რეზონანსი
22.01.2024

CPT-ის დელეგაციის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს კლინიკა „ვივამედის" ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან ღია თანამშრომლობის თაობაზე, დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ დელეგაციის წევრებს მსჯავრდადებულთან კონტაქტისა და მათთან პირადი საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ დაუბრკოლებლად, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის" (CPT) დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

რატი ბრეგაძემ CPT-ის დასკვნაში მოყვანილ სხვა გარემოებებზეც გაამახვილა ყურადღება.

„პირველ რიგში, საუბარი იყო, თითქოსდა ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე ეძღვნებოდა მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს, რაც არ არის სწორი. გამოვეხმაურები CPT-ის დელეგაციის ვიზიტს და მოგაწვდით ინფორმაციას, რადგან საკმაოდ ცალმხრივად არის გაშუქებული. ჩვენ ვაკვირდებოდით, როგორ შუქდებოდა საკითხი მედიაში. მაგალითად, CPT-ის დელეგაციის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს კლინიკა „ვივამედის" ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების მხრიდან არსებული ღია თანამშრომლობის თაობაზე, ასევე, დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ დელეგაციის წევრებს მსჯავრდადებულთან კონტაქტისა და მათთან პირადი საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ დაუბრკოლებლად. ასევე, აღინიშნა, რომ კლინიკაში სუფევს მშვიდი ატმოსფერო, სამედიცინო პერსონალსა და მსჯავრდადებულ/ბრალდებულ პაციენტებს შორის არის პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება. დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ მსჯავრდადებულ და ბრალდებულ პაციენტთა მიმართ არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ასევე, მსჯავრდადებულ, ბრალდებულ პაციენტთა შორის ძალადობის არცერთი ფაქტი დაფიქსირებულა. აღინიშნა, რომ კლინიკაში არსებული განთავსების პირობები მსჯავრდადებულთა და ბრალდებულთათვის არის ადეკვატური. ასევე, პალატების ზომებზე იყო ყურადღება გამახვილებული და ნათქვამი იყო, რომ ისინი არის სტანდარტებთან შესაბამისობაში, აგრეთვე, პალატებში არის სისუფთავე. ასევე, კარგად მუშაობს ვენტილაცია და მოწესრიგებულია სველი წერტილები, პაციენტებს უსასყიდლოდ მიეწოდებათ ჰიგიენური საშუალებები, საკვები და ტანსაცმელი. აგრეთვე, საკმაოდ დადებითად იყო შეფასებული ბატონი ს-ის ოთახში არსებული ინვენტარისა და ავეჯის არსებობა. აღინიშნა, რომ პალატა კარგადაა აღჭურვილი, მათ შორის მაგიდით, სკამით, დივნით, ტელევიზორითა და მაცივრით. ერთგვარად ისიც კი აღინიშნა, რომ სხვა მსჯავრდადებულებს ასეთი პირობები არ ჰქონდა, რაც ასევე შემდგომში სასწრაფოდ იქნა გამოსწორებული ჩვენ მიერ. ხაზი გაუსვეს ასევე იმ გარემოებას, რომ კლინიკის სამედიცინო პერსონალი მრავალი სახის სამედიცინო მომსახურებას უწევს პაციენტს, ბრალდებულ/მსჯავრდადებულებს, მათ შორის კარდიოლოგიურ, ონკოლოგიურ და სხვა სახის სამედიცინო სერვისებს. იყო გარკვეული ტიპის რეკომენდაციები. მაგალითად, მედიაში საუბარი იყო დაბურულ შუშაზე. გეტყვით, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა 25-27 მარტს და 12 აპრილს უკვე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ეს პრობლემა იყო აღმოფხვრილი, ამასაც მიესალმებოდა, თუმცა მედიის გარკვეულ ნაწილში ამაზე საერთოდ არ გამახვილებულა ყურადღება. ასევე, იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ ამ ანგარიშთან ერთად გამოქვეყნდა ამ ანგარიშზე მთავრობის პასუხი. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი ტიპის ანგარიშის განხილვა ხდება კომპლექსურად, პასუხებთან მიმართებით, ხოლო პასუხებზე არცერთ ოპოზიციურად განწყობილ მედიას არ გაუმახვილებია ყურადღება.

