
არჩევნებში ხმის მიცემა შესაძლოა, არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებითაც გახდეს შესაძლებელი - ოპოზიცია ფრიდონ ინჯიას ინიციატივის უკან სახელისუფლებო გუნდის განზრახვებს ხედავენ.
როგორც "ლელოს" დეპუტატი დავით უსუფაშვილი ამბობს ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირებულ პროექტს კომიტეტზე დღეს უკვე განიხილავენ, ეს ადასტურებს, რომ ცვლილებების ავტორები მმართველი ძალის წარმომადგენლები არიან.
გუშინწინ შემოტანილი პროექტი დღეს უკვე კომიტეტმა მოიწონა, ანუ აქ არანაირ ინჯიას პროექტთან არ გვაქვს საქმე, ეს არის ხელისუფლების პროექტი, რომელიც შემოატანინა ბატონ ფრიდონს. კარგი არაფრისთვის სჭირდება, თუმცა ამის კონტრზომები არსებობს და ჩვენ ზოგადად, უნდა მოვემზადოთ რთული არჩევნებისთვის,“ - ამბობს დავით უსუფაშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ინიციატივას, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლებით არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონე მოქალაქეებიც შეძლებენ. კომიტეტმა ინჯიას კანონპროექტს საკითხზე შემდგომი კონსულტაციების გაგრძელების დათქმით პირობით დაუჭირა მხარი.