რეზონანსი
09.10.2023

თელ-ავივსა და იერუსალიმში საჰაერო შეტევები გრძელდება. გამაფრთხილებელი სიგნალი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაირთო. მოქალაქეებს თავშესაფრებში უწევთ ყოფნა. მათ შორის არიან ისრაელში მცხოვრები ქართველები. ისრაელში, ოფიციალური ინფორმაციით, 120 000 ქართველი ცხოვრობს. მათგან რამდენიმეს ესაუბრა "კურიერი". სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველები გვიყვებიან მათ გარშემო არსებულ ვითარებაზე.

"ვართ ღაზას სექტორიდან 15 წუთის სავალზე. ჩვენი ფანჯრიდან ჩანს ყველაფერი, როდის ისვრიან, მაგასაც ვხედავთ, როგორც კი ვარდება ბომბები. გუშინ ღამე იყო ძალიან ცუდი, ჩვენს კორპუსს მოხვდა ნამსხვრევები სახურავზე. მსხვრევის ხმა იყო, მაგრამ გადავრჩით. აშკელონში კომენდანტია გამოცხადებული, სხვა ქალაქებში არ ვიცი. აქ მეზობლებს, ვისაც შეეძლოთ, წავიდნენ, პატარა ბავშვები რომ ჰყავდათ, სხვა ქალაქებში წავიდნენ, მოშორებით, რამდენიმე ოჯახიღა დარჩა ამ კორპუსში. ქუჩებში დადიან ჯარისკაცები, პოლიციელები, ჩემი და საავადმყოფოში მუშაობს აქ, იქაც სავსეა. გუშინ დილით ესროლეს საავადმყოფოს,"- აცხადებს ისრაელში მცხოვრები ქართველი ნათია პიპინაშვილი.

"მაღაზიები ღიაა, აფთიაქები ღიაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. ერთადერთი, რაც შეზღუდეს ეს არის თავშეყრის ადგილები - საკონცერტო დარბაზები, რესტორნები და ა.შ. რეკომენდაციები გვაქვს, რომ დავრჩეთ სახლში, ვიყოთ თავშესაფართან ახლოს, რადგან რაღაც რომ მოხდეს და ჩაირთოს სირენა მოვახერხოთ მყისიერი რეაგირება. კონკრეტულ ქალაქებს აქვთ განსაზღვრული დრო, მაგალითად, ჩვენ რომელ ქალაქშიც ვიმყოფებით, 2 წუთი გვაქვს ვადა, რომ ჩავიდეთ. ძალიან დაძაბული მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ ძალიან დიდია მსხვერპლი ქვეყანაში, ძალიან ბევრი ჯარისკაცია, ახალგაზრდა ბავშვები დაღუპული. სიმართლე რომ გითხრათ, თავს დაცულად ვგრძნობთ, იმ მხრივ, რომ ყველანაირად აკონტროლებენ ჩვენს ქალაქში სიტუაციას. რკინის გუმბათი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი უნიკალური თავდაცვის სისტემაა და 99.9%-ით დაცულია,"- აცხადებს ისრაელში მცხოვრები ქართველი მიშა ბარამაშვილი.

ომის მესამე დღეს დაღუპულთა რაოდენობა ორივე მხრიდან 1 300-ს აჭარბებს. "ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას 800 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი კი 550-მდე გაიზარდა.

ისრაელმა ღაზის სექტორის ბლოკირება დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

წყარო: „რუსთავი2„

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×