შავი ზღვის კაბელის" პროექტი 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული, ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ დააფინანსებს პროექტს და როგორი ბიზნესმოდელი იქნება შერჩეული.

„საჭიროება თუ იქნება, რომ ხარჯები გაიწიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ბუნებრივია, ცვლილებები აისახება, თუმცა ეს ბიზნესმოდელზეა დამოკიდებული. შესაძლებელია, სხვადასხვა ქვეყნისა და მარეგულირებლის მონაწილეობით, დაფინანსების წყარო იყოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, პირდაპირ მოხდეს პროექტის დაფინანსება და ბიუჯეტიდან თანხის გადახდას არ ითვალისწინებდეს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×