გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან - ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე - ლიპყინული.
„ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
მიმდინარე კვირის პროგნოზს აკეთებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძეც:
"იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ამინდის ფრონტზე დიდი ატმოსფერული მოძრაობის გამო სიურპრიზებია მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში, შეიძლება გაიხსნას ერთგვარი “მაგისტრალი”, რომელიც ჩრდილოეთის ქვეყნებიდან სიცივეს და ნალექს მოიტანს.
ორშაბათიდან (22 იანვარი) საქართველოში მოსალოდნელია ზამთრისთვის დამახასიათებელი ცივი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთში ძირითადად იწვიმებს, აღმოსავლეთში კი მოთოვს, მომდევნო კვირაში ზოგადად დაბალი ტემპერატურაა ყველგან მოსალოდნელი, გადაბმულად ნალექი არ იქნება და ცალკეულ დღეებში გამოიდარებს, მაგრამ არ დათბება.
კონკრეტული დღეების პროგნოზს მომდევნო განახლებებში მოგაწვდით, მანამ კი უბრალოდ გაითვალისწინეთ, წინ გველოდება ცივი დღეები", – წერს კობა ფარტენაძე.