
სროლა საბავშვო ბაღთან - დაკავებულია ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილი, გურამ ელიზბარაშვილი.
თამაზ ელიზბარაშვილი ამტკიცებს, რომ ძაღლთან დაკავშირებით მომხდარი უთანხმოება ორმხრივ სროლაში გადაიზარდა და მისი შვილიც ფეხშია დაჭრილი.
გამოვთქვიო საყვედური, აქ რატომ გამოგყავს ძაღლიო, რატომ ასეირნებ სკვერში ძაღლსო, ჩემს შვილს უთქვია, რას ჰქვია, ძაღლია და სკვერში უნდა გამოვიყვანო, აბა, სად წავიყვანო, სახლში ხომ არ მოისაქმებსო და შესაბამისი ცელოფანით იღებს მოსაქმებულს და აგდებს სანაგვე ურნაში. ამას დაუწყია გინება, ჩხუბი და ფეხი მოუქნევია ძაღლისთვის, ბუნებრივია, ჩემმა შვილმა დაიცვა ჩვენი ოჯახის ოთხფეხა წევრი. მერე რა მოხდა, როგორ მოხდა, ჩემი შვილი ფეხში ტყვიითაა დაჭრილი, ბუნებრივია, ორმხრივი სროლა იყო. კამერები ამოიღეს, იმ უცხოელს იარაღი ჰქონდა, მანქანაში ედო, მანქანით იყო მისული," - ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.
ნინო ჟვანიას ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთ-ერთი მშობელი. ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენჯერმე გაიგონეს გასროლის ხმა და ნახეს ორი დაჭრილი ადამიანი.
საგამოძიებო მოქმედებები საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა. გურამ ელიზბარაშვილი კი ჯერ გამოკითხვაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი დააკავეს. ის ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.