რეზონანსი
15.11.2023

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

როგორც დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა 15 დეკემბრისთვის, როცა კანდიდატის სტატუსზე ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, გარანტირებული იყოს პარტნიორების ხმები.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას მივულოცო ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც 8 ნოემბერს მიიღო ევროკომისიამ, რომელმაც ევროპულ საბჭოს მისცა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი წინ, რათა საქართველომ შეუქცევადად გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია. შესაბამისად, ეს არის დიდი მოვლენა ჩვენი ევროპული მომავლისთვის და მინდა, თითოეულ მოქალაქეს მივულოცო ისტორიული გადაწყვეტილება.

ეს არის დიდი ნაბიჯი წინ, თუმცა პროცესი არ არის დასრულებული. რეკომენდაციის შესაბამისად, უკვე 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და საქართველოს კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად გაფორმდეს. მინდა, ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ევროპული საბჭო შედგება თითოეული წევრი ქვეყნის ლიდერისგან, რომელიც თავისი ქვეყნის სახელით საუბრობს ამ ფორმატში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ქვყენის ხმა. თითოეული ქვეყნიდან არის ერთი კონკრეტული ხმა, მიუხედავად ქვეყნის მასშტაბისა, მოსახლეობის რაოდენობისა. შესაბამისად, ჩვენ მას შემდეგ, რაც კომისიამ მიიღო დადებითი დასკვნა, ერთი მხრივ, ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ დინამიკურ ურთიერთობებს ორმხრივ ფორმატში – საქართველო-ევროკავშირი, პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა გარანტირებულად გვქონდეს ძლიერად მობილიზებული პარტნიორების ხმა.

დარწმუნებული ვართ, ევროპული საბჭო მიიღებს ერთადერთ, გეოპოლიტიკურად გამართლებულ და ასევე დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისცემს მწვანე შუქს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის ფორმატში, რომლითაც გადავალთ ევროინტეგრაციის საბოლოო ფაზაში, რომელიც კიდევ უფრო კომპლექსური, რთულია, თუმცა ჩვენი ყოველდღიურობა, გაცხადებული მიზანია, რომ ქვეყანა ვაქციოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×