
თელავის რაიონულმა სასამართლომ თანასოფლელის მკვლელობისთვის დაკავებულ ბაზილარ მაჰმუდოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე პროკურორმა პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა იმ არგუმენტით, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა.
პროცესზე 33 წლის მახმუდოვა დანაშაულის ეპიზოდი გაიხსენა. მისი თქმით, მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და ფაქტის დროს თავს იცავდა.
დაკავებულის უფლებადამცველმა კი მუხლის გადაკვალიფიცირება და 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.
მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 11 ნოემბერს მოხდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ფინანსურ დაინტერესებას უკავშირდება, რა დროსაც 33 წლის ბაზილარ მახმუდოვმა, ცივი იარაღით, 29 წლის ჯავიდან მამედოვი მოკლა.