
ბარიერი არის დემოკრატიის აუცილებელი ნაწილი, ეს არის კონსტიტუციური და დემოკრატიული სტაბილურობის აუცილებელი ნაწილი, და ზუსტად ამიტომ არის ეს პრაქტიკა მიღებული მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„სპეკულაციები გრძელდება: როდესაც ჩვენ 12 რეკომენდაცია მივიღეთ, მაშინაც იყო სპეკულაციების დიდი კასკადი, თუ რა რას ნიშნავდა. თუმცა ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ გავატარეთ, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლებს იშვიათი გამონაკლისების გარდა ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ, აღმოჩნდა ადეკვატურად ასახული მოხსენებაში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვითარებას, თავის დროზე, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა ჩატარდა, ის ბარიერი, რომელიც დღეს არის გათვალისწინებული კონსტიტუციაში, ყველაზე მეტად არის გამოყენებული სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოში, მეტიც - უფრო მაღალი ბარიერებიც არსებობს. ოპოზიციას არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი და შეიძლება მხოლოდ ვიწრო ჯგუფის მხარდაჭერის ფონზე შეიძლება ეცადონ პარლამენტში მოხვედრას. ბარიერი არის დემოკრატიის აუცილებელი ნაწილი, ეს არის კონსტიტუციური და დემოკრატიული სტაბილურობის აუცილებელი ნაწილი და ზუსტად ამიტომ არის ეს პრაქტიკა მიღებული მთელ მსოფლიოში. რადიკალურ ოპოზიციას ამ შემთხვევაში არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ საკუთარ თავზე მორგებულ რაღაც სქემებზე ილაპარაკოს. ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან ერთად მათ სქემებით მუშაობა კარგად გამოსდით", - აღნიშნა ჩიქოვანმა.
მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.