რეზონანსი
19.10.2023

"მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილება დღის წესრიგში დადგა იმიტომ, რომ ხელისუფლებას უნდა მორიგ ჯერზე ავნოს ევროინტეგრაციის პროცესს, უნდა კიდევ რაღაც გააფუჭოს, კიდევ უფრო დააზარალოს ჩვენი სახელმწიფო , - ამის შესახებ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელმა, ზვიად ქორიძემ განაცხადა.

როგორც ქორიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" აღნიშნა, კანონი არა მხოლოდ მედიას, არამედ ყველა მომხმარებელს დააზარალებს.

„ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ უნდა დამდგარიყო. დღის წესრიგში დადგა იმიტომ, რომ ხელისუფლებას უნდა მორიგ ჯერზე ავნოს ევროინტეგრაციის პროცესს. რაღაც კიდევ უნდა გააფუჭოს, კიდევ უფრო დააზარალოს ჩვენი სახელმწიფოსთვის.

სხვათა შორის, ეს არ შედის 12 რეკომენდაციაში, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტია ევროინტეგრაციის პროცესში, რომ ქვეყანაში მინიმალიზირებული იყოს სიძულვილის ენა და მეტიც, საზოგადოებაში სიძულვილის ენა არ იყოს აპრობირებული მეთოდი, რომ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს ადამიანები გაუსწორდნენ ამ მეთოდებით და, რა თქმა უნდა, ეს ენა არ უნდა შემოვიდეს მედიაში",- განაცხადა ქორიძემ.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ "მაუწყებლის შესახებ" კანონი რეგულირების სფეროში გადმოიტანა და თქვა, თუ მედიაში სიძულვილის ენის კულტივირება მოხდება, კომუნიკაციების კომისიამ უნდა იმსჯელოს თვითრეგულირების კომისიის გადაწყვეტილებებზე.

მისივე თქმით, ხელისუფლება იგონებს სქემას, რომ ევროკავშირს თავი მოაჩვენოს, თითქოს სიძულვილის ენის რეგულირებას იწყებს.

„როდესაც კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობის ხარისხი ასეთი დაბალია, არ მგონია საზოგადოებას მაღალი ნდობის მაჩვენებელი ჰქონდეს,ზოგადად მარეგულირებელი კომისიების დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით.

როდესაც მარეგულირებელი კომისია ჯიბეში უზის ხელისუფლებას, როდესაც მთლიანად კონტროლირებადი და „კლანის" მიერ მართულია სასამართლო სისტემა, ამ დროს ხელისუფლება იგონებს სქემას, რომ ევროკავშირს თავო მოაჩვენოს - „ნახეთ მე რა კარგი ვარ. ვიწყებ სიძულვილის ენის რეგულირებას, იმიტომ რომ ჩემთვის მიუღებელია სიძულვილის ენა", - განაცხადა ქორიძემ.

კითხვაზე, რა რისკებს ხედავს კანონში სიტყვა „უხამსობის" ჩასმაში, პასუხობს, რომ ხელისუფლების, უმრავლესობის, პირადად ბიძინა ივანიშვილის, ყველას ინტერესია, რომ ეს ჩანაწერი გამოიყენონ მედიაზე ზემოქმედებისთვის.

„ჩვენ ეთიკის ნორმების დარღვევაზე კი არ ვსაუბრობ, არამედ სანქცირებაზე ვსაუბრობთ. ეთიკა საერთოდ არ აწუხებს, არც კანონმდებელს, არც კომუნიკაციების კომისიას. მათი მიზანია შექმნან ისეთი ჩარჩო, რომელსაც კარგად გამოიყენებენ მედიის დასჯისთვის",- განაცხადა ქორიძემ.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ „ურცხვად და საზოგადოების ნების უგულებელყოფით" მიიღო ისეთი კანონი, რომელიც დამაზიანებელია ქართული დემოკრატიული პროცესისთვის და ევროინტეგრაციისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×