აქვე, თქვენ შეეხეთ მსჯავრდადებულ სააკაშვილს და მასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, გეტყვით, რომ CPT-ის დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა 25-27 მარტს. სტრასბურგის სასამართლომ კი, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს მხარეების მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, 12 მაისს უარი უთხრა კლინიკიდან გაყვანაზე. ეს არის მოკლე პასუხი, რომელიც პასუხობს ყველა კითხვას, თითქოსდა არაადამიანურ მოპყრობაზე, დამთრგუნველ გარემოზე და ა.შ. მინდა, ყველამ კარგად დაიმახსოვროს ეს რიცხვები, 25-27 მარტს იყო CPT-ის ვიზიტი, ხოლო სტრასბურგის სასამართლომ 12 მაისს უარი უთხრა მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ გაყვანაზე, შესაბამისად, ქართული კლინიკის დატოვებაზე. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიღებული იყო მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და მტკიცებულების საფუძველზე. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პასუხობს ყველა კითხვას", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა, რატომ არის განთავსებული მიხეილ სააკაშვილის ოთახში ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებები.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაზეც დასკვნაშია საუბარი, იყო ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებები, თუ რატომ უყურებს ლოგინს. ამაზეც, რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკურია პასუხი. იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ გვქონდა ამის შესახებ საუბარი CPT-ის წარმომადგენლებთანაც და ავუხსენით საკმაოდ დეტალურად, რატომ არის განთავსებული მის ოთახში ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებები. სხვათა შორის, აქვე უნდა ვთქვათ მოსახლეობისთვის, რომ ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებების ოფიციალურად გამოყენება, რომლის შესახებაც ინფორმირებულია მსჯავრდადებული, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და აქ არ არსებობს არცერთი პრობლემა. ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი და სამართლის ყველა ნორმასთან შესაბამისობაში მყოფი ღონისძიება. რას ემსახურება ეს ღონისძიებები - ემსახურება მსჯავრდადებულის უსაფრთხოებას და ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ქრონიკული საუბარი იმის შესახებ, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილი, იგივე ბატონი ს, რომელიც მოხსენიებულია ამ დასკვნაში, იყო მოწამლული.

შემდგომში ყველანაირი ანალიზით გაირკვა, რომ ის არ იყო მოწამლული და ეს ყველაფერი იყო სრული სპეკულაცია. მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი გაირკვა, დაიწყო საუბარი, თითქოსდა მას უპირებდნენ მოწამვლას და სასწრაფოდ მისაღები იყო ყველა სახის ღონისძიება. ჩვენ ეს ღონისძიებები გავატარეთ მაშინაც, დღესაც მასთანაც მნახველები შედიან შესაბამისი ეკიპირებით. აქვე, მოსახლეობას უნდა შევახსენოთ, რომ ის უარს აცხადებს იმ საჭმელზე, რომელსაც თავად სთავაზობს მას საავადმყოფო, ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახური. მისთვის ყოველ დღე საკვები მიაქვს მის მიერ არჩეულ პირებს, კერძოდ, ოჯახის წევრებს. ასევე, ყველას კარგად გემახსოვრებათ ის ცნობილი კადრები, მაგალითად, საწოლიდან გადმოვარდნის მცდელობა, რომელიც ჩვენ არ გაგვივრცელებია, გაავრცელა ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ტელევიზიამ, შესაბამისი მითითებით. აქ მიჩნდება მარტივი კითხვა, მართლა რომ გადმოვარდნილიყო საწოლიდან, რამე დაეშავებინა და ამის ამსახველი ვიდეოკადრები არ ყოფილიყო, მაშინ ვინ გასცემდა პასუხს და ვის დაჰბრალდებოდა ეს? რა თქმა უნდა, დაჰბრალდებოდა სახელმწიფოს, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა სულ საუბარია, თითქოსდა მას აწამებენ, წამლავენ, არაადამიანურად ეპყრობიან და ა.შ. ასევე, იქ რომ არ ყოფილიყო ვიდეოკამერები ჩვენ და, პირველ რიგში, საზოგადოება ვერაფერს შეიტყობდა ე.წ. წინდების სკანდალის შესახებ. შევახსენებ საზოგადოებას, როგორ ცდილობდნენ სააკაშვილის მიერ ჩამოყვანილი ექიმები წინდების საშუალებით მისგან აღებული ნიმუშების გატანას. ეს ყველაფერი ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას, რათა, პირველ რიგში, დაცული იყოს ისევ და ისევ მისი უსაფრთხოება და საზოგადოება სრულად იყოს საქმის კურსში, რომ საქართველოში არავის აწამებენ, პირიქით, იცავენ პატიმრის უფლებებს. აქვე, გეტყვით, რომ მათ თავადაც არასდროს ჰქონიათ პრობლემა ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებთან დაკავშირებით. პირიქით, მთელ რიგ შემთხვევებში მისი უფლებადამცველები იყენებდნენ ამ ჩანაწერებს, რამდენჯერმე გამოითხოვეს კიდეც და მათ აქვთ სრული ჩანაწერი მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში" ყოფნისა. აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა, რაიმე რომ დაემართოს, მაგალითად, წაიქცეს და ა.შ. მაშინ ვის დაჰბრალდება ეს ყველაფერი, მას თუ სახელმწიფოს? ადამიანთა ჯგუფისგან, რომელიც ფულს იხდის, რომ საქართველო დასანქცირდეს და ამის მტკიცებულებებიც არსებობს, ყველაფერი დაჰბრალდება სახელმწიფოს. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, სახელმწიფოს ვინმემ დასწამოს ცილი და ასევე შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი ძვირფასი მოსახლეობა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, მათ შორის იმ მილიონდოლარიანი კამპანიის შესახებ, რომელსაც როგორც უშუალოდ მსჯავრდადებული სააკაშვილი, ასევე მისი მხარდამჭერთა მცირე ჯგუფი აწარმოებდა საქართველოს წინააღმდეგ. შესაბამისად, ვიდეოკამერაც ემსახურება ერთადერთ მიზანს, მისივე უსაფრთხოების დაცვას", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

„წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა" კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება 18 იანვარს გამოაქვეყნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×