
რა სასჯელი უნდა დაეკისროს დეპუტატს, რომელიც ქალებზე ძალადობას ახალისებს? - პარლამენტის რეგლამენტის გამკაცრებას ითხოვენ, რადგან თვლიან, რომ საკანონმდებლო ორგანოში ქალი პოლიტიკოსების ჩაგვრამ სისტემური ხასიათი მიიღო.
ინიციატივა ასეთია: დეპუტატმა, ვინც კოლეგას შეურაცხყოფას მიაყენებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მანდატი უნდა დათმოს.
საკითხი დღის წესრიგში ლევან მგალობლიშვილის, ირაკლი ბერაიას და ალუდა ღუდუშაურის ქმედებებმა დააყენა. "ქართული ოცნების" წევრებმა ოპოზიციონერებს აგინეს , ერთ-ერთი კი ქალ დეპუტატს მიკროფონით ცემას უპირებდა.
ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნება" ქალ დეპუტატების მიმართ ბილწსიტყვაობას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს. "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის თქმით, მმართველი პარტიის წევრების მსგავსი ქმედება შესაძლოა, მომავალში ქალთა მიმართ ძალადობის საფუძველი გახდეს.
„ოცნება“ ამას უყურებს როგორ პოლიტიკური ბრძოლის იარაღს და საერთოდ არ აინტერესებს ამის გავლენა უფრო ფართო საზოგადოებაზე, მათ შორის, მოქალაქეებზე, რიგით საჯარო მოხელეებზე, რომლებსაც უჩნდებათ განცდა, რომ გენდერული ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება „მოსულა. უკაცრავად, ჟარგონისთვის. შესაბამისად, ეს ბევრად უფრო მძაფრ პრობლემებს აღვივებს შემდეგ და რიგ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ქალთა მიმართ ძალადობის საფუძველი, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.