
მამუკა მდინარაძის თავდასხმების მეორე სერია პრეზიდენტზე - ფრაქცია "ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი, თავისი გაკეთებული განცხადებებით საშიშია და მმართველ გუნდს თავისმართლების მთელი სერია მოუწია ჩინეთთან, რომ პრეზიდენტის განცხადება გამოესყიდა.
მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილი უფრო ადრე იყო გამოსაცხადებელი არაფორმალურ პრეზიდენტად, რადგან დაზღვეულ უნდა იყოს მისი ლეგიტიმაციის ხარისხი.
„წარმოიდგინეთ, ეს გადაწყვეტილება ჩვენ რომ არ გვქონოდა მიღებული და ისე გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილს ეს განცხადება ჩინეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით, რამხელა უხერხულობაში აღმოვჩნდებოდით. კარგი იქნებოდა, კიდევ უფრო ადრე რომ გაგვეკეთებინა, მაგალითად, მაშინ, გარეჯთან დაკავშირებით რომ აკეთებდა განცხადებებს. მაშინ გაცილებით დიდი უხერხულობა იყო. ახლა ის მაინც გვაქვს დაფიქსირებული, რომ ეს ადამიანი ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ულეგიტიმოა და შედარებით კარგ მდგომარეობაში ვართ. იმიტომ არის ჩვენთვის სიმბოლური და ფორმალური პრეზიდენტი, მხოლოდ ფორმალური უფრო ზუსტად და ლეგიტიმაციას მოკლებული, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს და საშიშია. ადამიანი, რომელიც არარეალურ და აბსურდულ რაღაცებს ლაპარაკობს, მე ვფიქრობ უნდა დააზღვიო მისი ლეგიტიმაციის ხარისხი და ეს ჩვენ გავაკეთეთ, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება". - ამბობს მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს არაფორმალური უწოდა. "ოცნების" ლიდერი განცხადება დღეს ირაკლი კობახიძემ გააგრძელა და მანაც სალომე ზურაბიშვილი არაფორმალურად გამოაცხადა. მდინარაძე-კობახიძის მესიჯბოქს მთელი "ქართული ოცნება" აჰყვა. ახლა მთავარი კითხვაა, ვის მოუვიდა თავში პირველს იდეა, რომ პრეზიდენტი არაფორმალურად გამოეცხადებინათ და ვინ არის გუნდში ამ იდეის ავტორი.
"ოცნების" მორიგი იერიშის სამიზნე საქართველოს პრეზიდენტი ფრანგული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს გამო გახდა, სადაც პრეზიდენტმა ჩინეთის ლიდერის შესაძლო გასამართლებაზე ისაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს შეეხებოდა.